Google+

სიახლეები

19.12.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ქობულეთის მახლობლად სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა ქობულეთის მახლობლად უკრაინული კერძო ინვესტიციით აშენებული ახალი სასათბურე მეურნეობა მოინახულა, რომელიც პირველ მოსავალს იანვარში მიიღებს. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ადგილობრივი წარმოების განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილა. მისი თქმით, ადგილობრივი პროდუქციის წარმოება ხელს შეუწყობს ფასების შემცირებას, რაც მეტად მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობისთვის, ისე ტურიზმის განვითარებისთვის.  

 „ამ სათბურის მშენებლობის დაწყება 5 თვის წინათ გადაწყდა და უკვე აშენებულია. ასეთი სწრაფი ტემპით საქართველოში ბევრი რამ კეთდება. როდესაც ვამბობთ, რომ ქობულეთში ფასები უნდა შემცირდეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობას იაფი პროდუქტი უნდა მივაწოდოთ. ჩვენს ქვეყანაში პროდუქცია, უმეტესწილად, თურქეთიდან შემოდის. ქობულეთში ტურიზმის გარდა, აუცილებელია, ადგილობრივი მოსახლეობა მთელი წლის განმავლობაში იყოს დასაქმებული. ამის საწინდარი კი სწორედ ასეთი საწარმოების შექმნაა - სათბურების, ტექსტილის ფაბრიკების და სხვ. უკვე გადაწყდა, რომ ბათუმში „ადიდასის“ ფაბრიკა გვექნება. ამჟამად „ნაიკის“ შემოყვანაზე ვმუშაობთ. ერთი სამკერვალო უკვე გვაქვს, ასევე ამუშავდება წვენის ქარხნები და ა.შ. ამას გარდა, გაკეთდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მალე ქობულეთს ახალი სტადიონიც დაემატება. კიდევ ორი წელიწადია საჭირო, რომ მთელი ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს. დასაქმება აქ მხოლოდ სეზონური არ უნდა იყოს. ყოველივე ეს ადგილობრივებს   საშუალებას მისცემს მთელი წლის განმავლობაში იყოს დასაქმებული. ამ პროცესში ქობულეთის გარშემო მდებარე სოფლების მოსახლეობაც უნდა ჩაერთოს. ადრე ამ სოფლებში ჩაის მეურნეობა იყო განვითარებული, მაგრამ ახლა ყველაფერი მიტოვებულია. ამ ხალხს უნდა მივცეთ მუშაობის შესაძლებლობა. პირადად მე, მხოლოდ ქართულ ჩაის ვსვამ -  „ელიტს“,  „ბათუმის“, „გურიელის“ ჩაის. ქართულ ჩაის ბევრად უკეთესი ხარისხი აქვს. ჩვენთან ჩაის თავად კრეფენ, ზოგი საკუთარი ხელითაც აკეთებს ჩაის პაკეტებს, შესაბამისად, ხელით გაკეთებულ, უმაღლესი ხარისხის ჩაის ინდუსტრიული მეთოდით, მანქანებით მოკრეფილი ჩაი ვერ შეედრება. იმისათვის, რომ ვითარება გამოსწორდეს, სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას - აქ სათბურებს და ტექსტილის წარმოებას განვავითარებთ, ლაითურში დიდი მშენებლობის დაწყებას ვგეგმავთ. შესაბამისად, ამ უიმედო, ძველი მეურნეობების დასახლებებეში სამუშო ადგილები გაჩნდება, რაც ძალზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პომიდვრის სათბური დაახლოებით ერთ ჰექტარზეა გაშენებული, რომელიც მაღალტექნოლოგიური ტექნიკის გამოყენებით იმართება. ადგილზე დამონტაჟებულია თანამედროვე გათბობის სისტემაც. სათბურში მოყვანილი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი. უკრაინელმა ბიზნესმენმა ამ საქმეში მილიონ 100 ათასი ლარის ინვესტიცია ჩადო. სასათბურე მეურნეობაში რამდენიმე ათეული ადგილობრივია დასაქმებული.   



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)