Google+

სიახლეები

10.01.2012
მიხეილ სააკაშვილმა მცხეთაში ახალი უბნის განაშენიანების  პროექტი და ახალი სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა 

საქართველოს პრეზიდენტი დღეს მცხეთის ახალი ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტს გაეცნო და არქიტექტორებს გაესაუბრა. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ახალი უბნის მოწყობა, რომლის განაშენიანებაც უკვე დაწყებულია. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ყველაფერი, რაც მცხეთაში აშენდება, გამორჩეული და მაღალი კლასის უნდა იყოს, რათა თითოეული ნაგებობა მსოფლიო არქიტექტურის ნიმუშებს შორის ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე იყოს.

ახალ უბანში თავმოყრილი იქნება შსს-ს მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველო, სამხარეო ადმინისტრაციისა და საქპატენტის  შენობები, მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმი, იუსტიციის სახლი და სასტუმროები. ასევე შენდება ხიდი, რომელიც მცხეთას მთავარ მაგისტრალთან დააკავშირებს.

პროექტის თანახმად, კეთილმოეწყობა დასასვენებელი სკვერიც, სადაც მცირე ზომის, შუშის, გამჭვირვალე სახელოსნოებიც განთავსდება. შედეგად, ტურისტებს ქართული ხელნაკეთი ნივთებისა და სუვენირების შეძენასთან ერთად, შეეძლებათ მათი დამზადების პროცესსაც დააკვირდნენ.

სამშენებლო სამუშაოები გასული წლის შემოდგომით დაიწყო და, სავარაუდოდ, 2012 წლის ოქტომბერში დასრულდება.  

საქართველოს პრეზიდენტმა მცხეთაში ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში ახალი სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა და დეტალურად გაეცნო იმ მომსახურეობის სერვისებს, რომელსაც საავადმყოფო მომხმარებელს სთავაზობს. ქვეყნის პირველი პირი კლინიკის პერსონალს გაესაუბრა და პირველი პაციენტებიც მოინახულა. მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობასაც მიმართა და იაფი დაზღვევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრეზიდენის განცხადებით, საქართველომ, ჯანდაცვის სისტემის განვითარების თვალსაზრისით, უმოკლეს ვადაში უდიდეს წარმატებას მიაღწია. მისი განმარტებით, თანამედროვე სამედიცინო მომსახურება ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

მიხეილ სააკაშვილმა ტურისტული სექტორის განვითარების თაობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს სფერო მსოფლიოში არსად არ ვითარდება ისე სწრაფად, როგორც საქართველოში. პრეზიდენტის განცხადებით, ტურისტული ცენტრები და საზეიმო  ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეწყობა, რაც საქართველოს რეგიონების თანასწორობის იდეის განხორციელებას უწყობს ხელს.

სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ მიერ აშენებული კლინიკა 25-საწოლიანია და იქ 100 მაღალკვალიფიციური სპეციალისტია დასაქმებული. ახალ სამედიცინო ცენტრში  ადგილობრივები ამბულატორიულ, სტაციონარულ, თერაპიულ და სხვა სახის მომსახურეობას მიიღებენ. სადაზღვევო კომპანიამ კლინიკის მშენებლობაში 4 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)