სიახლეები
02.06.2011
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
რომში საქართველოს პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჯო ბაიდენმა მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა იმ ახალი, მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს ISAF-ში მონაწილეობით შეაქვს.
შეხვედრისას, მხარეებმა უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. საუბარი შეეხო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ამ ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებს.
განიხილეს ასევე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხი. ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებას, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს. მისი თქმით, რუსეთმა ეს საკითხი საქართველოსთან შეთანხმებით უნდა მოაგვაროს.
შეხვედრისას, ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოს პოლიტიკური კურსისა და რეფორმების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა.
მიხეილ სააკაშვილთან ერთად, შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე ესწრებოდნენ.
საქართველოს პრეზიდენტი რომში იტალიის პრეზიდენტის ჯორჯო ნაპოლიტანოს პირადი მიწვევით იმყოფება, სადაც მიხეილ სააკაშვილი რესპუბლიკის 150 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ესწრება.