Google+

სიახლეები

02.04.2011
საქართველოს პრეზიდენტი სოფელ არგვეთის მოსახლეობას შეხვდა

მინდა ყველას მოგესალმოთ.

მართალია, დღეს გამოცხადებულია ქარბუქი და ქარიშხალი - სინოპტიკოსები ხალხს სახლებში დარჩენას ურჩევდნენ. ნისლის გამო დაყოვნდით კიდეც, მაგრამ მაინც ჩამოვფრინდით.

მუხრან მაჭავარიანის ხსოვნისა და თქვენს წინაშე თავს მოვალედ მივიჩნევდი აქ ჩამოვსულიყავი.

მინდა მივესალმო ქალბატონ ნანას [მუხრან მაჭავარიანის შვილს] და თითოეულ თქვენგანს.

ისეთი განცდა მაქვს, თითქოს, გუშინ საღამოს ვიჯექი ამ ეზოში საქართველოს ბოლო დიდ პოეტთან, მუხრან მაჭავარიანთან ერთად.

ვნერვიულობდი და ამიტომ ვბორძიკობდი, როცა მის ლექსებს ვკითხულობდი. ეს ლექსები, მართლაც, არა მხოლოდ ჩემი, არამედ თითოეული ჩვენგანის გენეტიკური კოდის ნაწილია. ხშირად, ჩვენ არ ვაფასებთ ჩვენს თანამედროვეებს, იმ ეპოქას, რომელიც წავიდა.

რა თქმა უნდა, მინდა, რომ საქართველოში დიდი ხელოვანები ისევ დაიბადონ და  ალბათ დაიბადებიან კიდეც. თუმცა ყველა ვაცნობიერებთ, რომ, შესაძლოა, ისეთი პოეტები, როგორებიც მეოცე საუკუნეში იყვნენ გალაკტიონ ტაბიძე, ლადო ასათიანი, ტიციან ტაბიძე, მუხრან მაჭავარიანი; უფრო ადრე მეცხრამეტე საუკუნეში - ვაჟა ფშაველა, აკაკი წერეთელი და სხვები; იმ დონის საზოგადო მოღვაწეები, როგორიც იყო ილია ჭავჭავაძე, აღარც დაიბადონ.

ეს სულ სხვა ეპოქა, სხვა გარემოება იყო...

ისეთი განცდა მაქვს, თითქოს, მუხრან მაჭავარიანი გუშინ იჯდა ამ საკარმიდამოში. ისე ჩაიარა მისმა გარდაცვალებამ, რომ მას იუბილე ვერ გადავუხადეთ, არადა ამაზე ყველა ვფიქრობდით და ვაპირებდით. მართალი გითხრათ, ძალიან ვნანობ, რომ ასე მოხდა.

შეიძლება, ცუდად გამომდის მის ქალიშვილთან და მისი ოჯახის წევრებთან, მაგრამ ახლაც არის და მის ცხოვრებაშიც იყო განცდა იმისა, რომ გარდაცვალებასაც დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა - ეს ადამიანი უკვე ბევრად უფრო მნიშვნელოვანის ნაწილი იყო, ვიდრე მხოლოდ მისი ფიზიკური არსებობა. სანამ საქართველო არსებობს, სანამ ჩვენი ერი იქნება, მისი პოეზია ნამდვლად იარსებებს.

ამას გარდა, მე აქ ჩამოვედი არა მხოლოდ იმიტომ, რომ  უბრალოდ პატივი მივაგო მის ხსოვნას, არამედ იმის გამო, რომ შევასრულოთ მისი დანაპირები.

გარდაცვალებამდე (ვფიქრობ, ის ამას გრძნობდა) მან დაგვავალა და შეგვიპირა, რომ აქ, გარშემო სოფლებში ხალხისთვის სასმელი წყალი გაგვეყვანა.

