Google+

სიახლეები

14.09.2011
მიხეილ სააკაშვილმა რუსთაველ პენსიონერებს გაზრდილი პენსია პირადად გადასცა

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე მცხოვრები დამსახურებული პენსიონერების, ცირა და გიორგი ჯავახიშვილების ოჯახს დღეს საქართველოს პრეზიდენტი ესტუმრა და გაზრდილი პენსია მათ პირადად გადასცა. დღეიდან გიორგი ჯავახიშვილის პენსია იმ დანამატის გათვალისწინებით, რომელსაც ოჯახის უფროსი სტაჟისა და დამსახურების მიხედვით იღებდა, 110 ლარი გახდა. საუბარი რუსთავში განხორციელებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებსაც შეეხო. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხელისუფლება რუსთავის განვითარებას კვლავაც გააგრძელებს და ხალხის დასაქმების მიზნით, ახალი ობიექტების შექმნასაც შეუწყობს ხელს.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ დიდი სურვილი მაქვს პენსია მხოლოდ 100 ლარი კი არა, 1000 ლარიც გქონდეთ, მაგრამ ჯერ-ჯერობით ქვეყანას მხოლოდ ამის საშუალება აქვს. ამაზე უფრო სამართლიანი გადანაწილება შეუძლებელია. ჯერ უნდა განვვითარდეთ, გზა დავაგოთ, სკოლა ავაშენოთ, თანხა ახალი ობიექტების შესაქმნელად ჩავდოთ, რათა უფრო მეტი შემოსავალი გაგვიჩნდეს და თქვენი სათანადოდ მოვლა შევძლოთ. აქამდე თქვენმა შრომამ მოგვიყვანა და, ვფიქრობ, ახალგაზრდობას იმის მისაღწევად, რა გამოცდილება, ნიჭი და უნარიც თქვენს თაობას აქვს, ძალიან ბევრი სწავლა და დიდი დრო სჭირდება. ბევრჯერ მითქვამს, რომ ამაზე მნიშვნელოვანი, მართლაც, არაფერია. ყველაზე კარგად ვიცი, რომ დღეს არც 100 ლარია საკმარისი და არც 500. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადასახადი დიდი ხნის განმავლობაში არ გაიზრდება, რადგან დადებული კონტრაქტები ფიქსირებულ თანხას ითვალისწინებს; ასევე, ვცდილობთ ფარმაცევტული კომპანიები შემოვიყვანოთ, რათა წამლების ფასი მაქსიმალურად შევაკავოთ; სამედიცინო დაზღვევასაც ვნერგავთ და, რაც მთავარია, საავადმყოფოები შენდება, რათა აუცილებლობის შემთხვევაში, ხალხმა საავადმყოფოს სწორედ ამ დაზღვევით მიაკითხოს. კარგად მახსოვს ისიც, რომ პენსიის ოდენობა 7 ლარი და 14 ლარი იყო. წარმოუდგენელი რამ ხდებოდა - ხალხს 13 ლარს აძლევდნენ და აქედან, ლარი ბანკს მიჰქონდა. იმდენად არაადამიანური მიდგომა იყო, რომ 13-ლარიანი პენსიის ზრდა, დიდი არაფერი დასაკვეხნია. თუმცა სხვა გამოსავალი არ არის - წელში ნელ-ნელა უნდა გავიმართოთ. ქვეყანა ნელ-ნელა აშენდება, მთავარია, რომ თქვენ იყოთ კარგად", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ცირა ჯავახიშვილმა პენსიის ოდენობის გაზრდისა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განახლებისთვის, ქვეყნის პირველ პირს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით: „24-საათიანი წყალმომარაგება რუსთავის ისტორიას არ ახსოვს, რასაც უგაზობა და უშუქობა ემატებოდა". მიხეილ სააკაშვილმა მასპინძლებს თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციაც აღუთქვა და დასაქმების პრობლემების მოგვარებასაც დაპირდა. პრეზიდენტმა ყურადღება იმ პროექტებზე გაამახვილა, რომლებიც ქალაქში უახლოეს პერიოდში დასრულდება.

„ძალიან მიხარია, რომ რუსთავში გზა გაკეთდა, მოწესრიგდა წყალგაყვანილობის სისტემა, მოხდა გაზიფიკაცია, ახლა თბილისთან დამაკავშირებელ გზასაც ვაწესრიგებთ. ძალიან კარგია, რომ ავტომანქანების ბაზრობა რუსთავში გადმოვიდა და ხალხი დასაქმდა, მაგრამ ამან გზის გადატვირთვა გამოიწვია. ფონიჭალამდე მიმავალი გზა იმდენად ვიწროა, რომ ტრანსპორტის გადაადგილდება რთულდება. ეს კი, ავარიების მიზეზი ხდება. რეალურად, დედაქალაქის ცენტრთან რუსთავი უფრო ახლოსაა, ვიდრე თბილისის რომელიმე გარეუბანი, მაგრამ ამ გზის გამო, დედაქალაქს, ფაქტობრივად, მოწყვეტილია. ჩვენი მიზანია, რუსთავს თბილისთან დამაკავშირებელი კარგი, ფართო გზა ჰქონდეს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან აზოტის მეორე ქარხნის მშენებლობა დაიწყება, რომელშიც ასეულობით რუსთაველი დასაქმდება. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ამდენი წლის განმავლობაში რუსთავში, ფაქტობრივად, არაფერი არ გაკეთებულა, ძველი სულისკვეთება ხალხში არა მარტო შენარჩუნდა, არამედ თაობიდან თაობაზეც გადავიდა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ეს ძალზე მნიშვნელოვანია.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)