Google+

სიახლეები

15.12.2011
საქართველოს პრეზიდენტი ვარშავაში საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

პოლონეთში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო საერთაშორისო ფორუმს სახელწოდებით „ევროპის განვითარების დღეები“. მიხეილ სააკაშვილმა ფორუმის მონაწილეებს მიმართა და მათ ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდსა და ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე ესაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოში ვარდების რევოლუციამდე არსებული ვითარება გაიხსენა და აღნიშნა, რომ იმ პერიოდში საქართველოს კორუმპირებული სახელმწიფო აპარატი ჰქონდა, მაღალი იყო დანაშაულის დონე, ხოლო მისი ეკონომიკა სრულად იყო განადგურებული. საქართველოს პრეზიდენტმა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს ის გამოცდილება გაუზიარა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ კორუფციასა და დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით 2003 წლის შემდეგ შეიძინა, რითაც სხვა სახელმწიფოებისთვის სამაგალითო გახდა. მან ყურადღება ასევე ქვეყნის განვითარების გზებზე, დემოკრატიულ ღირებულებებსა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე გაამახვილა. გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი თემა ის რევოლუციური მოვლენები იყო, რომლებიც მსოფლიოში ბოლო პერიოდის განმავლობაში განვითარდა.

საერთაშორისო ფორუმი „ევროპის განვითარების დღეები“ ევროკომისიისა და პოლონეთის წარმომადგენლობის ორგანიზებით 15-16 დეკემბერს ვარშავაში იმართება. ფორუმის მონაწილეები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს განიხილავენ. ამას გარდა, მათ შესაძლებლობა აქვთ, ქვეყნების განვითარების მიზნით, ევროკომისიის თანამშრომლობის ახალ მიდგომებსაც გაეცნონ.

ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთანაც გამართა შეხვედრა. მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის პრეზიდენტს ბრონისლავ კომოროვსკის, ნიგერის პრეზიდენტს, ტუნისის პრემიერ-მინისტრსა და ყირგიზეთის ყოფილ მეთაურს როზა ოტუნბაევას შეხვდა. შეხვედრაზე ლიდერებმა ევროპის გაფართოების საკითხზე გაამახვილეს ყურადღება.   

საერთაშორისო ფორუმის მუშაობაში მსოფლიო ლიდერები და მაღალი რანგის პოლიტიკოსები იღებენ მონაწილეობას. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)