Google+

სიახლეები

16.11.2010
საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისის ოპერის თეატრის წინ ქუთაისის მოსახლეობას მიმართა

მოგესალმებით  ყველას.

გაოცებული ვარ ოპერის თეატრის სილამაზით...

დღეს აქ, ქუთაისში საქართველოს მთავრობის ახალი სახლის მშენებლობა გავხსენი.

თქვენ გეგონათ, აქ მარტო პარლამენტი გადმოდიოდა, მაგრამ  ჯერ პარლამენტი შემოგაპარეთ, ახლა - მთავრობა და თანდათან ვახორციელებთ  ქუთაისის მეორე დედაქალაქად ქცევის პროექტს.

ეს მნიშვნელოვანი  დღეა, რადგან მთავრობის სახლი ერთი წლის შემდეგ გაიხსნება.

პარლამენტს კიდევ წელიწადნახევარი დაჭირდება, მაგრამ ამ ეტაპისათვის, ალბათ, პარლამენტის ყველაზე ლამაზი შენობა გვექნება მსოფლიოში.  

რატომ ქუთაისში?

მინდა, რომ კარგად გვესმოდეს სად არის ქუთაისი. გეოგრაფიულად, საქართველოს ცენტრი გადის ხაშურიდან ოდნავ მოშორებით, დასავლეთისკენ , მაგრამ საქართველოს ცენტრთან ყველაზე ახლოს მყოფი დიდი ქალაქი არის ქუთაისი.

განვითარება ხდება ზღვის მიმართულებით.  ჩვენი ზღვისპირეთის ნაწილი,  ყველაზე მნიშვნელოვანი ტერიტორია და „გველეშაპს" კლანჭებში აქვს ჩაგდებული, ქართლის  ნაწილში ის პირდაპირ თავზე დაგვყურებს თავისი სამხედროებით.  ყოველივე ამის გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით,  რომ  თბილისს სჭირდება განტვირთვა, ხოლო ამ რეგიონს - განვითარება, ეს ძალზე მნიშვნელოვანი  გადაწყვეტილებაა.

იკითხავენ რამდენად კარგია  პარლამენტის გადასვლა ქუთაისში, სხვათა შორის, ტელეჟურნალისტები ქუჩებშიც ატარებდნენ გამოკითხვას. ბევრი ამბობდა, რომ ეს გადაწყვეტილება მოსწონს, რადგან თბილისი განვითარდება (სხვათა შორის, ამ იდეის ერთ-ერთი ინიციატორი იყო თბილისის მერი),  ზოგს კი მიაჩნია, რომ დეპუტატების გადაყვანით, თბილისიდან ქუთაისში სიარული მათ უფრო ძვირი დაუჯდებათ.

მაგრამ ვინ თქვა და ვინ დააკანონა, რომ საქართველოს დეპუტატები თბილისელები უნდა იყვნენ?

ეს არის სწორედ იმ აზროვნების გამოძახილი, რომ ყველაფერი უნდა ხდებოდეს არათუ თბილისში, არამედ თბილისის ერთ პატარა ადგილზე - რუსთაველის პროსპექტზე -  ყოფილი „ივერიის" სასტუმროდან  თავისუფლების მოედნამდე. როდესაც ამ ტერიტორიაზე ხდება ყველაფერი, ძნელია, მოკიდო ხელი ყველას და სხვაგან გადაიყვანო. რა თქმა უნდა, ძნელია, იმის ნაცვლად, რომ ვაკიდან ან წყნეთიდან იარონ სამსახურში, ქუთაისში მოუწევთ სიარული, მაგრამ დეპუტატები მარტო  თბილისიდან  კი არ უნდა იყვნენ, არამედ საქართველოს ყველა რეგიონიდან. მაშინ ყველაფერი დგება თავის ადგილზე. ეს პარლამენტი მთელ საქართველოს წარმოადგენს და რადგანაც  ჩვენი ქვეყანა ტერიტორიულად დიდი არ არის, თუმცა ძალზე მრავალფეროვანია, განვითარების თვალსაზრისით, უზომოდ საინტერესო ქვეყანაა. ამიტომ, ყველაფერი სწორედ ასე  უნდა იყოს დალაგებული.