ბავშვობის საინტერესო ნაწილი გატარებული მაქვს ზემო იმერეთის სოფლებში და კარგად ვიცი, რას ნიშნავს ამ სოფლებისთვის სასმელი წყალი და გზები, ვიცი, რამდენად კარგი ხალხი ცხოვრობს აქ და რამდენად არ შეესაბამება მათი საყოფაცხოვრებო პირობები მათი განვითარების დონეს, მათ ინტელექტს, ნიჭირებას,  მიზანსწრაფულობასა და თუნდაც მათ ამბიციებს.

ამ პროექტის განხორციელება დაჯდა მილიონზე მეტი - მილიონ ორასი ათასი ლარი, მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ.  თანახას იმიტომ კი არ ვასახლებ, რომ ვინმეს რაიმე დავაყვედრო - ეს თქვენი ფულია და ისევ თქვენი ფული დაიხარჯა ამ საქმეზე.  ეს საქმე ჩვენ თითქმის ყველგან ბოლომდე მივიყვანეთ.

შესაძლოა, კიდევ დარჩა ოჯახები, სადაც წყალი არ გაუყვანიათ, მაგრამ მათაც მალე ექნებათ. უკვე ათასზე მეტმა ოჯახს სასმელი წყალი აქვს სახლში.

30-40 წელში წყალი არავის არ გაუკვირდება საქრთველოში, მაგრამ მინდა, რომ გაიზარდოს თაობები,  რომლებიც, იმედია, ამ წყაროს მუხრანის წყალს, მუხრანის წყაროს, მუხრანის დანატოვრს უწოდებენ, სხვა ყველაფერთან ერთად თავის მშობლურ სოფელში.  

კიდევ ერთი პირობა შესრულდა, რომელიც მას მივეცით. იცით, რომ მაშინ, როდესაც მას ვესაუბრებოდი, აქვე, გვერდზე სოფელში იდგნენ დამპყრობლები და ისინი  აქედან გავიდნენ. ასევე გავლენ დანარჩენი საქრთველოდან. ეს მთავრი დანაპირები ჯერ კიდევ შესასრულებელი გვაქვს.

რა თქმა უნდა, ჩვენი ცხოვრება არ არის მარტივი და ბევრი რამ ბევრად უფრო ნელა იცვლება, ვიდრე ვისურვებდი. თან, პორბლემები ყოველ წუთს იქმნება. შარშან, ერთი წლის წინათ საწვავი, რომლის საშუალებითაც მიწას ამუშავებდით, ბევრად იაფი ღირდა, ვიდრე წელს. გაძვირდა საკვები პროდუქებიც.

აქაურობა მცირემიწიანია და ოჯახები ძლივს ახერხებენ საკუთარი თავის გამოკვებას, მაგრამ, ამავე დროს, მინდა გვესმოდეს, რომ ყველა დაბრკოლების მიუხედავად საქართველო  ივლის წინ, რადგან ჩვენ ვართ ძალიან, ძალიან ნიჭიერი ერი, ძალიან ნიჭიერი მრავალეთნიკური საზოგადოება.

იმის მიუხედავად თუ რა დაბრკოლებებს შეგვიქმნიან, როგორც არ უნდა წაგვაქციონ, მაინც ყოველთვის წამოვდგებით და წინსვლას გავგრძელებთ.

ამას წინათ, თამარ კვესიტაძის ქანდაკების პროექტი ვნახე და, როგორც ყოველთვის, თბილისის ცენტრში მყოფმა კრიტიკოსებმა ამ ქანდაკებას ცხვირი აუწიეს. მე ეს არ მიკვირს, რადგან ეს ჩვენი ძველი ჩვევაა - თუ ვინმე გამოჩნდა ჩვენში  განსაკუთრებული და ნიჭიერი ჩვენ თვითონ უნდა გადავეკიდოთ, თავად უნდა დავუპირისპირდეთ და თავადვე დავკორტნოთ.

