Google+

სიახლეები

20.05.2011
მიხეილ სააკაშვილმა სოფელ ჭყონში ახლადაშენებული ტაძარი დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს მარტვილის რაიონის დიდ ჭყონს ესტუმრა და   ახლადაშენებული  წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივი მოსახლეობასაც მიმართა, რომელიც პრეზიდენტს ტაძრის ეზოში დახვდა. მისი თქმით, დიდ ჭყონში აგებული ეკლესია, გაძლიერების, აღმშენებლობისა და რწმენის სიძლიერის სიმბოლოა.

„ეს არის დიდი გიორგი ჭყონდიდელის სამშობლო, ეს არის ის ადგილი,  საიდანაც ქართული სახელმწიფოებრიობისა და საქართველოს ეროვნული იდეის სიმბოლოს დავით აღმაშენებლის ფესვები მოდის. იგი აქ იღებდა განათლებას, აქ ეზიარა ძლიერი საქართველოს, ჩვენი ერთიანი ქვეყნის იდეას. თუკი რაიმე არსებობს ამ მიწაზე სამოთხესთან მიახლოებული, პირადად ჩემთვის, არის ეს - მარტვილის, სალხინოს მთები, აქაური სოფლები, ჭყონი, ბანძა... ყველაფერი რაც ამ კუთხესთან არის დაკავშირებული, ულამაზესია. თუმცა ეს მთავარი არ არის. მთავარია არა მარტო მთები, ისტორია, ჩვენი წარსული თუ აქაურობის განსაკუთრებული ელფერი, არამედ - თქვენ, აქაური ხალხი, ძალიან ნიჭიერი, შრომისმოყვარე, პატრიოტი და ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული მოქალაქეები. ვიცი რომ აქ, რა თქმა უნდა, ჯერ ხალხს ძალიან უჭირს, მაგრამ ეს არის ხალხი, რომელიც არასდროს არ ეპუებოდა არც გაჭირვებას, არც უბედურებას, არც უამრავ ჭირ-ვარამს, რომელმაც მათ თავზე გადაიარა და ყოველთვის ოპტიმისტურად უყურებდა ქვეყანას. ამ ოპტიმიზმსა და სიცოცხლის წყურვილზე დგას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მომავალი. მისი უწმინდესობა დამემოწმება, რომ მეუფე პეტრე მართლაც განსაკუთრებულ საქმიანობას ეწევა აქ და განსაკუთრებით კარგია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სამეგრელოში ძალზე გაძლიერდა ქრისტიანული რწმენა, ჩვენი ფასეულობები, ჩვენი ისტორიული ღირებულებები, ის, რაზეც ვდგავართ და რითიც სული გვიდგას. ეს მოხდა ჩვენი მეუფეების მეოხებით, მისი უწმინდესობის მეოხებით. სამეგრელო ქართული სახელმწიფოებრიობის სიმყარის, საფუძვლის, დასაყრდენის და ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალის ფუნქციას ასრულებს ისე, როგორც არსდროს. რა თქმა უნდა, მეც ერთ-ერთი თქვენიანი ვარ და მინდა რომ ეს პროცესი ყველამ ერთად გავაგრძელოთ", - განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ტაძართან შეკრებილ მოსახლეობას.

წმ. ნიკოლოზის სახელობის ახალ ტაძარი სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, უწინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ  აკურთხა და მრევლი დალოცა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)