Google+

სიახლეები

21.11.2011
მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენ ვაშენებთ გვირაბებს, რომლებიც საქართველოს ამთლიანებს...“

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს რიკოთის განახლებული გვირაბი გახსნა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ახლდა,  გვირაბში განხორციელებული სამუშაოების თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. პრეზიდენტი მომსახურე პერსონალსაც გაესაუბრა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გვირაბების გაყვანა აუცილებელია, განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებში, ამიტომ მათი მშენებლობა  მთელი საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად დაიწყება.

„ვარდების რევოლუციამდე რიკოთის გვირაბი, პირადად ჩემთვის, საქართველოს ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული ჩამორჩენილობის სიმბოლო იყო. ეს გვირაბი  ნამდვილად კარგად გაკეთდა, მაგრამ ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ გვირაბების მშენებლობას.  რუისში ორი გვირაბი შენდება. მომავალი წლის დამლევამდე დავასრულებთ მოსამზადებელ სამუშაოებს და, იმედი მაქვს, დავიწყებთ დიდი გვირაბის მშენებლობას მლეთიდან სტეფანწმინდის მიმართულებით, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისი ლარსს ბევრად უფრო მოკლე გზით დაუკავშირდება. ასევე, ვმუშაობთ გვირაბის პროექტზე ლენტეხიდან სვანეთის მიმართულებით. გვირაბის გაკეთება შესაძლებელია  რაჭის მიმართულებითაც. მოკლედ რომ ვთქვათ, უცხოელი სპეციალისტების დახმარებით, ამ დარგში დიდ გამოცდილებას ვიძენთ, მაგრამ შემდგომში ჩვენმა გვირაბმშენებლებმა და მეგზევეებმა ამ ცოდნის ექსპორტირება უნდა მოახდინონ და სხვა ქვეყნებშიც დაიწყონ მსგავსი ნაგებობების მშენებლობა. ჩვენ ვაშენებთ ისეთ გვირაბებს, რომლებიც საქართველოს ამთლიანებს, რუსებმა კი, თავის დროს, აგვიშენეს გვირაბი, რომელმაც საქართველო გაყო. ეს არის როკის გვირაბი. ხალხისთვის გზა არის ეკონომიკური სტიმული  და ასევე ქვეყნის დაქსაქსულობის, დანაწევრების, ფეოდალური მენტალიტეტის გადალახვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა შესრულებული სამუშაო მას შემდეგ შეაფასა, რაც ათას 750 მეტრიანი გვირაბი ფეხით გაიარა და განახლებული გვირაბი დაათვალიერა.

„უნდა გვესმოდეს, რომ შიდა ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, გვირაბის გადაკეთება და მისი გაახლება უფრო რთულია, ვიდრე ახლის აშენება. კომუნისტების დროს, ამ გვირაბის რეაბილიტაცია რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდათ. ეს მართლაც მიღწევაა, რადგან ამ გვირაბის რეაბილიტაცია საკმაოდ მოკლე პერიოდში, ძალიან ეფექტურად მოვახერხეთ. თუმცა ასაშენებელი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს“, - აღნიშნა მან.

რიკოთის გვირაბის რეაბილიტაცია 2010 წლის ივლისში დაიწყო. მის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით სრულად შეიცვალა ჰიდროიზოლაციის სისტემა, განახლდა სავენტილაციო, ხანძარსაწინააღმდეგო და კანალიზაციის სისტემები, დამონტაჟდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათებისა და ელექტროუზრუნველყოფის სისტემები. დამონტაჟებული ვიდეოკამერების საშუალებით, გვირაბის გაკონტროლება 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების სისტემები სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)