Google+

სიახლეები

15.12.2011
საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა საერთაშორისო ფორუმზე, სახელწოდებით „ევროპის განვითარების დღეები“

ბატონო პრეზიდენტებო,

ქალბატონებო და ბატონებო,

ვარშავაში სტუმრობა ჩემთვის ყოველთვის ამაღელვებელია, არა მხოლოდ  იმიტომ, რომ საოცარი სიმპათიით ვარ განწყობილი პოლონელი ხალხისა და ლიდერების მიმართ, არამედ იმიტომ, რომ აქ ყოფნა ჩემთვის ყოველ ჯერზე ენერგიისა და შთაგონების წყარო ხდება.   

როდესაც ვარშავის ქუჩებში სეირნობ, რთული წარმოსადგენია ის, რომ 15-20 წლის წინათ ეს ქვეყანა სასოწარკვეთილი, უიმედო და გაყოფილი იყო.

დღეს პოლონეთი ევროკავშირის მნიშვნელოვანი წევრია. ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში კი, ქვეყანა ევროპის მოწინავე სახელმწიფოდ და რეგიონის უდავო ლიდერად იქცა.    

პოლონეთი შედარებით ახალი წევრი-სახელმწიფოა, რომელმაც დიდ წარმატებებს მიაღწია და ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლებითა და პოპულარული ეკონომიკური პოლიტიკით გამოირჩევა.

ქვეყანას ესმის გამოწვევებიც და თანამედროებაც, ამავდროულად, ის ღიაა ახალი იდეებისთვის, როგორც დასავლეთიდან, ისე აღმოსავლეთიდან.

ვფიქრობ, მისი გამოცდილება ჩვენთვის კარგი მაგალითია, რადგან თუ ეს პოლონეთმა შეძლო, ამის მიღწევა საქართველოსაც შეუძლია. 

დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმის თაობაზე, თუ რა ხდება ტუნისში, ჩრდილოეთ აფრიკის სხვა კუთხეებში;  ვსაუბრობთ იმაზე, რაც 2011 წლის დეკემბერში მოსკოვის ქუჩებში ხდება.

ეს ყველას აჩვენებს, რომ ზოგჯერ ის, რაც ძალიან მყარად და ურყევად გამოიყურება, ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ ფაქიზია. 

21-ე საუკუნეში კიდევ ვხვდებით დიქტატურის გამოვლინებებს და ეს რეალობაა, მაგრამ არაფერია იმაზე მყიფე, ვიდრე დიქტატურა და ინფორმაციის გაკონტროლების მცდელობა. 

დიქტატურები ეფუძნება ავტორიტარულ სისტემას, რომელსაც ჰყავს გარკვეული კულტი, უმეტესწილად, ეს კონკრეტული პირი ან პარტიაა.   

მაშინ, როდესაც ინფორმაცია და ინტერნეტი ყველასთვის არის ხელმისაწვდომი, მოვლენები მსგავსი სისტემებისთვის, შეიძლება, ძალიან სწრაფად და ძალიან ცუდად განვითარდეს.  

როგორ იქცევიან  დიქტატორები? ისინი ცდილობენ აჩვენონ საზოგადოებას, როგორი ძლიერები, დაუნდობლები არიან და ფიზიკური მონაცემების დემონსტრირებას ახდენენ.  

თუმცა ეს უმოკლესი გზაა იმისათვის, რომ ვითარება მათთვის ცუდისკენ შეიცვალოს და საზოგადოებისთვის მიუღებელნი გახდნენ.   

ჩვენ მოვდივართ ევროპიდან, რომლის ქვეყნებშიც 80-90-იან წლებში, ხშირ შემთხვევაში, ერთი ტელეარხი და ერთი გაზეთი ქონდათ. ეკრანებზე, ძირითადად, ერთი და იგივე პირები  ჩანდნენ.

უცბად, ახალ გარემოში აღმოვჩდით, რომელშიც პოლიტიკური არსებობისთვის ყოველდღიური ბრძოლა გვიწევს. ეს ძალზე პოპულარული სისტემაა.

ყოველივე ეს საქართველოსაც შეეხება.

პარალელის გავლება შეიძლება თუნდაც  ჩვენს  რევოლუციებს შორის.

აქ იმყოფება როზა ოტუნბაევა, რომელიც, მართლაც, საოცარი ადამიანია.

დაიჯერებდით, რომ  ცენტრალურ აზიაში, ვინმე ხელისუფლებაში მოვიდოდა, გადალახავდა ეთნიკურ კონფლიქტს და წელიწადნახევრის შემდეგ ძალაუფლებას არჩეულ ლიდერს გადასცემდა?   

