Google+

სიახლეები

10.10.2011
საქარველოს პრეზიდენტმა ვაცლავ ჰაველი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა

დღეს პრაღაში საქართველოს საელჩოში მიხეილ სააკაშვილისა და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ვაცლავ ჰაველი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.

დაჯილდოვების ცერემონიის შემდეგ საქართველოს საელჩოში შეკრებილ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და სტუმრებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა.

„თითოეული ჩვენგანი, ვინც თავისუფლებას აფასებს, მუდმივად სიახლეებისკენ, რაღაც განსხვავებულისკენ მიისწრაფვის, ჩვენ გარკვეულწილად ვაცლავ ჰაველის შვილები ვართ. მათთვის, ვინც რკინის ფარდის მეორე მხარეს დაიბადა, გაიზარდა და ოცნებობდა დემოკრატიაზე, პრო-დემოკრატიულ საქმიანობაზე ან რეფორმატორ ლიდერებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, - მათთვისაც ვაცლავ ჰაველის სახლი ყოველთვის რეზონანსული იყო. საბჭოთა კავშირის დანგრევა ისტორიის დასასრული არ ყოფილა, პირიქით ის ჩვენთვის ისტორიის დასაწყისი იყო.

ბატონო ვაცლავ, თქვენი და თქვენნაირი ხალხის დამსახურებაა, რომ ჩვენ შევძელით გაყინული მუზეუმიდან თავის დაღწევა, სადაც მხოლოდ ვარსებობდით და გადარაჩენაზე ვფიქრობდით. გადარჩენაზე, რადგან ჩვენი ბედი ჩვენ არ გვეკუთვნოდა. ცივი ომის შემდეგ არსებობდა კომუნიზმის უკან დატოვებისა და ახალ ისტორიაში შესვლის ორი გზა: ერთი იყო ტოლერანტობისა და ლიბერალურ-დემოკრატიული გზა და მეორე იყო ულტრანაციონალიზმი და კორუფციული ავტორიტარიზმი. ერთი მხრივ, იყო გზა სლობოდან მილოშევიჩისა და მეორე მხრივ - ვაცლავ ჰაველის გზა. ყველამ ვინც აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის გზა აირჩია, თქვენ ნაბიჯებს მიჰყვება. ფერადი რევოლუციები იყო თქვენი ხავერდოვანი რევოლუციების გაგრძელება. მუჰამედ ბოუაზისი, 26 წლის ტუნისელი, რომელმაც თავი გასწირა ქალაქ სიდი ბოუაზიდში, რითაც დაიწყო ფაქტიურად არაბული გაზაფხული, იან პოლაკის ექოს გამოძახილია, რომელიც წინ აღუდგა 1968 წელს საბჭოთა ტანკებს.

ჩვენ გვაქვს ორდენი, რომელზეც წმინდა გიორგია გამოსახული და ცხადია, საქართველოც ამ პრინციპებზე დგას. ვფიქრობ, საქართველო იმ იდეას განასახიერებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ძლიერი ჩანს ბოროტება – მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ტანკი, თვითმფრინავი თუ სხვა სახის იარაღი ან ფული აქვს, თუ თავისუფლების იდეა ძლიერია, მას ვერაფერი დაამარცხებს. თავისუფალი სული ყოველთვის გაიმარჯვებს. სიკეთე ყოველთვის დაამარცხებს ბოროტებას.

ჩემთვის დიდი პატივია თქვენთვის ამ ჯილდოს გადმოცემა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ვაცლავ ჰაველმა, თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მალე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და საქართველო ევროსტრუქტურების სრულუფლებიანი და ღირსეული წევრი გახდება. თავის მიმართვაში ჩეხეთის პირველმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას საქართველოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს.

„ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო მეგობრებო, ნება მომეცით ორიოდე სიტყვით მოგმართოთ. უპირველეს ყოვლისა უღრმეს მადლობას მოგახსენებთ იმ პატივისთვის რაც მე თქვენგან მერგო. ეს, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა თუმცა ისევე როგორც ყოველთვის, მსგავს სიტუაციებში მე ვეკითხები საკუთარ თავს დავიმსახურე თუ არა ეს ჯილდო. მე საქართველოში უკანასკნელად 44 წლის წინ ვიმყოფებოდი. უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, თუმცა საქართველოში ჩემი ვიზიტი არასოდეს დამავიყწდება და ის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩემს გულში და მეხსიერებაში. მე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და იმედი გამოვთქვა  რომ საქართველო ახლო მომავალში ტერიტორიულ მთლიანობას მის ისტორიულ საზღვრებში აღადგენს  და ეს ყოველგვარი სისხლისღვრის გარეშე მოხდება. იმედი მაქვს, რომ საქართველო მალე გახდება ევროპული ინსტიტუტების, უპირველეს ყოვლისა კი - ევროკავშირის წევრი“, - აღნიშნა ვაცლავ ჰაველმა ჯილდოს მიღებისას.

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი პრაღაში ვაცლავ ჰაველის ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის მიწვევით იმყოფება.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)