Google+

სიახლეები

08.03.2011
მიხეილ სააკაშვილი: საქართველომ აგრარული ქვეყნის სტატუსი უნდა დაიბრუნოს

საქართველოს პრეზიდენტი სოფლის მეურნეობაში მიმდინარე რეფორმას და ამ სექტორში გლეხების დახმარების სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობას გაეცნო. სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა სიახლეები ინერგება ამ სფეროს გასავითარებლად. ბაკურ კვეზერელმა ყურადღება სოფლის ტექნიკური აღჭურვის, მექანიზაციის პროექტებსა და მეთესლეობის პროგრამაზე გაამახვილა, რომელთა საბოლოო მიზანი ქვეყანაში მოსავლიანობის გაზრდა და ახალი ჰიბრიდული ჯიშების დანერგვაა. აღინიშნა ისიც, რომ 2010 წელს დაწყებული რეფორმის შედეგად საქართველოში მოწეული ბოსტნეული კულტურები ექსპორტზე უკვე გადის.

შეხვედრისას, პრეზიდენტი იმ აგრონომებსაც გაესაუბრა, რომლებმაც სახელმწიფო პროგრამის „სწავლული აგრონომის" ფარგლებში კვალიფიკაცია უცხოეთში აიმაღლეს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველომ აგრარული ქვეყნის სტატუსი უნდა დაიბრუნოს, რისთვისაც სიახლეების დანერგვაა საჭირო.   

 „მიუხედავად იმისა, რომ დიდი სამუშაოა გაწეული, ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ. ჩვენ გვეგონა, რომ მთავარი იყო სახელმწიფოს მხრივ ზოგადი კლიმატის შექმნა და ბევრი რამ თავისით განვითარდებოდა. განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის სფეროში კი სახელმწიფოს აქტიური, მიზანმიმართული, პირდაპირი ჩარევის გარეშე კონკრეტული  შედეგების მიღწევა, ნაკლებადაა სავარაუდო და შესაძლებელი. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ მთავრობა უნდა გადაიქცეს აგრარულ მთავრობად. საქართველოს მთავრობა გამუდმებით იმუშავებს იმისათვის, რომ საკუთარი მოქალაქეები კარგად გამოკვებოს და  საქართველოს დაუბრუნოს მისი სახელწოდების ძირითადი მნიშვნელობა - აქციოს მიწათმოქმედების ქვეყნად. იმას გარდა, რომ ეს გამოკვებავს მთელ საქართველოს, გახდება სიმდიდრის წყაროც, რადგან უზრუნველყოფს სხვა ბაზრებს და ქვეყანას შემოსავალს მოუტანს. შეიძლება უხეში შედარება იყოს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ის, რომ თქვენი სამინისტრო ნამდვილ სამხედრო შტაბად გადაიქცეს; საჭიროა მთელი მთავრობის კონსოლიდაცია, რათა სასწრაფოდ ამაღლდეს სოფლის მეურნეობის ნაყოფიერება.

მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე, დროის და მსოფლიო ტენდენციების წინააღმდეგ ნამდვილ შეჯიბრში ვიმყოფებით. საქართველო არ არის სინგაპური, რომელსაც არც მიწა ჰქონდა და არც სასმელი წყალი, აღარფერს ვამბობ სარწყავზე. საქართველოს შეუძლია იყოს ძალიან ძლიერი ქვეყანა. წვეთოვანი სისტემები უნდა დავნერგოთ ყველგან და ნახავთ რა შედეგი გვექნება. ეს იმ ადგილებიდან უნდა დავიწყოთ, სადაც ყველაზე მეტი პრობლემა შეგვიქმნეს სარწყავ სისტემებთან დაკავშირებით - ვგულისხმობ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე რეგიონებს. ექსპერიმენტის სახით ამ ტერიტორიებზე დიდი მეურნეობა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ეს სისტემა, თანამედროვე სარწყავი საშუალებები ყველგან უნდა დაიდგას. ასევე უნდა დავნერგოთ ახალი ტექნოლოგიები.

ძველად იყო წარმოდგენა, რომ აგრარული სახელმწიფო ჩამორჩენილი ქვეყანაა. ეს ასე არ არის. თანამედროვე დროს, განვითარებული აგრარული კომპლექსი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია.

ჩვენ ამ ბრძოლის წინა ხაზზე ვიმყოფებით. დღესდღეობით, ყველაზე მეტად ხალხს საქართველოს რეგიონებში უჭირს. ელექტროენერგიისა და სურსათის 20 და 30 ლარიანი ვაუჩერები დიდი შეღავათია იმ მოსახლეობისთვის, რომელიც სოფლად, მაგალითად, 8 ლარის ელექტროენერგიას ხარჯავს, ვზრდით პენსიებსაც და ყოველივე ეს, გარკვეულწილად, გააუმჯობესებს სოციალური დაცვის მექანიზმს, მაგრამ მთავრი სოციალური დაცვა არის ჩვენი აგრარული მთავრობის მუშაობა და ბევრად მეტი შემოსავლის უზრუნველყოფა. ბევრმა პროგრამამ, რომელთა განხორციელება დიდი ხნის წინათ დავიწყეთ, შედეგი უკვე მოგვცა, რაღაც-რაღაცები ადრეც უნდა დაგვეწყო, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ჩათვალეთ, რომ ჩვენ უნდა გადავიქცეთ 24-საათიან რეჟიმში მომუშავე შტაბად. ქვეყნის მიერ ამ მსოფლიო შტორმში შედარებით უვნებლად სამშვიდობოს გასვლა დამოკიდებულია თითოეული თქვენგანის მუშაობაზე. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი შეხვედრები მიიღებს რეგულარულ ხასიათს, შეიქმნება მთავრობასთან არსებული შტაბი, რომელიც იმუშავებს აგრარული სექტორის გაძლიერებაზე, საწარმოების გახსნასა და ხალხის დასაქმებაზე. ჩვენ ვიმუშავებთ იმაზეც, რომ შუასაუკუნოვანი სოფლის მეურნეობიდან 21 საუკუნის სოფლის მეურნეობაზე გადავიდეთ არა მხოლოდ2015 წლის მოდერნიზაციის პროგრამის ფარგლებში, არამედ უახლოესი 12-18 თვის განმავლობაში. ამისათვის დიდი მონდომებაა საჭირო. ეს ამბიციური პროგრამა ყველამ ერთად უნდა განვახორციელოთ და ახლა ყველაფერი თითოეული თქვენგანის ენთუზიაზმსა და პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)