Google+

სიახლეები

16.12.2011
საქართველოს პრეზიდენტი გურიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

უპირველეს ყოვლისა, მსურს ყველას მოგილოცოთ ის, რომ გურიაში ყველაზე თანამედროვე რეგიონული საავადმყოფო გაიხსნა მათ შორის, რაც აქამდე მინახავს.

ერთი მხრივ, გურია დაიჩაგრა, რადგან სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, აქ რეგიონული საავადმყოფო არ იყო, მაგრამ, მეორე მხრივ, ახლა საუკეთესო კლინიკა სწორედ აქ გაიხსნა.  

თქვენ იცით, რომ აღმოსავლეთ საქართველოში წელს კახეთის აღმშენებლობაზე ვამახვილებთ ყურადღებას, ხოლო დასავლეთ საქართველოში ეს იქნება გურიის რეგიონი. ეს გადაწყვეტილება რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად დიდი ხნის წინათ მივიღეთ.

ასევე იცით, რომ ქვეყანაში ვქმნით საპარტნიორო ფონდს, რომელშიც თავმოყრილი იქნება  რეგიონალური ინვესტიციები.

ჩვენ შევქმნით გურიის აღორძინების საპრეზიდენტო ფონდს, რომლის ხელმძღვანელობასაც რამაზი შეითავსებს. რა თქმა უნდა, ამით პირადად დავკავდები.

ჩვენ რამდენიმე საკითხი უნდა მოვაგვაროთ.

პირველი, ეს არის ინფრასტრუქტურის ბოლომდე მოწესრიგება, ანუ ყველგან უნდა დაიგოს კარგი გზები, ყველგან უნდა იყოს მიყვანილი ბუნებრივი გაზი, ყველგან უნდა დასრულდეს გამრიცხველიანება, ასევე უნდა მოწესრიგდეს წყალგაყვანილობა - სადაც დაწყებულია, დასრულდეს და სადაც არ არის, დაიწყოს ამაზე მუშაობა.

მეორე, ეს არის ტურიზმი - კურორტების, მათ შორის, ურეკის სანაპირო ზოლის მოწესრიგება.

ურეკში ვიწყებთ ძალიან დიდ პროგრამას, რომელიც წყალსადენისა  და საკანალიზაციო ისეთი სისტემების გაკეთებას ითვალისწინებს, როგორც არც საბჭოთა დროს ყოფილა და არც მას შემდეგ. ვაკეთებთ ისეთივე თანამედროვე სისტემას, როგორიც გაკეთდა ბათუმში.ამას უნდა დაემატოს ის, რომ მსგავსი პროექტები ბახმაროშიც განხორციელდეს.

ბახმაროში უკვე რამდენჯერმე ვიყავით და ის ადგილები დავათვალიერეთ, სადაც სამუშაოები უნდა დაიწყოს.

როგორც კი თოვლი დნობას დაიწყებს, სამუშაოები ფართო მაშტაბით გაიშლება.

პირველი ეტაპი ზაფხულამდე უნდა მოესწროს, მომდევნო წელს კი უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ სათხილამურო კურორტი გაგკეთდეს. ეს უკვე ცალკე ინვესტიციებია.

უკვე დავაყენეთ ქარის სპეციალური მაჩვენებელი, რათა ტრასის სწორად დასაპროექტებლად, ქარის მიმართულება ვიცოდეთ.

მესამე და ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია ხალხის გადამზადება, რაც პირდაპირ კავშირშია დასაქმებასთან.

განათლების სამინისტროსთან ერთად, ჩვენ გვსურს ოზურგეთში მოვაწყოთ რეგიონალური ცენტრი, სადაც ყველა ასაკის ადამიანებს შეეძლებათ გადამზადება შრომის თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს მოერგონ.

ერთი მხრივ, დღეს უმუშევრობის მაღალი დონე გვაქვს, მაგრამ, მეორე მხრივ, პროექტები ხორციელდება ფოთში, ბათუმში, ანაკლიაში... გაზაფხულზე იწყება ლაზიკას მშენებლობა. გარკვეულწილად, მალე კვალიფიციური ხალხის სერიოზული დეფიციტი შეგვექმნება, მათ შორის, დასავლეთ საქართველოში.

როდესაც კვალიფიკაციას ვახსენებ, არ ვგულისხმობ უმაღლესი მათემატიკის ცოდნას - ხალხს ისეთი რამ უნდა ვასწავლოთ, რომ თანამედროვე მოთხოვნილებებს მოერგონ.

უპირველესად, ეს სჭირდება ეკონომიკას და, რა თქმა უნდა, იმას, რომ შეინახონ საკუთარი ოჯახები.

ეს პრობლემა 90-იან წლებიდან მოდის, როდესაც განათლების სისტემა მოშლილი იყო და თუ მანამდე მუშაობდა ვინმე, იმის გამო, რომ მრავალი წლის განმავლობაში აღარ უმუშავია, ყველაფერი დაავიწყდებოდა.  

ამიტომ, ხალხის გადამზადება და მათი მორგება შრომის თანამედროვე ბაზრის, თანამედროვე მშენებლობის, თანამედროვე განვითარების, ინფრასტრუქტურულ და სხვა მოთხოვნებზე, ე.ი. განათლების სისტემის ჩამოყალიბება და ოზურგეთში ამ ცენტრის შექმნა, ყველაზე მთავარი რამ იქნება.

ყოველივე ამასთან ერთად, შემდეგი ეტაპი სოციალური დაცვის სისტემის დახვეწაა.

მართალია, ახალი საავადმყოფო აშენდა, მაგრამ იქ მისვლა და მკურნალობა უნდა შეეძლოს ყველას, უპირველესად კი, მას, ვისაც ყველაზე ძალიან უჭირს.

სოციალური დაცვის შესაბამისმა ორგანოებმა ზუსტად უნდა აღრიცხოს ის მოსახლეობა, ვისაც დახმარება სჭირდება. განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც საკამათო ხდება ამა თუ იმ ოჯახისთვის ამ სტატუსის მინიჭება ზღვართან სიახლოვის გამო, საკითხი ყოველთვის სოციალურად დაუცველის სასრგებლოდ უნდა გადაწყდეს და არა პირიქით. ამაზე ყველას ერთად დაგვჭირდება სერიოზული მუშაობა.

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, 2012 წელს გურიის წელიწადი იწყება და რეგიონს ეს უკვე 6-7 თვეში უნდა მნიშვნელოვნად დაეტყოს.

ამ მხრივ, თითოეულ თქვენგანს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გეკისრებათ, რადგან ხალხს ძალიან დიდი იმედი აქვს.

მოსახლეობა ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი, მაგრამ, ასევე, დიდი მოლოდინი აქვს.

მთავარია, ახლა მას იმედი არ გავუცრუოთ.

ყველამ კარგად ვიცით, რომ 100 პროცენტით ვერაფერს გადავწყვეტთ, მაგრამ ჩვენი ხალხი ძალიან ჭკვიანია და ისეთს არაფერს არ ითხოვს, რისი გაკეთებაც შეუძლებელია.

უბრალოდ, ის, რასაც ითხოვს, სამართლიანად ითხოვს და ამიტომ, ჩვენც უნდა შევძლოთ და ყველაფერი გავაკეთოთ.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)