Google+

სიახლეები

17.10.2011
მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენ  ყველა დავბრუნდებით ჩვენ სახლებში, ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი ამოცანა“

დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ახლადაშენებული 32-სახლიანი ,,ახალი რაიონი,, გახსნა. პროექტის ფარგლებში 1168 ოჯახმა კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ფართი მიიღო. ქვეყნის პირველმა პირმა მათ ახალსახლობა მიულოცა და სიტყვით მიმართა.მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 2007 წელს მიცემული პირობაც გაიხსენა და იმ მძიმე პირობებზეც ისაუბრა, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ:

„მინდა ვთქვა, რომ აქ 4500 ადამიანი გადმოვიდა საცხოვრებლად და პრაქტიკულად ახალი დასახლება შეიქმნა. 2007 წელს მე ვნახე წყალტუბოს სანატორიუმები, გავაღე უამრავი პალატის კარი, შევედი ოჯახებში, ძალიან მძიმე, დამთრგუნველი შთაბეჭდილება შემექმნა და ვთქვი რომ, ჩვენ აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ ჩვენს სახლებში, ეს ჩემი ცხოვრების მთავარი ამოცანაა, მაგრამ მანამდე საცხოვრებელი პირობები უნდა შეიცვალოს უკეთესობისკენ და ევროკავშირთან ერთად ჩვენ  მუშაობა დავიწყეთ“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ევროკავშირთან ერთად განხორციელებული , წარმატებული პროექტისთვის კი მან უცხოელ მეგობრებს მადლობა გადაუხადა და სხვა დონორებსაც მოუწოდა მსგავსი სოციალური პროექტების დაფინანსებისკენ. თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა ქალაქ ფოთში  დევნილთა დასაქმების პერსპექტივებზე და აღნიშნა რომ სწორედ ამ ნიშნით შეირჩა ეს ქალაქი; ადგილი, სადაც ყველაზე მეტი და  მნიშვნელოვანი  ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურული ცენტრებია. პრეზიდენტმა მიმართვისას რუსულ აგრესიაზე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიან პოლიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება.

,,იმ დამპყრობლების, რომლებიც დღეს დროებით ბოგინობენ და ყველა დანარჩენის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ  მათ ეს გეგმები არ გამოუვიდათ, რადგან თქვენ მაინც არსებობთ. რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი ამას გადაყვა, მაგრამ თქვენ აქ ხართ, თქვენ სუნთქავთ. აქ არიან ბავშვები, რომლებიც ჩვენი მომავალია, ასევე აფხაზეთის და ესეიგი საქართველოს მომავალი. ჩვენ გვყავხართ თქვენ - ის ადამიანები, რომელთაც ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლიათ საქართველოსთვის“ - აღნიშნა პრეზიდენტმა მიმართვისას. მისი თქმით საქართველოს ევროპელი მეგობრების მხარდაჭერითა და ქყვეყნის შიდა ერთობით ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების პერსპექტივა  უჩნდება:

,,მართალია, დამპყრობელი ბოგინობს ჩვენ მიწაზე, არ გიშვებთ საკუთარ სახლებში, ასევე მუდმივ პროვოკაციებს გვიწყობს ქვეყნის შიგნით და გარეთ. მიუხედავად ამისა ჩემი მთავარი მიზანია, საქართველო გაძლიერდეს, თითოეული ჩვენი ოჯახი წელში გაიმართოს და ჩვენ დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია და რაზეც სხვისი კონტროლი მხოლოდ  დროებით ხორციელდება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ჩვენი მიწების დაბრუნება მშვიდობიანი გზით.  ეს არის ჩვენი ტერიტორია, იქ არის ჩვენი წინაპრების საფლავები, დგას ჩვენი სახლები, სადაც დავიბადეთ და სკოლები, რომლებშიც დავიზარდეთ. ყველა ის ადგილი ჩვენი დასაბრუნებელია. მანამ, სანამ თითოეული თქვენგანი ცხოვრობს, თუნდაც, აი, ამ ადამიანური პირობების მქონე სახლებში, მაინც გვეთქმის, რომ ჩვენ ვართ დევნილები. ხოლო სანამ თითოეული თქვენგანი არის დევნილი, ყველა ქართველი პატრიოტი საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, ჩემი ჩათვლით, ყველა ქართველი თავს იგრძნობს დევნილად. მე ვიქნები დევნილი, მანამ, სანამ ჩვენი მიწა არ დაბრუნდება’’- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც საჯარო მიმართვის შემდეგ,   აფხაზეთიდან დევნილ კოპალიანების ოჯახს ახალსახლობა მიულოცა  და პირადად ესტუმრა.   კოპალიანების შვიდ სულიანი ოჯახი,   წლების განმავლობაში  წყალტუბოში, ერთ ოთახში, ძველი სანატორიუმის შენობაში  ცხოვრობდა. ფოთში კი მათ ახალი პროექტის ფარგლებში ცალკე ცხოვრებისა და პირობების გაუმჯობესების შესაძლებობა მიეცათ, რისთვისაც  პრეზიდენტს, დევნილების სახელით მადლობა გადაუხადეს.

,,ეს სახლი შეიძლება ძალიან მაგარი და დიდი არ იყოს, მაგრამ ყოველშემთხვევაში თქვენი სახლია, მაგრამ საბოლოო ჯამში - თქვენი სახლი არის აფხაზეთი. ეს სახლიც უნდა დავიტოვოთ და ჩვენს სახლებში დავბრუნდეთ, აფხაზეთში. მე ვფიქრობ რომ ფოთში, წყალტუბოზე ბევრად მეტი შესაძლებლობა არის. პერსპექტივაში ეს არის 100 პროცენტიანი დასაქმების ქალაქი“ - განაცხადა პრეზიდენტმა კოპალიანებთან სტუმრობისას.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)