ჩვენ მარტო პარლამენტი არ გადმოგვაქვს ქუთაისში. იცით, რომ ქუთაისის გარშემო ძალიან საინტერესო ინფრასტრუქტურა გვაქვს.

დღეს ვნახეთ სათაფლიას განახლებული კომპლექსი, რომლის რეკონსტრუქცია  9 თვის წინათ დავგეგმეთ და უკვე გავაკეთეთ კიდეც.

იქვე გაკეთდა პრომეთეს ძალიან საინტერესო მღვიმე.

მღვიმეების კომპლექსი კეთდება ხონის ზემოთ და მარტვილში; ვავითარებთ ცხენისწყლისა და აბაშისწყალის უნიკალურ ხეობას.

ძალიან საინტერესო არქიტექტურაა ვანში და ის დიდი ტურისტული ცენტრი გახდება.

აქ  ყველგან არის სოფლის მეურნეობის  ცენტრები და ზონები. ერთი სიტყვით, მიმდინარეობს მთელი ამ რეგიონის განვითარების პროცესი და ახლი გზით, რომელიც ზესტაფონიდან  ქუთაისის  პარლამენტს სამ კილომეტრში ჩაუვლის, სამტრედიის გავლით  (2012 წლის გაზაფხულზე ჩვენ ვაშენებთ შემოვლით  გზას აჭარაზე) მივა ჩოლოქზე, ქობულეთის ავლით მოვხვდებით ბათუმში და ისევ შემოვლითი გზით მივა საზღვართან. 

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სამცხე-ჯავახეთში გავიდა პარალელური გზა და იმის გათვალისწინებით, რომ ეს რეგიონი  გეოგრაფიული მდებარეობით უფრო ახლოს არის ქუთაისიდან,  მისი მნიშვნელობა სულ უფრო იმატებს.

მე არ გიტარებთ გეოგრაფიის გაკვეთილს  - თქვენ ეს ჩემზე კარგად იცით.  

საქართველო ეკუთვნის ყველა ჩვენგანს.

კარგი ამინდის მიუხედავად, უკვე ნოემბერია, მაგრამ იცით, რომ ქუთაისში გაუსაძლისად არასოდეს არ ცივა. ამ ქალაქის ერთ ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ ეს არის, აღარაფერს ვამბობ, ხალხის სითბოსა და აქაურ განსაკუთრებულ ადამიანურ კლიმატზე.

რამდენიმე წლის წინათ მართლაც გვქონდა ესეთი განცდა (მათ შორის, ბევრ ჩემ მეგობარსაც), რომ ქუთაისს არაფერი არ ეშველებოდა - როგორი გაუბედურებული და გაღარიბებულიც იყო, ისეთი დარჩებოდა მუდამ.  

ახლა ნახეთ, რა სილამაზეა გარშემო!

ნახეთ, როგორ გაკეთდა ცენტრი!

ნახეთ, პარლამენტისა და მთავრობის როგორი შენობები შენდება აქ; როგორი კონტროლის პალატა აშენდა!

დღეს ვნახე ხიდი, რომელიც კონტროლის პალატის წინ გაკეთდა. ბულვარი სწორედ იქიდან დაიწყება, გამოვა პირდაპირ ქუთაისის ცენტრისკენ და ძალიან ფართო ახალი პროსპექტი გვექნება.

ველოსიპედის 30 კილომეტრიანი ბილიკები კეთდება, რომლის გარშემო დაირგვება პალმის ხეები, ზუსტად ისეთივე განათებული, როგორიც ბათუმის ახალ ბულვარშია.

