Google+

სიახლეები

06.01.2011
საქართველოს პრეზიდენტი სომხურ მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ავლაბარში მდებარე სომხურ მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას ესტუმრა, რომელიც შობის და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო წირვა-ლოცვის შემდეგ პრეზიდენტმა იქ შეკრებილ მრევლს პირადად მიულოცა. მიხეილ სააკაშვილმა მათ სიტყვით მიმართა და საქართველოსა და სომხეთის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობასა და მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება.

„სომხეთის მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას და თითოეულ თქვენგანს მინდა შობის ბრწყინვალე დღესასწაული მოგილოცოთ. მართლაც ძალიან ვაფასებ თქვენი ეპისკოპოსის - ვაზგენის საქმიანობას ჩვენი თანამოქალაქეების სულიერი მხარდაჭერის საქმეში, ისევე, როგორც ორი უძველესი ქრისტიანული ერის, სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობის განვითარებაში. იშვიათად, რომ მსოფლიოს ისტორიაში რომელიმე ერებს ათასწლეულების განმავლობაში აკავშირებდეთ ერთმანეთის გვერდით ასეთი მტკიცე თანაარსებობა, ახლობლობა, მეგობრობა, ძმობა, ერთმანეთის გატანა, მხარდაჭერა ურთულეს გარემოებებში, ურთულეს ისტორიულ და გეოპოლიტიკურ ვითარებაში. ამგვარად, ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობა არა მარტო წარსულზეა დაფუძნებული, არამედ იმაზეც, რაც აწმყოში გვაქვს და რაც აუცილებლად გვექნება მომავალში. ამავე დროს, საქართველოში მცხოვრები სომხები საქართველოს ეროვნული სხეულის, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განვითარების განუყოფელი ნაწილი არიან. არ უნდა დავივიწყოთ ის წვლილი, რომელიც სომხებმა შეიტანეს საქართველოს არა მხოლოდ ეკონომიკურ, კულტურულ და სულიერ განვითარებაში, არამედ ქვეყნის გადარჩენის საქმეში. უამრავი მათგანი საუკუნეების განმავლობაში, მათ შორის, ბოლო წლებში, იარაღით ხელში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ერთიანობისთვის და თავისუფლებისთვის. მათ საკუთარი სისხლით შეიტანეს წვლილი იმაში, რომ საქართველო გადარჩა და ვითარდება. ჩვენ ეს არ გვავიწყდება და გვინდა, რომ ესეც იყოს საფუძველი იმისა, რომ თითოეული თქვენგანი თავს გრძნობდეს ჩვენი ქვეყნის განუყოფელ ნაწილად და ისევე როგორც ჩვენი დანარჩენი მოქალაქეები, ამ ქვეყნის სრულფასოვან  ბატონ-პატრონად და მისი მომავლის შემქნელად. საქართველოში ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები. თითოეულ მათგანს თანაბრად ეკუთნის ჩვენი ქვეყანა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მათგანს აქვს პასუხისმგებლობა და ინტერესი, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი, ძლიერი და განვითარებული. ასევე მინდა მოკითხვა გადავცე სომეხი ერის მთელ მსოფლიოში გაბნეულ წარმომადგენლებს, გადავცე მოკითხვა სომხეთის კათოლიკოსს გარეგინ მეორეს და სომხეთის მთელ სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს და თითოეული თქვენგანის ოჯახს წარმატებას, ბედნიერებას და ღვთის წყალობას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

წმინდა ეჩმიაძინის თბილისის ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია საქართველოში სომეხთა წმინდა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის მღვდელმთავარმა, მეუფე ვაზგენმა აღავლინა, რის შემდეგაც მან საქართველოს პრეზიდენტს მიმართა და მადლობა გადაუხადა მას შობის ბრწყინვალე დღესასწაულის პირადად მილოცვისთვის, ასევე იმ სახელმწიფო პოლიტიკისთვის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით ახორციელებს. 

"როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე აღნიშნავს, სომხეთის სამოციქულო და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიები ასწლეულების განმავლობაში სრულ ჰარმონიასა და იდილიაში თანაარსებობენ. ჩვენი ეკლესიის მრევლს, რომლებიც საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეები არიან, მრავალი საუკუნის განმავლობაში შეაქვთ საკუთარი წვლილი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს, ჩვენს ტაძარს მიხეილ სააკაშვილი ეწვია, ისე, როგორც ამას აკეთებდა დავით აღმაშენებელი. ეს გამოხატავს თქვენს კეთილგანწყობას და პატივისცემას. დავით აღმაშენებელი სტუმრობდა როგორც ქრისტიანულ, ისე მუსლიმურ სალოცავებს. მოხარული ვარ, რომ ეს ტრადიცია გრძელდება", - აღნიშნა მეუფე ვაზგენმა.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)