რა თქმა უნდა, ეს მტკივნეულია ყველა მხატვრისთვის თუ ხელოვანისთვის, პოეტისა თუ მწერლისთვის, პოლიტიკოსისა თუ უბრალო მოქალაქისთვის, მაგრამ ამ ქანდაკების მთავრი არსი არის ის, რომ დაჩეხილი, განადგურებული, დაჭრილი ქართველები ყველაფრის მიუხედავად დგებიან და აგრძელებენ მოძრაობას წინ. ეს არის არა ომში დაღუპულთა ან რეპრესიის მსხვრეპლთა ძეგლი, არამედ იდეა საქართველოსი - როგორც არ უნდა დაგვანაწევრონ, როგორც არ უნდა დაგვჩეხონ, როგორც არ უნდა დაგვჭრან და როგორც არ უნდა გვებრძოლონ, ჩვენ მაინც დავდგებით ფეხზე და გავაგრძლებთ წინსვლას.

ეს ძალიან მაგარი იდეაა და ვინც რა არ უნდა თქვას, ეს ძეგლი არა მარტო დაიდგმება საქართველოს რომელიმე ქალაქში, არამედ იდეაც აღსრულდება - როგორც არ უნდა ეცადონ მის დაჩეხვას და დაპატრონებას, საქართველო წავა წინ!

მეორე საკითხი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ყოველივე ეს  ჩვენი ხალხის შიდა ენერგიის გამოყენებით უნდა გავაკეთოთ, არ ვიცი ადევნებთ თუ არა თვალს პოლიტიკურ დებატებს (ალბათ ადევნებთ, რადგან თქვენ ყველაფერი გაინტერესებთ), მაგრამ ახლა იმართება დებატები იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს საარჩევნო სისტემა საქართველოში.

შემდეგი წლის არჩევნებისათვის უკვე მიმდინარეობს მზადება და  რამდენიმე რადიკალური პარტიის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ რაიონებს არ ყავდეთ საკუთარი  წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში. ანუ, პარტიამ უნდა გადაწყვიტოს  ვინ უნდა იყოს მათი წარმომადგენელი პარლამენტში.

რით არის რომელიღაც ადამიანი, რომელიც ბოლო 20 წელია გამოდის ტელევიზიით და თავს ასაღებს პარტიის ლიდერად, კოტე აბაშიძეზე [ადგილობრივი მოსახლე] ჭკვიანი, რომელსაც პოლიტიკასთან საერთოდ არ აქვს შეხება და ხვდება, რომ ეს სისულელეა?

საქმე ძალიან კონკრეტული და მარტივია. მე ვიყავი თბილისის ცენტრალური  რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი. მე ზუსტად ვიცოდი, რომ ანგარიშვალდებული ვიყავი არა ჩემი პარტიული ლიდერების წინაშე, არა რომელიმე მეგობრის წინაშე, არამედ იმ ხალხის წინაშე, რომელმაც ამირჩია. ეს ხალხი მოვიარე და ამ ადამიანებს მე თვალებში ჩავხედე და სწორედ ისინი გამაგდებდენენ შემდეგი არჩევნების დროს, თუ მათ დავალებას არ შევასრულებდი.

შემდეგი პარლამენტი დააკომპლექტებს სააქართველოს მთავრობას, ე.ი. პარლამენტს ბევრად უფრო დიდი გავლენა ექნება.

ერთი და იგივე 30-40-50 კაცი, რომლებსაც ბოლო 20 წელია ტელევიზორში ვხედავთ, ახლა იმისთვის იბრძვის, რომ ერთმანეთში გადაინაწილონ ყველაფერი.

ისინი არც მიწას არ ამუშავებენ, ტრაქტორს არ ატრებენ, ხალხისთვის სასარგებლო რაიმე საზოგადოებრივ საქმეს არ აკეთებენ. ეს ადამაინები საღამოობით წავლენ ტელევიზიაში და ტელეეთერის მეშვეობით დაგვარიგებენ ჭკუას.