რა თქმა უნდა, მომავალში, ისევე, როგორც თბილისსა და ბათუმში, აქაც უნდა იყოს სწრაფი ტრამვაი და ტრანსპორტი ახალი საშუალება.

ასევე უნდა გაკეთდეს აეროპორტი ისე, რომ აქ მუდმივი რეისები დაინიშნოს, მათ შორის, შესრულდეს რეისები ევროპიდან.

დიდი „სენსაცია" იყო, რომ იყო 10 წლის წინათ შესრულდა პირველი რეისი კოპიტნარი-პარიზი. მაშინდელი გუბერნატორის მთავარი სიამაყე იყო ის, რომ ჯაგლაგი „ტუ-154" ერთხელ გადააფრინეს კოპიტნარიდან პარიზში, აქედან ჩაიტანეს შემწვარი გოჭები და ქათმები და ეს იყო „დიდი გარღვევა" ევროპისკენ.

სულ ცოტა ხანში, აქედან ევროპაში დღეში 6 რეისი იქნება.

კარგად დაიმახსოვრეთ, ეს იქნება ჩვეულებრივი მოვლენა თითოეული ჩვეგანისთვის.

დავუბრუნდეთ ვარდების რევოლუციის წლისთავს. რა იყო განსხვავება და რა შეიცვალა საქართველოში ბოლო ხანებში.

მინდა ვისაუბრო ჩვენს მთავრობაზე, რადგან დღეს ჩვენ დავიწყეთ საქართველოს მთავრობის სახლის მშენებლობა. საქართველოს მთავრობა დარჩება თბილისში, მაგრამ მისი მუდმივი წარმომადგენლობა იქნება აქ და ეს არის ზუსტად ის ფილოსოფია, რომელსაც ატარებს ჩვენი მთავრობა.

რა იყო საქართველოს მთავრობა ვარდების რევოლუციამდე?

ეს იყო მთავრობა, რომელიც იყო უკიდურესად დიდი, რადგან ძალიან ბევრი ხალხი მუშაობდა. ის იყო ხალხის დასაქმების საშუალება, რადგან ხალხი სხვაგან არ საქმდებოდა,  საქმდებოდა მხოლოდ სახელმწიფო აპარატში. ისინი იღებდნენ დაბალ ხელფასს, ზოგჯერ საერთოდ არ იღებდნენ, მაგრამ ითვლებოდა, რომ საშოვარზე იყვნენ  გასული და ხალხის ხარჯზე უნდა გამდიდრებულიყვნენ. უმეტეს შემთხვევაში, თავი უნდა ერჩინათ, თორემ გამდიდრებული იქ ძალიან ცოტა იყო. ფულს ერთი მუჭა ადამიანები აკეთებდნენ - ეს იყო პირველი.

მეორე, მთავრობა იყო სულ ერთ ადგილზე. საერთოდ არ აინტერესებდა რა ხდებოდა გარშემო. საქართველო ფეოდალურ ნადელებად ჰქონდათ დაყოფილი.

აქ ერთი ფეოდალი იყო, სხვაგან მეორე. ზოგიერთი რეგიონები და რაიონები საერთოდ ბანდიტებისთვის ჰქონდათ ოფიციალურად გადაცემული. მაგალითად, სამეგრელოში გუბერნატორი იყო, მაგრამ ის არაფერს არ წარმოადგენდა. სამეგრელოს უმეტეს ნაწილს ბადრი ზარანდია მართავდა - ცალფეხა, კაცისმკვლელი და გატიალებული ნარკომანი. ის წყვეტდა რა უნდა მომხდარიყო იქ...

ერთი სიტყვით, მთავრობა იყო დიდი და, იმავდროულად, სრულებით არამობილური.

შევარდნაძე, ძირითადათ, კაბინეტში იჯდა, დილის 8 საათზე თუ 10-ზე მივიდოდა კაბინეტში, საღამოს 10-ზე გამოვიდოდა, წავიდოდა სახლში და დაიძინებდა.

