Google+

სიახლეები

03.12.2010
საქართველოს პრეზიდენტმა გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზ-ი) ახალ შენობაში გახსნა

მოგესალმებით ყველას.

აქ რამდენიმე წლის წინათ ვიყავი და მახსოვს ის დაბინძურებული, არაესთეტიკური გარემო, სადაც მხოლოდ ძველი კადრები მუშაობდა. ალბათ გახსოვთ, რომ ლამის მთელი მთავრობა გადავაყოლე აქ არსებულ ვითარებას.

იმ პერიოდთან შედარებით, მართლაც საოცარ პროგრესს ვამჩნევთ.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველომ შთამბეჭდავი წინსვლა აჩვენა ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, სახელმწიფოსა და მეწარმეების ურთიერთობაში ჯერაც ბევრი ხარვეზია დარჩენილი.

თქვენ ყოველდღიურად გაქვთ შეხება მათთან და ჩემზე უკეთ იცით, რომ ჯერაც ძალიან ბევრ მეწარმეს აქვს განცდა, რომ სახელმწიფო მას სათანადოდ არ უსმენს და უსამართლოდ ექცევა; ჯერაც ხშირია შემთხვევა, როდესაც სასჯელი უფრო დიდია, ვიდრე ამას არსებული დარღვევა იმსახურებს.

მეწარმეებს ხშირად სამართლიანად უჩნდებათ განცდა, რომ სახელმწიფო არ აკეთებს საკმარისს იმისათვის, რომ ბიზნესგარემო კიდევ უფრო უკეთესი იყოს. ამის გამო, უამრავ საქმიან ადამიანს დაკარგული აქვს სტაბილურობის შეგრძნება და თავს არიდებს ბიზნესის რისკებს, შესაბამისად, არ ახდენს ახალი კაპიტალის ინვესტირებას ბიზნესის გაფართოებაში და არ ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. უამრავი ხალხი, ვისაც შეეძლო ბიზნესის დაწყება, თავს იკავებს, რადგან ეს მათ წარმოდგენაში დაკავშირებულია დამცირებასთან, კარდაკარ სიარულთან, უხეშ მოპყრობასთან და ა.შ.

საქართველოს მომავალი დგას ჩვენი ქვეყნის მეწარმეების, მცირე და საშუალო ბიზნესმენების, საქმიანი ადამიანების მხრებზე. მე ტყუილად არ დავრბივარ საქართველოს რეგიონებში და ვხსნი ხან ერთ ეკონომიკურ ზონას და ხან მეორეს. პირადად დამაქვს პროექტები და ვცდილობ მათ განხორციელებას. შეიძლება ადამიანმა იკითხოს, რა დროს სასტუმროა, როდესაც ქვეყანაში ამდენი გაჭირვებული გვყავსო, მაგრამ იმისათვის, რომ გაჭირვება ნაკლები იყოს და ჩვენი ხალხი უკეთესად ცხოვრობდეს, უნდა გამოვაღვიძოთ მეწარმის სულისკვეთება და უნდა შეიქმნას ძალიან ბევრი მცირე და საშუალო ბიზნესი, რადგან, საბოლოოდ, სწორედ ისინი ქმნიან ჩვენი ქვეყნის დოვლათს.  

ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მეწარმე თავს კომფორტულად გრძნობდეს; რომ მის ირგვლივ იყოს შექმნილი სამართლიანი ეკონომიკური გარემო; რომ იგი იყოს თავდაჯერებული. მხოლოდ ასეთი მეწარმე შეძლებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მეტი ეროვნული დოვლათის დაგროვებას, სახელმწიფოს წინსვლას და საქართველოს დამკვიდრებას მსოფლიოში. ეს მოხდება ახალი სამუშაო ადგილების შექმნით და დოვლათის დაგროვებით.

ჩვენ გვახარებს მეწარმეთა წარმატება და კარგად გვესმის მათი წუხილი.