მართალია, ეს პოლიტიკაა, ყველას თავის საქმე აქვს და ესეც დემოკრატიის ნაწილია, მაგრამ ერთი და იგივე 30-40 კაცი ბოლო 20 წელია ჭკუას არიგებს მთელ საქართველოს და მერე ამბობს: რაში გვჭირდება რაიონებს ვკითხოთ, თუნდაც, თბილისის რაიონებს ან მის მოსახლეობას, რუსთავის, საჩხერის ან არგვეთის მოსახლეობას, ვინ უნდა წარმოადგინოს ისინი და ვინ უნდა დააკომპლექტოს საქართველოს მთავრობა? აქვე შევიკრიბებით ვინმე გიო, დათო, ნიკა და ა.შ. თავად გადავწყვეტთ და გადავინაწილებთ ადგილებს და ჩვენს ბრძნულ გადაწყვეტილებას შემდეგ შევატყობინებთ ხალხს. ახლა ხალხი არ არის მომწიფებული იმისთვის, რომ ჩვენ აგვირჩიოს, რადგან ისინი არ არიან ამ დონეზე...

აი ეს არის, რასაც ისინი გვათავაზობენ.

აქ არის თქვენს მიერ არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი და თუ შემდეგ არჩევნებზეც გამოუცხადებთ ნდობას,  შემდეგი მთავრობა უნდა დააკომპლექტოს მან, უნდა შეარჩიოს პრემიერ-მინისტრიც, მინისტრებიც. იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენ აღარ გკითხავენ, მინისტრებს და პრემიერ-მინისტრს შეარჩევს ერთი და იგივე 30-40 ადამიანი, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მაქსიმუმ, რუსთაველზეა ნამყოფი ან იქვე, სადმე, გვერდზე ქუჩაზე - ნაქეიფარი.

მე კარგად მესმის, აქაც და უცხოელებთანაც ამბობენ, რომ დემოკრატია უნდა იყოს. პირველი, მე ვარ მომხრე, რომ საქრთველოში დემოკრატია იყოს.

ეს პარტიები სუსტებია, მაგრამ არავინ კითხულობს რატომ. მათი სისუტე განპირობებულია იმით, რომ საერთოდ არ აინტერესებთ, მაგალითად, სოფელ არგვეთის მცხოვრებთა აზრი. არადა, თუ ხალხის აზრი არ გაინტერესებს, მის  მხარდაჭერას ვერ მიიღებ, ხოლო თუ ხალხის მხარდაჭერას არ გექნება, რა თქმა უნდა, იქნები სუსტი. ამას ისინი საკუთარი „გენიალურობით" ხსნიან და ამბობენ, რომ ხალხი მათ „დონემდე" ვერ გაიზარდა...

ბავშვობაში აქვე, მეზობლად ხშირად ჩამოვდიოდი და ვიცი, რომ აქ ბევრად უფრო ჭკვიანი ხალხია, ვიდრე მაშინ ვაკეში ან საბურთალოზე იყო.

ვარდების რევოლუციის მთავრი არსი იყო ის, რომ პოლიტიკა ხალხისთვის დაგვებრუნებინა და ჩვენ ეს შევძელით.  რა თქმა უნდა მაგრამ, ყოველთვის ყველაფერი იდეალურად არ გამოდის, ჩვენ ერთი რამ ვიცით - ჩვენი ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ხალხმა აგვიყვანა ხელში, მიგვიყვანა და დაგვსვა იქ, სადაც ახლა ვართ და ხალხსვე შეუძლია იქიდან გამოგვყაროს, რადგან მისი აზრი არის გადამწყვეტი. ხალხი არ არის სტატისტიკური ერთეული, ის არის კონკრეტული პიროვნებებისგან შემდგარი ერთობა, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ინტელექტი და ნიჭი და რომელმაც უდიდესი გამძლეობა გამოიჩინა მრავალი წლის განმავლობაში.

კარგი იქნება, თუ საქართველოში ახალი ხალხი გამოჩნდება. არ შეიძლება, სულ ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებდნენ, რომლებიც საკუთარ თავს ნიშნავენ პარტიის ლიდერებად, თავს მიიჩნევენ გენიოსებად და დანარჩენებს არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. აუცილებლად უნდა გამოჩნდეს ახალი სახეები.