იქაც, ძირითადად, სხვადასხვა გაურკვეველ შეხვედრებში ატარებდა დროს. მე არ ვაკრიტიკებ - უბრალოდ გამოვხატავ იმას, რაც იყო, რომ მეორედ მსგავსი რამ არასდროს არ განმეორდეს.

ეს იყო უკიდურესად კორუმპირებული და კლანური მთავრობა. იყო პატარა ჯგუფები, კლანები - ტარიელ ონიანის დაჯგუფება, კალაშოვის დაჯგუფება და სხვები და ასე იმართებოდა ქვეყანა.

მესამე, ყოველივე ამის შედეგად, ეს იყო უკიდურესად არაეფექტური მთავრობა.  

 

ეს იყო ძალზე პროვინციული მთავრობა - პროვინციალიზმი მისი დამახასიათებელი იყო, რადგან მას საკუთარი თავისა და საკუთარი ხალხის ძალზე დაბალი თვითშეფასება ჰქონდა.

ალბათ გახსოვთ, ჩემი წინამორბედი რომ ამბობდა: მთელი საქართველო კორუმპირებულია, მასწავლებლები, პოლიციელები კორუმპირებულები არიანო... იგულისხმებოდა ის, რომ მისი და მისი ოჯახიც კორუმპირებულობაც არ იქნებოდა გასაკვირი. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამ ხალხისგან მაინც არაფერი არ გამოვიდოდა.

საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე, ეს მთავრობა უკიდურესად ჩამორჩენილი იყო და არაფერს ახალს არ ეძებდა. ყოველივე ახლის მიმართ ძალზე ფრთხილი დამოკიდებულება ჰქონდათ.

მე ამ მთავრობის წევრი ვიყავი, ვცდილობდი რეფორმების განხორციელებას და ყველაზე კარგად ვიცი, რამდენად რთული იყო იქ სიახლეების დანერგვა.     

ეს იყო მთავრობა, რომელმაც ვერ შექმნა სახელმწიფო.

რა არის დღევანდელი, ვარდების რევოლუციის შემდგომი მთავრობის ძირითადი პრინციპები?

ჩვენი მთავრობის (რომლის სახლის მშენებლობა გაიხსნა დღეს აქ) უპირატესობა მისი სიმცირეა. პირველი პრინციპი არის ის, რომ მთავრობა იყოს მცირერიცხოვანი. ჩვენ მკვეთრად შევამცირეთ თანამდებობის პირთა რაოდენობა. მთავრობაში ბევრი ხალხი არ გვჭირდება, ადმინისტრაციული ხარჯები მუდმივად უნდა მცირდებოდეს. ბიუროკრატია გველეშაპივითაა: თუ „გველეშაპს" მუდმივად არ ჩაუჭრი „საცეცებს", რომლებიც ყოველ ჯერზე იზრდება, კვლავ საწყის ეტაპს დაუბრუნდები. ბიუროკრატს ყოველთვის აქვს მცდელობა გაიფართოვოს სფერო, გაიფართოვოს ფეოდალური ნადელი. ეს კარგი ბიუროკრატის თვისებაცაა და ცუდისაც. ამიტომ, ეს პროცესი მუდმივად უნდა აკონტროლო.  

მეორე, ეს არის უკიდურესად მობილური მთავრობა. რატომ გადმოდის მთავრობის სახლი ქუთაისში? იმიტომ, რომ ჩვენი მთავრობა მუდმივად უნდა გადაადგილდებოდეს. გეოგრაფიულად, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. როგორც მე გადავადგილდები მუდმივად, მთავრობაც, ისე მთავრობა უნდა გადაადგილდებოდეს. ის ყველგან უნდა იყოს, ყველგან უნდა უსმენდეს ხალხს და ხალხის სიახლოვეში უნდა გადაწყვიტოს მისი პრობლემები.  სწორედ ეს არის მისი ხალხურობა.

