Google+

სიახლეები

19.12.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოხატა

საქართველოს პრეზიდენტმა ჩეხეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი სახით საქართველომ დიდი მეგობარი დაკარგა. ქვეყნის პირველმა პირმა იმ დიდ წვლილზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ვაცლავ ჰაველს საქართველოს წინაშე მიუძღვის. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის რთულ პერიოდში ვაცლავ ჰაველმა ჩვენი ქვეყნის მიმართ დიდი მხარდაჭერა გამოხატა, რასაც ქართველი ერი არასდროს არ  დაივიწყებს.

„ვაცლავ ჰაველი არა მხოლოდ მე-20 საუკუნის, არამედ ჩვენი დროის ძალიან დიდი, ალბათ, ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური ლიდერი იყო. იგი იყო ადამიანი, რომელმაც  ანტიკომუნისტური რევოლუციების მთელი ტალღა და ის მუხტი წარმოშვა, რომელმაც ევროპა მოიცვა. ვაცლავ ჰაველი საქართველოსთვის წარმოუდგენლად დიდი მეგობარი იყო. რუსეთის აგრესიის დროს ევროპაში გამოჩნდნენ ელემენტები, რომლებიც  ცდილობდნენ აგრესორის მოქმედების გამართლებას და საქართველოს დადანაშაულებას (ასეთები, მართალია, სრულ უმცირესობაში, მაგრამ მაინც იყვნენ). ვაცლავ ჰაველმა მაშინ საქართველოს სასარგებლოდ ძალიან მკვეთრი განცხადება გააკეთა და უდიდესი როლიც შეასრულა. იგი იყო არა მხოლოდ ძალიან დიდი ინტელექტუალი, არამედ საკუთარი ქვეყნისა და, მე ვიტყოდი, ევროპის უდიდესი ლიდერი. ჩვენ არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რაც ვაცლავ ჰაველმა საქართველოსთვის ურთულეს დროს გააკეთა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)