საქართველოსა და უნგრეთის პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს
უნგრეთში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და უნგრეთის მხარეებს შორის ოფიციალური მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა და პალ შმიტმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ჟურნალისტებთან საუბრისას, პალ შმიტმა განაცხადა, რომ უნგრეთის რესპუბლიკა ღიად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მან დადებითად შეაფასა ის რეფორმები და ცვლილებები, რომელსაც საქართველო ახორციელებს. საქართველოს პრეზიდენტმა, თავის მხრივ, უნგრელ კოლეგას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და მზადყოფნა გამოთქვა იმის თაობაზე, რომ საქართველომ რეფორმების გახორციელების პროცესში უნგრეთის გამოცდილება გაიზიაროს და დასძინა, რომ ამ მხრივ, საქართველოც მზადაა, ოფიციალურ ბუდაპეშტს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.
„ეს ჩემთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა, რომ თქვენს მიმართ კეთილგანწყობა გამოვხატო. პროგრესი, რომელიც თქვენს ქვეყანაშია ძალზე მნიშვნელოვანია. როგორც იცით, რეფორმები უმტკივნეულოდ არ ხორციელდება, ამის გამოცდილება ჩვენ გვაქვს. თუმცა ამ რეფორმების შედეგად, საქართველო ნომერ პირველი რეფორმატორი გახდა და იმ ქვეყანაში, სადაც კორუფცია მაღალ დონეზე იყო, დღეს აღარ არსებობს; დანაშაულის დონე კი წინა წლებთან შედარებით, ოთხჯერ ნაკლებია. ჩვენთან უფრო ცოტა კრიმინალი ხდება, ვიდრე ეს ევროპის სხვა ქვეყნებშია, მათ შორის გერმანიასა და საფრანგეთში. უნგრეთი, ჩვენ მსგავსად, ერთ-ერთი რეფორმატორი ქვეყანაა მსოფლიოში და ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის უნგრეთში ვიზიტს პალ შმიტმა ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
„ეს არის ისტორიული ვიზიტი და ახალი პერსპექტივა დიპლომატიური ურთიერთობების კიდევ უფრო გასამყარებლად. სიმბოლურია პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი. დავძენ, რომ საინტერესო და დამაჯერებელია ის მოვლენები და ცვლილებები, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. თქვენი ქვეყანა მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფანი გახდა. უნგრეთი დაინტერესებულია ნაბუქოსა და სხვა სატრანზიტო პროექტებით. ვაჭრობის თვალსაზრისით დიდი პოტენციალი გვაქვს. უნდა დაიწყოს პირდაპირი ავიარეისები ჩვენს ქვეყნებს შორის. უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას. ჩვენ ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს", - განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა.
პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა უნგრეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მოწვევისთვის და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უფრო მეტად უნდა განვითარდეს და გაღრმავდეს როგორც ხალხთა შორის მეგობრობის, ისე პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით.
„მადლობელი ვართ ყველაფრისთვის, რაც უნგრეთმა საქართველოსთვის გააკეთა აგვისტოს პირდაპირი ინტერვენციის დროს. მაშინ ოპოზიციის ლიდერმა ვიქტორ ორბანმა გააკეთა ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი და ძლიერი განცხადებები საქართველოს მხარდასაჭერად, რაც მაშინ გაკეთდა მსოფლიოში. ომის ღია ფაზის დაწყების შემდეგ, პირველი ქვეყანა, რომელმაც ძლიერი ზემოქმედების მიუხედავად ოფიციალური დელეგაცია გამოგზავნა და საქართველოში საელჩო გახსნა, იყო უნგრეთი. ეს იყო 2008 წლის ოქტომბერში. ძალიან სიმბოლური იყო, რომ იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს რუკიდან გაქრობით ემუქრებოდნენ, უნგრეთის წარმომადგენლობა ჩამოვიდა, გახსნა საელჩო და არ შეცვალა არც-ერთი თავისი დიპლომატიური გეგმა. ასევე სიმბოლურია, რომ იმ პირობებში, როდესაც, რა თქმა უნდა, საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება ყველანაირი პროვოკაციები, ყველა სახის ზემოქმედება, მათ შორის, ტერორისტული აქტებით დაწყებული, ეკონომიკური და სხვა სახის შეზღუდვებით დამთავრებული, ჩვენ მაინც ვავითარებთ ურთიერთობას, მაინც ვიღებთ ძალიან ძლიერ მხარდაჭერას უნგრეთიდან - ნატოში გაწევრიანებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებში. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ის, რაც მანამდე ვთქვი - ეს არის ძალიან რეფორმისტული ქვეყანა, ქვეყანა, რომელშიც ხორციელდება ძალზე საინტერესო ცვლილებები. ამგვარად, ჩემი აქ ჩამოსვლა, გარკვეულწილად, არის ჩვენი გამოცდილების გაზიარება და მსურს უნგრული გამოცდილება ვისწავლო. სხვათა შორის, აქ ძალიან მალე ჩამოვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და ველოდებით უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა პოლიციის რეფორმირების გამოცდილებები გავცვალოთ. ამას წინათ, თბილისში სტუმრად იყო უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარე და ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ, მათ შორის, ქართულ რეფორმებზე. იგი დაინტერესებული იყო იმით, თუ როგორ მოვახერხეთ ჩვენს ქვეყანაში რეფორმების განხორციელება ამდენად დიდი ზემოქმედების პირობებში, როგორ ვახერხებთ ამდენი დაბრკოლების გადალახვას და ასე სწრაფად განვითარებას. რა თქმა უნდა, ეს კავშირები უნდა გაგრძელდეს და არა მერტო ჩვენ ვუზიარებთ საკუთარ გამოცდილებას უნგრეთს, არამედ თავადაც დიდი ყურადღებით ვაკვირდებით მათ რეფორმებს, ევროკავშირისა და ევროპულ კონტექსტში განხორციელებულ ძალზე რთულ რეფორმებს. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი უნგრელი მეგობრებისგანაც ვისწავლოთ. თავისთავად, საქართველოს რეფორმები, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან ბევრი ქვეყნისთვის მიზიდულობის წერტილი გახდა, ბევრი სხვა გამოცდილების, ქვეყნისა და ადამიანის მიღწევებისა და შეცდომების გაანალიზების, გაზიარების და გადამუშავების შედეგი იყო, რომლებიც შემოქმედებითად განხორციელდა უკვე ჩვენი ქვეყნის კონტექსტში. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა უნგრეთის პრეზიდენტს მოწვევისათვის. ასევე თბილისში ველოდებით პრემიერ-მინისტრ ორბანს, როგორც ევროპის წამყვან რეფორმატორს და როგორც ყველაზე საინტერესო ექსპერიმენტის ავტორს ევროპაში. ასე რომ, ამ ძალზე საინტერესო დისკუსიას უკვე საქართველოს კონტექსტში განვაგრძობთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.