მოგესალმებით,
მცხეთის სამედიცინო ცენტრი ბოლო თვეებში გახსნილ საავადმყოფოებს შორის, ყველაზე დიდი და ლამაზია.
აქეთკენ მომავალ გზაზე ერთი ტრაგიკული ისტორია გამახსენდა: ათიოდე წლის წინათ, ამ ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ჩემი მეგობარს ავტოავარია შეემთხვა. ადამიანი სისხლისგან იცლებოდა, მაგრამ ე.წ „გაიშნიკმა“ მანქანაში არ ჩასვა - დამესვრებაო. დიდი გაჭირვებით სხვა მანქანა გააჩერეს და მცხეთის საავადმყოფოში გადმოიყვანეს, სადაც არანაირი პირობა არ იყო. აი, ასეთი პოლიცია გვყავდა და ჯანდაცვის ასეთი სისტემა გვქონდა.
ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს დიდი ცვლილებაა.
ხშირად ამბობენ, რომ პროგრესი მაინც უნდა მომხდარიყო.
პოსტ-საბჭოთა სივრცეზე დამისახელეთ ერთი ქვეყანა მაინც, ჩვენზე ბევრად უფრო მდიდარი, ნავთობითა და გაზით, ან ევროკავშირის წევრი აღმოსავლეთ ევროპის ერთი ქვეყანა მაინც, სადაც დროის ამ მონაკვეთში ჯანდაცვის სისტემაში ასეთი სერიოზული გაუმჯობესება მოხდა.
ასეთი სახელმწიფო მხოლოდ ერთია და მას საქართველო ჰქვია.
როგორც პოლიტიკოსებისგან, ისე რიგითი მოქალაქეებისგან ხშირად მომისმენია: საავადმყოფოები კი აშენდა, მაგრამ ვისთვის არის ეს საავადმყოფოები ხელმისაწვდომი?
ჩემო ძვირფასებო, მერწმუნეთ, ეს საავადმყოფოები არის თქვენთვის - უცხოელები აქ სამკურნალოდ არ ჩამოვლენ.
სტატისტიკურად, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე დაზღვეულია. იაფი დაზღვევის სქემა კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს. სადაზღვევო კომპანიებმა და ჩვენ ყველამ ერთად, იმგვარად უნდა ვისწავლოთ მუშაობა, რომ ეს საავადმყოფო თითოეული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იყოს.
ყველა ადგილზე პირადად მივდივარ, ადამიანებს ვესაუბრები და პირადად ვიგებ მათი პრობლემების შესახებ. აი, მაგალითად, გავიგე, რომ ჩემი ბოლო სტუმრობის შემდეგ, მუხრანის მე-2 სკოლა არ გაკეთებულა. ამ შეხვედრებზე სწორედ იმიტომ დავდივარ, რომ მსგავს საკითხებს გავეცნო და ინფორმაცია ხალხისგან მივიღო.
ჩვენ გვაქვს სკოლების აღდგენის ძალიან დიდი პროგრამა და ეს სკოლები, რეალურად, კეთდება.
ზოგიერთს დღევანდელი განვითარება არ მოსწონს - ზოგი სახლების შეღებილი ფასადებს გვიწუნებს, ზოგი ამა თუ იმ ისტორიული ძეგლისა თუ ადგილის აღდდგენის მიმდინარეობის მეთოდს. არიან ისეთებიც, რომლებსაც საზეიმო ღონისძიებები არ მოსწონს. ვთქვათ, ის კონცერტები, რომლებიც იმართება, ან ის შემსრულებლები, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან.
მინდა შეკითხვა დავსვა: იმ პერიოდში, როდესაც პრეზიდენტი გავხდი, ჩამოდიოდა საქართველოში ასი ათასზე მეტი ტურისტი? შარშანწინ 2 მილიონამდე ჩამოვიდა, შარშან კი - თითქმის, 3 მილიონი.
ჩვენი ბუნება გაუმჯობესდა? თუ კლიმატი შეიცვალა უკეთესობისკენ? ბუნება ისეთივეა, როგორიც უწინ იყო.
რატომ მოხდა ყოველივე ეს? იმიტომ, ყველაფერი აღვადგინეთ, გავალამაზეთ, სადღესასწაულო დღეებში ვმართავთ თუნდაც ამ ღონისძიებებს, თანაც არა მარტო რომელიმე ერთ კონკრეტულ ადგილზე, როგორც ეს ადრე ხდებოდა, არამედ ყველგან.
სწორედ ეს არის თანასწორობის იდეის ხორცშესხმა, ეს არის პროგრესი.
მე არ ვიცი, მაგრამ იქნებ, თქვენ დამისახელოთ ისეთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტურიზმი ისე სწრაფად ვითარდება, როგორც საქართველოში.
ახლა მიმდინარეობს მცხეთის აღდგენის პროცესი, თუმცა ბევრად მეტი თავიდან შენდება. ასევე მოხდა სიღნაღში - ქალაქი პრაქტიკულად თავიდან ავაშენეთ. ბევრია აღსადგენი მესტიაში, მაგრამ იქაც უამრავი რამ შენდება ახალი.
ჩვენს ქვეყანაში აღსადგენი ბევრი არაფერია. ჩვენს ქვეყანას თავიდან ვაშენებთ. ყველაფერი, დასანგრევი, გასაჩანაგებელი და მოსაპარი უკვე მოპარული, დანგრეული და გაჩანაგებული იყო.
იგივე ხდებოდა ჯანდაცვის სისტემაში - ეს დარგი, პრაქტიკულად, განადგურებული იყო. ახლა ნულიდან და უფრო კარგად იქმნება ყველაფერი.
როგორც ძველი ქართული სიბრძნე ამბობს: „ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო“.
მოდით, მათ ილაპარაკონ, ჩვენ კი საქმე გავაკეთოთ.