სხვათა შორის, თუ ამჩნევთ, ამ მხრივ, ჩვენ სულ ვატარებთ ექსპერიმენტებს. მართალია, ეს ექსპერიმენტები ყოველთვის წარმატებული არ არის, მაგრამ მთავრობაში მუდმივად მოგვყავს ახალი ხალხი. ახალი ხალხი უნდა მოვიყვანოთ პარალმენტშიც, მაგრამ თუ გვინდა წინ წავიდეთ, უპირველეს ყოვლისა,  საზოგადოების თითოეული წევრის აზრი უნდა გავითვალისწინოთ.

დემოკრატია მუშაობს ასე. დემოკრატია არ არის ერთი და იგივე 100 ადამიანის მმართველობა, რომლებიც თავს ელიტად მიიჩნევენ და სხვებს ზემოდან ქვემოთ უყურებენ.

ამას წინათ, ქუთაისში  მოხდა რაღაც. ჩავიდნენ იქ მწერლები, შეიძლება ცუდი შეიძლება კარგი, მაგრამ საქმე ამაში არ არის. ყველას უნდა ესმოდეს, რომ სიტყვა ბევრს ნიშნავს და მას შეუძლია ადამიანს გული ატკინოს. პოლიტიკა, მით უმეტეს, სიტყვების საქმეა. დაუშვებელია, რომ ზემოდან ქვემოთ უყურო რომელიმე ქალაქს, მით უმეტეს, თუ ეს საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია, საიდანაც მთელი ქართული ინტელიგენცია წამოვიდა. დღესაც კი, თბილისში ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტთა 60-70 პროცენტი ქუთაისელია. დაცინვა ხუმრობა არ არის. ამით ძალიან კონკრეტულ სუბსტანციას ეხები და მნიშვნელობა არ აქვს ნიჭიერი ხარ თუ არა, გინდოდა ამის გაკეთება თუ არა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გავაკეთე, რამაც ზოგიერთები გაღიზიანა და თქვეს: ეს რა პრეზიდენტის საქმეაო. იმის გამო რომ ვიღაცამ რაღაც თქვა, არც ვინმეს დაჭერას ვაპირებ - არც მაქვს ამის მექნიზმები და არც ვინმეს შეზღუდვას.  დემოკრატიაა და ვისაც რა უნდა ის თქვას, მაგრამ მეც ვარ ამ საზოგადოების ნაწილი და მეც მაქვს უფლება ქუთაისელების სახელით ვთქვა: არ ვაპირებ ჩვენი დაცინვა მოვისმინო და ავიტანო როგორ გვიყურებენ ზემოდან. თუ მას აქვს უფლება თქვას,  ჩემი  უფლებაა არ მოვისმინო და გავიდე დარბაზიდან. არავის არ აქვს იმის უფლება, საკუთარი აზრი თავს მოგვახვიოს, მით უმეტეს, უნიჭოდ ნათქვამი. საქართველო ეკუთვნის თითოეულ მის მცხოვრებს, მიუხედავად იმისა, არგვეთში ცხოვრობს, საჩხერში, ქუთაისში, ვარკეთილსა თუ ვაკეში - ჭავჭავაძეზე, ფალიაშვილსა თუ  ბარნოვზე. სხვათა შორის, ვაკეს სულაც არ ვემტერები - რამდენჯერმე სწორედ ამ რაიონის დეპუტატი ვიყავი.

სწორედ იმიტომ, რომ ვიყავი დეპუტატი, ვიცი რა არის მთავრი პრინციპი -   დამოკიდებული უნდა ვიყო საზოგადოებაზე და არა პარტიულ ბოსზე.

ასევე ვიცი რას ნიშნავს დემოკრატია და რას ნიშნავს ქვეყანა და მისი სამშვიდობოს გაყვანა. გაიყვანო ქვეყანა სამშვიდობოს ნიშნავს, რომ ყოველდღიურად ემსახურო ხალხს პატარა თუ დიდი საქმეებით და არა იმას, რომ მიეცე საკუთარი თავით ტკბობას, იზრუნო ვიღაცების ამბიციების დასაკმაყოფილებლად და ჯიბის შესავსებად.  

ასე რომ, დღეს აქ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა.