ამიტომ დღეს, ჩვენ ვაცხადებთ ეკონომიკის ახალ კურსს, რომლის მიზანია არსებული ხარვეზების სრულად დაძლევა და გაცილებით უკეთესი ბიზნესგარემოს შექმნა საქართველოში.

"ახალი კურსი" ითვალისწინებს: 

  • ახალი საგადასახადო კოდექსის ამუშავებას, რომელიც შეამცირებს საგადასახადო ადმინისტირების წნეხს მეწარმეზე.
  • დარღვევის პატიებისა და წინასწარი გაფრთხილების მექანიზმის შემოღებას; ასევე საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის ამოქმედებას, რათა მეწარმე უფრო დაცულად გრძნობდეს თავს.
  • დარიცხვის ისეთი მექანიზმის შემოღებას, რომ ბიზნესის შეცდომის გამო, დარიცხულმა თანხა საწარმოს გაჩერება და დანგრევა არ გამოიწვიოს; მაშინაც კი, თუ საწარმოს მფლობელი შეგნებულად არღვევს კონკრეტულ ნორმებს, საწარმო კი არ უნდა დაიხუროს, არამედ გადარჩეს და მუშაობა გააგრძელოს, რათა კონკრეტული ადამიანები ლუკმა-პურის გარეშე არ დარჩნენ.
  • ახალი, კვალიფიციური კადრების მომზადებას და ძველების გადამზადებას ისე, რომ ყოველი მათგანი იყოს, უპირველესად, ორიენტირებული ბიზნესის წარმატებასა და ხელშეწყობაზე; ისე, რომ მათთან მუშაობა მეწარმისათვის იყოს კომფორტული და გასაგები; ისე, რომ მათგან მოდიოდეს სამართლიანობის განცდა.
  • ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რომელიც მკვეთრად გაამარტივებს პროცედურებს და მომსახურებას, შეამცირებს ბიუროკრატიას და მომსახურეობის ვადებს მინიმუმამდე დაიყვანს. მაგალითად, ისე, რომ განბაჟების პროცედურის სრული ციკლის დასრულება მაქსიმუმ ერთ საათში იყოს შესაძლებელი.

მახსოვს, წინა მოსვლისას, კვირების განმავლობაში იყო დაგროვილი ტვირთი, მათ შორის, მალფუჭებადი პროდუქტები და არავინ არ იღებდა პასუხისმგებლობას. მებაჟე აბრალებდა ბროკერს, ბროკერი - გაურკვეველ საგადასახადო რეგულაციას და ა.შ. ერთი სიყვით, აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი ვითარება იყო შექმნილი. აქ ისევე სწრაფად წავა ეს პროცესი, როგორც მართვის მოწმობას აღების შემთხვევაში. შემდეგი რეფორმა სამეწარმეო სფეროს შეეხო.  ეს გაცილებით დიდი სფეროა, რადგან ბევრად დიდი ეკონომიკური ეფექტის მოტანა შეუძლია.   

მოკლედ რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა, გადასახადის გადახდა არის ყველა მეწარმის მონაწილეობა საზოგადოების განვითარებაში და ეს ყველას ვალია. თუ არა გადასახადების გადახდა, ვერ შევქმნით განათლების კარგ სისტემას, ვერ გვექნება კარგი ჯანდაცვა და სოციალური დაცვა, ვერ ავაშენებთ გზებს, ვერ შევქმნით ახალ ტურისტულ ინფრასტრუქტურას, ვერ შევქმნით კეთილდღეობის საფუძვლებს, ვერ ავაშენებთ რკინიგზებს და ა.შ. უდავოა, რომ საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანა ყველას ვალია, მათ შორის, სამეწარმეო საქმიანობაში ჩაბმული თითოეული პირის ვალი.  სახელმწიფომ გადამხდელს ხელი კი არ უნდა წაუჭიროს ყელში, არამედ ხელი უნდა ჩაკიდოს და როგორც ჭეშმარიტი პარტნიორები, ერთად უნდა გავიდნენ სამშვიდობოს.