ეს ის საკითხია, რომელიც მსოფლიოში  სათანადოდ  არ გაშუქებულა და საზოგადოება ამას შესაბამისად ვერ აფასებს. ხალხი მიიჩნევს, რომ ეს სადღაც შორს მოხდა, რაც სიმართლე არ არის - ეს არის სტრატეგიული რეგიონი, რომელიც შესანიშნავი მაგალითია ყველასთვის.   

ყირგიზეთში სამი კვირის წინათ ვიმყოფებოდი და იქაური ახალგაზრდობით გაოცებული დავრჩი. გავეცანი მათ მედიასივრცესაც...

ზოგადად,  ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ერთი კონკრეტული ქვეყნის  -  რუსეთის ტელევიზია  დომინირებს. არადა, თუ მას დავუჯერებთ, ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნებათ,  თითქოს, ჩემს ქვეყანაში ხალხი ყოველდღე ხოცავს ერთმანეთს. პირადად მე, ურჩხულად და  მკვლელად გამოვყავარ. ზოგადად, საქართველოს კი ისე ახასიათებენ, როგორც სახიფათო ადგილს.  

ამ ფონზე ჩავდივარ ყირგიზეთში და ირკვევა, რომ ზედმიწევნით კარგად იციან  ჩვენი რეფორმების შესახებ; იციან, თუ რას მიაღწია ჩემმა ქვეყანამ; იციან იმაზე მეტი, ვიდრე ევროპაში.  

რატომ? იმიტომ, რომ  ზოგჯერ ევროპელებს არ სურთ იცოდნენ მეტი. თუმცა ყირგიზეთში ხალხს ნამდვილად  სჭირდება იცოდეს ის, თუ რა ხდება პოსტსაბჭოთა სივრცეზე.

ეს ჩემთვის კარგი მაგალითი იყო.

მათი დასკვნები სრულიად ეწინააღმდეგებოდა რუსულ პროპაგანდას და ვკითხე კიდეც: ნუთუ, წლების განმავლობაში უყურებთ რუსულ ტელევიზიას და მსგავსი დასკვნები გააკეთეთ? რა თქმა უნდა, ნაწილობრივ ეს ინტერნეტის დამსახურებაა, ნაწილობრივ კი იმისი, რომ ხალხს აქვს  მოთხოვნა გაეცნოს რეალობას.   

საქართველოში, მართლაც, უიმედო  სიტუაცია იყო შექმნილი. 7 წლის წინათ  მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური სახელმწიფო ვიყავით, ყველაზე კორუმპირებული და სასოწარკვეთილი საზოგადოებით.  

ხელისუფლებაში მოსვლიდან ორიოდ წელიწადში, როდესაც პრესას ვეცნობოდი-ხოლმე, ჩვენზე, ძირითადად, ეწერა: „ვარდები დაჭკნა“, „ვარდები მოკვდა“ და ა.შ. სტატიებში ყოველთვის ერთსა და იმავე ფრაზას ამოიკითხავდით: „საქართველო პატარა, კორუმპირებული საბჭოთა რესპუბლიკაა“ან „პატარა, ღარიბი, კორუმპირებული ქვეყანა“.  

მოდით, ახლა შეხედეთ ჩვენს მიღწევებს.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჩვენ მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკური რეფორმატორი ვართ.

მსოფლიო ბანკი ახლა გამოსცემს წიგნს,  რომელშიც საქართველო წარმოდგენილია, როგორც  ეკონომიკური ტრანსფორმაციის  წარმატებული მაგალითი.

„ტრანსფარანს ინტერნეიშენელის“ მონაცემებით, კორუფციასთან ბრძოლის  თვალსაზრისით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ გაუკეთებია იმაზე  მეტი, ვიდრე გააკეთა საქართველომ.  

ამიტომაც, მსოფლიოს პირველი მებრძოლი ქვეყანა ვართ კორუფციასთან. 

ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ყველაზე გამჭვირვალე და ეფექტიანი სახელმწიფო აპარატი ახალი ზელანდიის შემდეგ.

ჩვენ ვართ ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მაშინ, როდესაც რამდენიმე წლის წინათ ეს ყველაზე სახიფათო ადგილი იყო.

ამ მხრივ, გასულ წელს ჩვენი კონკურენტი ისლანდია იყო, თუმცა, მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მასაც გადავასწარით.  

მეზობელ ქვეყნებში კრიმინალური „ავტორიტეტების“ ნაწილი საქართველოდანაა წასული.

