საქართველოს პრეზიდენტმა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ღირსების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის ურთიერთობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი დიპლომატიური მოღვაწეობისათვის იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვიტორიო სანდალი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
მიხეილ სააკაშვილი
მოხარული ვარ, რომ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჯილდოს სწორედ ბათუმში გადავცემთ.
ყველა ასეთ ღონისძიებას ბათუმში შეგნებულად ვგეგმავ.
ვიტორიო სანდალი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, რომელმაც ამ სფეროში დიდი გამოცდილება დააგროვა.
ვიტორიო სანდალს საქართველოში მოღვაწეობა ძალიან რთულ პერიოდში მოუწია.
თუმცა, შეზღუდული ადამიანური და ეკონომიკური რესურსის მიუხედავად, მან მოახერხა საქართველოსა და იტალიას შორის კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავება.
მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო ის, რომ საქართველოში მოღვაწე ელჩებს შორის ვიტორიო სანდალი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საუკეთესოა.
ვიტორიო სანდალი
აღფრთოვანებული ვარ ამ ჯილდოს მიღებით.
ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან ბედნიერი იყო საქართველოში მოღვაწეობის 4 წელი.
იტალიას და საქართველოს შორის ძალიან კარგი ურთიერთობაა, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
თქვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. ამიტომ, მიმდინარე წლის შემოდგომით საქართველოს იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრი ეწვევა. აპრილის შუა რიცხვებში კი, იტალიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტია დაგეგმილი, სადაც იგი იტალიელ ინვესტორებს შეხვდება.
იტალიელი ინვესტორების მხრივ მოლოდინი და ინტერესი გაეცნონ საქართველოს საინვესტიციო გარემოს, ძალზე დიდია.
მადლობელი ვარ იმ ადამიანების, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში მომიხდა ურთიერთობა.
მადლობას ვუხდი პირადად საქართველოს პრეზიდენტს.
რომში დაბრუნების შემდეგ, როდესაც საქმიანობას შევუდგები, აუცილებლად განვაგრძობ მუშაობას და ვიზრუნებ იტალია-საქართველოს ურთიერთობის განვითარებაზე.