მესამე პრინციპი არის ის, რომ მთავრობა  იყოს არაკორუმპირებული, არა კლანური და არაკრიმინალური. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ამას უკვე მივაღწიეთ. თუმცა ეს შეუქცევადი პროცესი უნდა იყოს.

ამ მთავრობის მეოთხე პრინციპია ის, რომ იყოს ინოვაციური. ეს არის მთავრობა, რომელიც მუდმივად უნდა ეძიებდეს ახალს, გაფაციცებული უნდა უყურებდეს რა არის მსოფლიოში ახალი, რათა საქართველომ უპირატესობა მოიპოვოს საერთო კონკურენციაში.

ჩვენი მთავრობის შემდეგი პრინციპი გლობალურობაა. ისევე როგორც წინა მთავრობის პრინციპი იყო პროვინციალიზმი, ისეა ამ მთავრობის პრინციპი გლობალურობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მთავრი ამბიცია და ამოცანაა არა ის, რომ გარდამავალი დროშა მოვიპოვოთ 15 რესპუბლიკას შორის, როგორც ეს ადრე იყო, არამედ ის, რომ ვართ მსოფლიოს პირველი რეფორმატორები მსოფლიო ბანკის გამოკვლევების მიხედვით.

ჩვენი ოპონენტები ამას არ იმჩნევენ და ამბობენ, რომ ეს მორიგი პიარია. მიუხედავად იმისა, რომ, ხშირად, საერთაშორისო ორგანიზაციები არაობიექტურად გვიდგებიან და ძნელია სიმართლის გატანა, არავის არ სურს დაინახოს, რომ ამ ქვეყნისგან რაღაც გამოდის, ამჯერად აღიარეს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას იმდენი რეფორმა არ განუხორციელებია ეკონომიკის სფეროში და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით, რამდენიც საქართველომ განახორციელა.  

ჩვენი ამოცანაა, რომ მსოფლიოს პირველ ათეულში ვიყოთ ბიზნესის კეთების სიმარტივით - აღმოსავლეთ ევროპაში ამ მხრივ პირველ ადგილზე ვართ, მსოფლიო მასშტაბით - მე-12  ადგილზე, მაგრამ პირველ ათეულში უნდა დავმკვიდრდეთ სინგაპურთან ახლოს.

ჩვენი ამოცანაა, რომ არაკორუმპირებული ქვეყნების პირველ ოცეულში ვიყოთ.   

ვფიქრობ, ახლა ძალიან ახლოს ვართ ამასთან.  

ძალიან ძნელია ობიექტურად ამის განსაზღვრა, მაგრამ ჩვენი ხალხის გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის 98 პროცენტი ამბობს, რომ საერთოდ არაფერი სმენია კორუფციაზე ბოლო წლების განმავლობაში. მოსახლეობის მხოლოდ 0.5 პროცენტია ისეთი, რომელიც ამბობს, რომ სმენია ან გარკვეული შეხება ჰქონდა კორუფციათან.

ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ევროპაში და ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მსოფლიოში.

რა თქმა უნდა, ამ მხრივ, პირველ ოცეულში უნდა ვიყოთ.

ბევრი სხვა ამბიცია მაქვს. საქართველომ უნდა დაამკვიდროს განახლებადი ენერგიები, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიები და ქართველებმა უნდა ვისწავლოთ ინოვაცია.

ქართველებმა უნდა ვისწავლოთ გამოგონება. ამისთვის გვჭირდება განათლება, განათლება და კიდევ ერთხელ განათლება.

ერთი სიტყვით, ჩვენი მთავრობის 6 პრინციპი სწორედ ეს არის - მცირერიცხოვნება, მობილურობა, ეფექტიანობა, არაკორუმპირებულობა, ინოვაციურობა და გლობალურობა.

ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი და ეს არის პრინციპები, რომლებიც ვარდების რევოლუციამ დაამკვიდრა.