შეხედეთ, კიდევ ერთ მიღწევას - მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, სიღარიბის დონე 52 პროცენტი იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 17 პროცენტზე ნაკლებია. შეიცვალა სიღარიბის მნიშვნელობაც, რადგან ამ ხალხს ახლა უკვე სახელმწიფო  დაზღვევა და სხვა დახმარება აქვს.  

7 წლის წინათ  პოლიციას მოსახლეობის მხოლოდ 5 პროცენტი თუ ენდობოდა. ბოლო კვლევების მიხედვით კი, ეს მაჩვენებელი დღეს 86 პროცენტს აღწევს.

7 წლის წინათ ქართველების 98 პროცენტი ამბობდა, რომ მათ ყოველდღიური შეხება ჰქონდათ კორუფციასთან. ახლა იგივეს მხოლოდ 0,2 პროცენტი ამბობს და ისიც იმიტომ, რომ ჯერ კიდევ გვყავს ექიმთა კატეგორია, რომელიც პაციენტებისგან ფულს იღებს. კერძო სექტორის დახმარებით, 150 თანამედროვე  საავადმყოფოს ვაშენებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ესეც აღმოიფხვრება.

გარეშე პირისთვის, შესაძლოა, ყოველივე ეს ხანდახან რთულად აღსაქმელი იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაკვირვებას ცოტა ცნობისმოყვარე არასამთავრობო ორგანიზაცია აწარმოებს. თუმცა თუკი, მაგალითად, ყირგიზეთიდან აკვირდები მოვლენებს, მაშინ ყველაფერს სწორად იგებ. იგივე შეიძლება ითქვას უკრაინაზე, მოლდოვაზე და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე.

რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრს ვსწავლობდით. ვსწავლობდით ესტონეთისგან, გარდამავალ ეტაპზე მყოფი სხვა ქვეყნებისგან, თუმცა, ახლა ვაპირებთ, რომ საკუთარი გამოცდილება სხვებსაც გავუზიაროთ.  

რევოლუცია არ არის მხოლოდ ლოზუნგები, ვარდები და ტელევიზიების ყურადღება. ნამდვილი რევოლუცია იწყება მაშინ, როდესაც ადგილს, მაგალითად, CNN-ის კამერა ტოვებს; მაშინ, როდესაც რეალური სახელმწიფო საქმით გიწევს დაკავება.

ეს პროცესი ძალზე მოსაწყენი და შრომატევადია, მაგრამ დაყოვნება არ შეიძლება - ყოველდღიურ საქმიანობაში უნდა გამოიჩინო ჭკუაც და უნდა იყო რადიკალურიც.

ხშირად მეკითხებიან, გვინანია თუ არა რაიმეზე მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით - ერთადერთი რასაც ვნანობ, ეს ის კომპრომისებია, რომლებზეც მე და ჩემი გუნდი რეფორმების პროცესში წავედით.

რეფორმები კომპრომისებით არ მუშაობს. ასეთ შემთხვევაში  კომპრომისი, როგორც წესი, უკან გიბრუნდება და გაზარალებს.

რევოლუცია არა მხოლოდ პრაქტიკული მიღწევებია - რევოლუცია უნდა მოხდეს  გონებაშიც. უნდა შეიცვალოს  საზოგადოების დამოკიდებულება და მიდგომა ინსტიტუტების მიმართ.

საქართველოში პოლიციისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების შენობები ახალია და ყველა შუშისაა. თითოეული მათგანი გამჭვირვალეა - აი, ეს არის ახალი მიდგომის მაგალითი. როგორ გამოიყურება შენობები, როგორ იცვამს ხალხი - ყველაფერი ეს მნიშვნელოვანია.

ყოფილ საბჭოთა სივრცეზე მმართველობის ორი ფორმა აღმოცენდა. პირველი – ელცინის დროინდელი ქაოსია - როდესაც ხალხს ქუჩებში კლავდნენ, სიღარიბის მაღალი დონე იყო და ოლიგარქების ჰქონდათ ძალაუფლება და მეორე  -  პუტინის მიერ დამყარებული რეჟიმი, რომლის პირობებში თავდაპირველად ქუჩის კრიმინალი  შემცირდა, ხელისუფლებამ ოლიგარქების კონტროლი დაიწყო და ისეთი შეგრძნება გაჩნდა, თითქოს, ქვეყანა ჯოჯოხეთისკენ აღარ მიექანებოდა. ეს ფორმები დამკვიდრდა და გაჩნდა არჩევანიც - თუ გინდოდა დემოკრატია, უნდა მიგებაძა ელცინისთვის, ან  მოგიწევდა ისეთივე  მბრძანებელი ყოფილიყავი, როგორიც პუტინია.   

დღესდღეობით, ჩვენს ქვეყანაში კრიმინალის დონე 4-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე  რუსეთში.