მუხრან მაჭავარიანი ბუმბერაზი ადამიანი იყო და ეს ყველამ ვიცით. მისით თითოეული ჩვენგანი ამაყობს და, განსაკუთრებით, თქვენ, რადგან იგი ამ სოფლიდან იყო. 

ქალბატონმა ნანამ კარგად იცის, რომ ყველა გადმწყვეტ მომენტში მუხრან მაჭავარიანი საქრთველოს ეროვნული ინტერესების მხარეს დადგა. ხშირად ამას აკეთებდა ძალიან ჩუმად, რადგან მისი ყველა საჯარო გამონათქვამი შეიძლება გამხდარიყო თავდასხმის ობიექტი პატარა, ამბიციური, შურიანი და ღვარძლიანი ადამიანსთავის, რომელსაც მიეცემოდა იმის საბაბი, რომ ამ მიუწვდომელ გენიოსზე ამოეყარა საკუთარი კომპლექსების ჯავრი. ამის მიუხედავად, იგი ყოველთვის  ჭეშმარიტების მხარეს იდგა და ერთხელაც არ შეშლია რაიმე. მართალია, შეცდომები ყველას მოგვდის და ამ მხრივ, არც გენიოსია გამონაკლისი, მაგრამ ამ კაცს არაფერი არ შეშლია. არ შეშლია იმის გამო, რომ არასდროს არ მოწყვეტია თავის ხალხს და მიწას.  კარგად მახსოვს როგორ დაგვავალა მან ამ სოფელში წყლის გაყვანა...

უბრალოდ მინდა ვინატრო, რომ რაც არ უნდა გლობალიზაცია მოხდეს, ქართული ყოველთვის იყოს მთავარი გენეტიკური კოდი ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადეოებისა,  რომელშიც სხვადასხვა ენებზე საუბრობენ, სხვადასხვა კულტურა აქვთ და რასაც  პატივი უნდა ვცეთ. ეს არის ერთიანი ქართული კულტურის შემადგენელი კომპონენტი. მუხრან მაჭავარიანი, მისი გენიალურობით, უნდა იყოს ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩვენი ერთობისა და მომავალი წარმატების.

დღეს მინდა მადლობა გითხრათ იმისათვის, რომ ამ კაცს ცხოვრების ბოლო წლები,  შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად კომფორტულად გაატარებინეთ და მანაც მადლიერება თქვენ მიმართ ამ ახალი წყალგაყვანილობის სისტემის სახით გამოხატა. ეს სწორედ მან გააკეთა და არა რომელიმე ჩვენგანმა.

დღეს თქვენი დავალებით, დიდი სიამოვნებით მოვუშვებ მისი სახელობის წყალს თქვენს სოფლებში.

ალბათ ადრე უნდა გვეზრუნა ამაზე მინდა შეგახსენოთ ისიც, რომ მუხრან მაჭავარიანის გარდაცვალება გახდა იმის მიზეზი, რომ საქართველოში, დაახლოებით, 50 ადგილზე დავაყენეთ დეფიბრილატორები. მართლაც საოცარად მძიმე  საყურებელი იყო ის, რაც მოხდა და ამიტომ, ყველა საჯარო შეკრების ადგილას, იქ, სადაც  100-ზე მეტი ადამიანი იკრიბება, იქნება დეფირილატორი. საამისოდ,  წინა თვეში კიდევ ერთხელ გაიარეს ტრენინგი თავშეყრის ადგილებში მომუშავე ადამიანებმა. ისევე როგორც თქვენი წყალი, ეს დეფიბრილატორი მუხრან მაჭავარიას სახელობისაა.  

ასე რომ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც აქ არ ვყოფილვარ,  სამი კარგი საქმე გაკეთდა: პერევიდან, როგორც იქნა, მოშორდნენ ეს ხორცმეტები,  მთელ საქართველოში დაყენდა დეფიბრილატორები და აქ გამოვიდა წყალი.

აი რას ნიშნავს, როდესაც ადამიანი არის ნიჭიერი. ნიჭი ყოველთვის სიკეთეს თესავს, ამაში დარწმუნებული ვარ.

დიდ მადლობა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)