ეს არის ის პრინციპები, რის გამოც საქართველო გადარჩა და ეს  არის პრინციპები, რის გამოც წარმატებული განვითარება უნდა გავაგრძელოთ. პირველ ცხრა თვეში, დაახლოებით, 6-პროცენტიანი ზრდა გვქონდა, მაგრამ ეს არის ცოტა.

ჩვენ უნდა გვქონდეს ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი, თუმცა 6 პროცენტიანი კი არა, 2 და 3 პროცენტიანი ზრდა ენატრება ქვეყნების უმრავლესობას მსოფლიოში.

მაგრამ ჩვენ სხვა ვართ, სხვა მოთხოვნები გვაქვს, სხვაგვარად მოუთმენლები ვართ და საკმაოდ დიდი ხანი ვიყავით ჭაობში, ამიტომ იქიდან სწრაფად გვსურს ამოსვლა.

რა თქმა უნდა, ეს არის, ასევე, მენტალიტეტის ცვლა და ხშირად ეს არ ესმით.

მაგალითად, როდესაც რომელიმე მინისტრის მოადგილეს იჭერენ, ამბობენ: ნახე, უკვე  ერთმანეთს დაერიენ, როგორ ცუდად აქვთ საქმე. ვერ ხვდება ეს კრიტიკოსი, რომ თავად ვერ გადაეწყო, რომ არ არსებობს ჩემიანი და სხვისიანი, არსებობს პრინციპები და როდესაც ამ პრინციპებს  რომელიმე მინისტრი, პრეზიდენტის ნათესავი, თავად პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ან პარლამენტარი არ შეესაბამება, ნებისმიერი მათგანი სწორედ ასე გადაიხდის ფასს.

ხშირად ვამბობთ, რომ ქურდული მენტალიტეტი არის ჩარეცხილი.

ზოგიერთი შეურაცხყოფილი დარჩა: „რატომ გვიწოდე ჩარეცხილები?"

და თქვენ რატომ მიიღეთ თქვენს თავზე?

ამბობენ: ნახეთ, სააკაშვილმა თქვა, რას გვანან ეს გალიაში ჩამსხდარი ხალხი; ნახეთ  როგორ ლაპარაკობს საკუთარ ხალხზე!

ბატონებო, ძალიან ცუდი წარმოდგენა გაქვთ ქართველ ხალხზე.

ჩემთვის ქართველი ხალხი არ არის ის რამდენიმე ადამიანი, რომელიც გალიაში ზის და ნარკოტიკს იკეთებს. თუ თქვენ გგონიათ ეს ქართველი ხალხი, ძალიან ცდებით. ეს ქართველი ხალხი არ არის - ეს არის თქვენს გონებაში დაბადებული ფიქცია.

იმ ხალხზე, ვინც გალიაში ზის, ნარკოტიკზე „ზის" და იქიდან ლოზუნგებით ცდილობს ქვეყნის დესტაბილიზაციას, არ მაქვს კარგი წარმოდგენა. არ მიმაჩნია, რომ ისინი წარმოადგენენ ჩემი ხალხის 99.9 პროცენტს.

ჩვენი ხალხი ამისგან ძალიან შორსაა.

მთავრობამ გაუხსნა საზოგადოებას საშუალება იყოს უკეთესი და საზოგადოებამ ეს საშუალება მშვენივრად გამოიყენა და კიდევ უფრო კარგად  გამოიყენებს.

ყველა ამ ცვლილების შედეგად, ჩვენი ხალხის წარმოუდგენლად დიდი  ენერგია გათავისუფლდა.

ახლა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ამ ენერგიის გამოყენება უნდა ვისწავლოთ.

მაგალითად, ზაფხულში მე თვითმფრნავის მართვა ვისწავლე. შეიძლება არ იყოს ყველაზე საჭირო რამ, მაგრამ გამიხარდა, რომ ამ ასაკში რაღაცის სწრაფად სწავლა შემიძლია. ასევე მუდმივად ვმეცადინეობ სხვადასხვა უცხო ენაში...