საქართველომ დაამტკიცა, რომ შეიძლება ჩაატარო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, გყავდეს თავისუფალი მედია, ქვეყანაში იყოს აზრთა სხვადასხვაობა და, ამავდროულად, განვითარდე.

საქართველომ აჩვენა, რომ ამ გზით შესაძლებელია გქონდეს დემოკრატია,  მიაღწიო კეთილდღეობას და ქვეყანაში დაამყარო წესრიგი. ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც ხალხმა ჩვენს რეფორმებს პროტესტი გამოუცხადა, მე გადავდექი კიდეც და ამით საზოგადოების მიმართ ჩემი პატივისცემა გამოვავლინე.  

ჭაობში სტაბილურობა არ არსებობს - თუ ჭაობში სტაბილურობაა, მაშინ ის აუცილებლად ჩაგითრევს. როდესაც მთავრობა იწყებს სტაბილურობით ვაჭრობას, საკუთარ ხალხს ის ავტომატურად ართმევს მომავალს.  

ახლა ჩვენს საზოგადოებას კიდევ უფრო მეტ რეფორმებსა და ცვლილებებს ვთავაზობთ. ხელისუფლება ხალხისთვის მაშინაა მისაღები, როდესაც ის მუდმივად სთავაზობს სიახლეს. 

ამიტომ მიმაჩნია, რომ საბჭოთა ავტორიტარული მმართველობის მოდელი ყოვლად უიმედოა. ჩემი გათვლით, ის ყველგან დაინგრევა და თან - ძალიან მალე, იმაზე ადრე, ვიდრე ეს ექსპერტებსა და მიმომხილველებს ჰგონიათ.

არავის, არც ერთ დიდ საბჭოთა პოლიტმეცნიერს არ შეეძლო იმის წარმოდგენა, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა.

ეს დიდმა ლეხ ვალესამ იწინასწარმეტყველა, თუმცა ამ საქმეს ის საკუთარი ხელებითაც აკეთებდა. მაშინაც იყო უამრავი მეცნიერი, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ეს შეუძლებელია.

გაზეთებს ყოველდღე ვკითხულობ, პრესას თვალი თვითმფრინავშიც გადავავლე და მინდა გითხრათ, რომ არავინ აღიქვამს ვითარებას ისე, როგორც ეს რეალურადაა. თუმცა ვიცი, რომ თქვენს უმრავლესობას ეს კარგად ესმის.

მინდა, მთავარ თემას დავუბრუნდეთ.

რა თქმა უნდა, კრიზისია ევროკავშირშიც.

არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ევროკავშირს მომავალი არ აქვს.

თქვენ ხედავთ, რომ ევრაზიის კავშირი ფორმირდება, ეს კი, საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობაა.

ზოგს ჰგონია, რომ ევროპა დასუსტდა, ამერიკას საკუთარი პრობლემებიც ჰყოფნის და დადგა დრო საბჭოთა კავშირი აღადგინონ. ისინი ცდილობენ ყველას აჩვენონ, რომ ბრუნდებიან და თანაც ახალი ძალით, თავისი გაზსადენებით.

რეალობა კი ისაა, რომ, ვინც რა არ უნდა თქვას, ევრაზიის კავშირს მომავალი არ აქვს.

ევროკავშირი ერთადერთი ალტერნატივაა ყველა ჩვენგანისთვის - ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის.

ევროკავშირი არის მშვიდობის, სტაბილურობის, დემოკრატიისა და ყველა იმ ღირებულების გამომხატველი, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ.

ჩვენ ვართ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ნაწილი და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ვიღებთ გზავნილს - რა პრობლემებიც არ უნდა იყოს ევროპაში, კარი არ იხურება. 

ჩვენ გვაქვს, იგივე, პოლონეთის, ესტონეთის და სხვა ახალი წევრების მაგალითი.

პრობლემები ახალი წევრებისგან არ მომდინარეობს - პრობლემები, ძირითადად, ძირძველი წევრებიდან მოდის.

ვფიქრობ, ახალ წევრ ქვეყნებში უფრო მეტი ენთუზიაზმია და მათ ინოვაციური პოლიტიკა აქვთ.

თუ გავაკეთებთ არჩევანს ევროპასა და ევრაზიის კავშირს შორის, ჩვენთვის არ არსებობს ალტერნატივა გარდა ევროპისა. ეს ერთადერთი სახელწოდებაა, რომელთან დაკავშირებითაც ჩემს რეგიონში არავინ ყოყმანობს.

ეს არის გზა მომავლისკენ და მას ევროპა ჰქვია. 

დიდი მადლობა.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)