ახალი კურსის შედეგად, ჩვენ მივიღებთ რეალურად ბიზნესზე ორიენტირებულ სახელმწიფო სტრუქტურას, რომელიც ჩასაფრებული კი არ იქნება დარღვევის გამოსავლენად, არამედ ითანამშრომლებს ბიზნესთან, რათა დაეხმაროს მას განვითარდეს სამართლიან და კანონიერ გარემოში.

მაგალითად, შეიძლება ვინმეს უწყისის ნომერი შეშლოდა და ამაზე აუცილებლად დაეკისრებოდა ჯარიმა. როდესაც გზაზე პატრულის თანამშრომელი გაჩერებს, ხშირად ის სიტყვიერი გაფრთხილებით იფარგლება. ასევე უნდა იყოს საგადასახადოს თანამშრომელიც. მისი ინტერესი არ უნდა იყოს ის, რომ ადამიანს ჩაუსაფრდეს და დარღვევა აღმოუჩინოს; მისი ამოცანაა ურთიერთობა და თანამშრომლობა ნდობასა და ხელშეწყობაზე ააგოს.  

ახალი ეკონომიკური კურსის პირველი მერცხალია გაფორმების ის ეკონომიკური ზონა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. უახლოეს თვეებში კიდევ ორი იხსნება ადლიასა და ფოთში.

ეს არის ის, რაც ჩაანაცვლებს აქამდე არსებულ ე.წ. ტერმინალებს, რაც წლების განმავლობაში ასოცირდებოდა სახელმწიფოს მიერ მეწარმეების ინტერესების სრულ იგნორირებასთან, გადამზიდავების ნერვების შლასთან, დიდ კორუფციასთან, გართულებულ პროცედურებთან, უსამართლობასა და უაზროდ დაკარგულ ძვირფას დროსთან იმ ბიზნესმენებისათვის, ვისთვისაც ყოველ საათსა და ყოველ დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს.

მანამდე აქ იყო ფულის დიდი მახე და ძალიან კარგად ვიცი, რაც აქ ხდებოდა. როდესაც ადამიანი მოდიოდა, ცალკე მებაჟე იღებდა ფულს, ცალკე ბროკერი, შემდეგ დარაჯს უხდიდა 20-30 ლარს... ერთი სიტყვით, იყო სრულიად გაუგებარი ბიუროკრატიული პროცედურა. ეს იყო ძველი სისტემის გადმონაშთი, რომელიც პირდაპირკავშირში იყო უსამართლობასთან.   

თქვენ გახსოვთ, რომ მე არაერთხელ ვყოფილვარ საბაჟო ტერმინალების არასასურველი სტუმარი, რადგან წინასწარ გაფრთხილების შემთხვევაში ქმნიდნენ წესრიგის და მშვიდი ვითარების ილუზიას. ამიტომ მოულოდნელი შემოწმების შედეგად, ხან სარფში, ხანაც სხვა ადგილებში, რამდენიმე საბაჭოს უფროსი გავათავისუფლეთ დაკავებული თანამდებობიდან. ის, რაც ყოველთვის გვხვდებოდა ტერმინალებსა და საბაჟოზე, ჩემი განსაკუთრებული გულისწყრომის საფუძველი და აუღებელი ციხე-სიმაგრე იყო. ეს იმ ათასობით გადამზიდავის გულისწყრომის გამოძახილი იყო, რომელსაც გამწარებული ჰქონდა ცხოვრება იმ უამრავი პრობლემის გამო, რასაც ტერმინალებში ხელოვნურად უქმნიდნენ და ჩვეულებრივ აწყდებოდნენ.

ეს უწყება მე ჯერ არასდროს არ შემიქია, მაგრამ იმის ფონზე, რაც დღეს აქ გაკეთდა, არ შემიძლია არ შევაქო საგადასახადო და საბაჟო სამსახურები.

ამიერიდან, გადამზიდავები და საქმიანი ადამიანები აქ იმისგან სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას მიიღებენ, რასაც აქამდე იყვნენ შეჩვეულები და, ალბათ, რაც წარმოედგინათ.

