საქართველოს პრეზიდენტმა რაგბისა და კალათბურთის ფედერაციებისა და ნაკრებების ხელმძღვანელები დააჯილდოვა
საქართველოში სპორტის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატებისათვის, მიხეილ სააკაშვილმა რაგბის და კალათბურთის ნაკრებების მწვრთნელები, საქართველოს კალათბურთისა და რაგბის ეროვნული ფედერაციების პრეზიდენტები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. საქართველოს პრეზიდენტმა სპორტის ამ სახეობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მათ მადლობა გადაუხადა, შემდგომი წინსვლა უსურვა და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა აღუთქვა. როგორც მან აღნიშნა, საქართველომ დამარცხებულის მენტალიტეტი გადალახა, რომელიც, ფაქტობრივად, გამჯდარი ჰქონდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სპორტის განვითარება ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიო არენაზე საქართველო ამ მხრივაც გამორჩეული უნდა იყოს.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ. წელს თქვენი მრავალწლიანი მუშაობის პირველი, ძალიან სერიოზული შედეგი გამოჩნდა – საქართველო სპორტის ორივე სახეობაში, რაგბშიც და კალათბურთშიც ბევრად უფრო წინ წავიდა. ეს იმ საერთო პროცესის ნაწილია, რომელიც საქართველოში განვითარების თვალსაზრისით მიმდინარეობს: ჩვენი ქვეყანა მეორეხარისხოვანი ქვეყნიდან, პირველხარისხოვან ქვეყნად უნდა გადაიქცეს. სპორტს ამაში გადამწყვეტი როლი ენიჭება. თავად ვნახე რამხელა რეაქცია მოჰყვა ჩვენი ნაკრების თამაშს ლიტვაში. ევროპის ჩემპიონატზე თქვენი გასვლა საერთო სახალხო ზეიმად იქცა. ლონდონში ყოფნისას, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აღტაცებული მელაპარაკებოდა საქართველოს ნაკრების თამაშზე, მათ შორის, ინგლისის გუნდთან. წელს ახალ ზელანდიაში ყოფნა არ იყო მხოლოდ რაგბში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს უკვე აღარ იყო უთანასწორო გუნდების თამაში და აღარ ვიყავით უბრალოდ სპარინგპარტნიორი. ამას გარდა, ახალ ზელანდიაში, რომელიც რაგბის სამყაროს ცალკე რეგიონად ითვლება, ეს თამაში საქართველოს მთავარი სავიზიტო ბარათი იყო. ეს არის კიდევ ერთი პლასტი, რომელიც ჩვენთვის პოლიტიკური თვალსაზრისითაც ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენი ბიჭები ტოლს არავის არ უდებდნენ და დამარცხებულის მენტალიტეტი, რომელიც ჩვენში მყარად იყო გამჯდარი, სპორტის ამ სახეობებში უკვე ნამდვილად გადავლახეთ. ამიტომ მსურს ორივე გუნდის მთავარ მწვრთნელებს იგორ კოკოშკოვს და ჯეიმს რიჩარდ დიქსონს დიდი მადლობა ვუთხრა. ასევე, ფედერაციების თავმჯდომარეებს და თითოეულ თქვენგანს, ვინც იქ იბრძოდა და ვინც საქართველოს სახელი კარგად წარმოაჩინა. ჩვენ ვამაყობთ თქვენით და მიგვაჩნია, რომ ამ ამოცანას, მართლაც, ბრწყინვალეთ გაართვით თავი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ჯეიმს რიჩარდ დიქსონთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ რაგბის პოპულარიზაციისა და განვითარების მიზნით, სახელმწიფო ახალი პროგრამების განხორციელებას გეგმავს.
„მომავალში რაგბის პროგრამის გაუმჯობესებას და გაფართოებას ვგეგმავთ. დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას, დევიდ კამერონს ვუყვებოდი, რომ საქართველოს გუნდმა ყველაფერი ერთი მოედნით დაიწყო, რამაც პრემიერ-მინისტრი ძალიან გააოცა. დიდი ხნის განმავლობაში, სადაც არ უნდა წავსულიყავი, ხალხი მხოლოდ ფეხბურთსა და კალათბურთზე მესაუბრებოდა. ახლა კი რაგბის პოპულარულობამ ხალხის დაინტერესება გამოიწვია და საყოველთაოდ ეროვნული სპორტის სახეობა გახდა. თუ ჩვენ უფრო მეტი მოედანი გვექნება, თქვენც შეძლებთ სასწაული მოახდინოთ და უკეთეს შედეგებს მიაღწიოთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
იგორ კოკოშკოვმა და რიჩარდ დიქსონმა ქვეყნის პირველ პირს, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადეს ჯილდოსთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც სახელმწიფო ამ მიმართულებით იჩენს. კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს ეროვნული ნაკრების და ამერიკული გუნდის Pho enix Suns-ის მაისური უსახსოვრა.
დაჯილდოებულთა სია