გაფორმების ეკონომიკური ზონა (ანუ გეზ-ი) მკვეთრად ამცირებს ბიუროკრატიას და სამი-ოთხი ინსტანციის ნაცვლად, გადამზიდავს საშუალება ექნება ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღოს სრული მომსახურეობა.

ამას გარდა, აქ მინიმუმ განახევრდება განბაჟების მომსახურების ხარჯები - თუ ადრე ერთი ტვირთის განბაჟება, საშუალოდ, 450 ლარი ჯდებოდა, ახლა ეს პროცედურა 200 ლარამდე შემცირდება.

და რაც ყველაზე მთავარია,  მკვეთრად მცირდება მომსახურების დრო გადამზიდავებისთვის, რომლებიც მიჩვეული იყვნენ დღეებისა და კვირების განმავლობაში ლოდინს. ეს შეიძლება დაუჯერებელიც იყოს, მაგრამ, ვიმეორებ,  ამიერიდან, აქ ტვირთის განბაჟება, მაქსიმუმ, ერთსაათიანი პროცედურა იქნება.  

ასეთი ულტრა თანამედროვე გაფორმების ეკონომიკური ზონები (გეზ-ები) ჩაანაცვლებს აქამდე არსებულ ტერმინალებს ფოთსა და ბათუმში, რომლებსაც ერთ თვეში, იანვრისთვის გავხსნით.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ აქ ახალი კადრები მოიყვანეს, ძალზე სიმპატიური ახალგაზრდები, უნივერსიტეტების წარჩინებული კურსდამთავრდებულები, რომელთა ხელფასები 600 ლარიდან იწყება, ზოგიერთს კი 1200 ლარიც ექნება. ახალი უმაღლესდამთავრებულისთვის, იმ პირობებში, როდესაც სამსახურში სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსით  მოდის და აქვს ნორმალური სასადილო, რომელშიც ჩვენ უკვე ვიყავით, რა თქმა უნდა, შრომითი საქმიანობის კარგი დასაწყისია.

მიხარია, რომ ახალი ხალხი და ახალი სულისკვეთება შემოვიდა ჩვენს სისტემაში.

ჩვენ წელს კონცეტრირებული ვიყავით ინფრასტრუქტურის შექმნაზე, საგადასახადო კანონმდებლობის გასწორებასა და სისტემის გაჯანსაღებაზე ახალი კადრების დანიშვნის გზით.

  • პრაქტიკულად მთლიანად დასრულდა ძირითადი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია;
  • ახალი კოდექსი მივიღეთ, რომელიც 1 იანვრიდან შედის ძალაში, ხოლო საბაჟო კოდექსი საერთოდ გაუქმდა;
  • მიმდინარეობს ახალი კადრების ტრენინგი და არსებული სპეციალისტების გადამზადება.

ახლა ეს სამი კომპონენტი - განახლებული ინფრასტრუქტურა, ახალი კანონმდებლობა და ახალი განათლებით აღჭურვილი კადრები თავს მოიყრის ახალ ეკონომიკურ კურსში. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბიზნესგარემოს, შესძენს ჩვენს მეწარმეებს უფრო მეტ თავდაჯერებულობას, შექმნის უფრო სამართლიან პირობებს და შედეგად, უზრუნველყოფს უფრო ჩქარ სვლას მდიდარი და დასაქმებული საქართველოსკენ. 

ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავიღოთ გეზ-ი ასეთი საქართველოსკენ.

გილოცავთ ამ შესანიშნავი არა მარტო ტერმინალის გახსნას, არამედ მთლიანად ფსიქოლოგიის ცვლილებას.

მთავრობამ უკვე ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ბიზნესი განვითარდეს. ახლა ყველფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენ არ მოვადუნოთ ყურადღება,  ყველაფერი, რაზეც ვილაპარაკეთ ზედმიწევნით განხორციელდეს და ბიზნესმაც მაქსიმალურად ისარგებლოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ადვილი და გამარტივებული სისტემით.

ეს მართლაც ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია.    

გმადლობთ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)