ამას წინათ, ახალ სასწავლებელში, „სპექტრში" ვიყავი, სადაც 50-55 წლის ადამიანები სწავლობენ ახალ პროფესიას. ზოგი მემონტაჟეობას სწავლობს, ზოგი ბულდეზერის მართვას, სწავლობენ რაღაც ახლის კეთებას და ჩვენ მუდმივად უნდა ვიყოთ  ამისთვის გახსნილი, უპირველესად, კი - ბავშვები და ახალგაზრდები.

ამიტომ, მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ  ჩვენ თარიღების აღნიშვნის დიდი მოყვარულები არც უნდა ვიყოთ - ხანდახან ვამლაშებთ კიდეც,  არც, მით უმეტეს, თვითმოწონების პოზაში არ უნდა დავდგეთ, რადგან ქვეყანს ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვს და, ბოლოს და ბოლოს,  ვიმყოფებით ეგზისტენციალურ  ბრძოლაში.

როდესაც ვლაპარაკობთ გლობალურობაზე, მხოლოდ თავი კი არ გვინდა მოვიწონოთ. გლობალურად, ჩვენი ოკუპანტი საქართველოს წინაარმდეგ აწარმოებს ბრძოლას.

დღეს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა იხილავს საკითხს ოკუპაციის და ეთნიკური წმენდის რეზოლუციის თაობაზე - სწორედ ეს ტერმინებია გამოყენებული. უნდა ნახოთ, როგორი ლობირება მიდის ყველა ევროპულ დედაქალაქსა და ამერიკაში, რომ როგორმე  ეს არ იყოს შეტანილი რომელიმე რეზოლუციაში.

ყველა აფრიკულ ქვეყანას ცალ-ცალკე იბარებდნენ გაეროში და ეუბნებოდნენ: მომავალი წლიდან  თქვენი ქვეყნიდან ორი სტუდენტი მოდის რუსეთში სასწავლებლად. ვერ წამოვლენ და შემდეგ 200 წელი ვერავინ ვეღარ წამოვა თუ საქართველოს რომელიმე რეზოლუციაში მხარს დაუჭერთ.

გლობალური ბრძოლა აქვთ გამოცხადებული, რადგან მათ მარტო ტერიტორია კი არ სჭირდებათ, არამედ ჩვენი წარმატებებისა და საქართველოს ჩაკვლა, როგორც იდეის.

საქართველო მარტო ტერიტორია და ქვეყანა არ არის, საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი იდეა უკრაინელებისთვის, მოლდაველებისთვის, მთელი კავკასიისთვის, შუა აზიისთვის და მათ შორის, რუსეთისთვის. 

მათ არ უნდათ, რომ წარმატებული ვიყოთ, მაგრამ მაინც ვიქნებით წარმატებული და, ამ მხრივ, ამის ყველაზე საინტერესო სიმბოლო, ჩემთვის ქუთაისია.  

ეს ქალაქი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი გახდება.

რა თქმა უნდა, საქართველო არ არის ცალკე აღებული არც თბილისი, არც ქუთაისი, არც სიღნაღი, არც ბათუმი, არც მესტია არც, თუნდაც, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები - საქართველო არის ყველაფერი ერთად.

ჩვენს ქვეყანას ყველგან ყველანი ვქმნით.

 ადრე ქუთაისელებს სწყინდათ, ჩემზე ამბობდნენ: ბათუმს გადაუფრენს, გადმოუფრენს და ჩვენ ერთხელ არ შემოგვივლისო.

ქუთაისი ნელ-ნელა ეწევა ბათუმს...

ახლა, შესაძლოა, ზესტაფონლებს სწყინდეთ რაღაც, ტყიბულელებს, თუმცა ტყიბული ვითარდება და ბევრი რამ ვითარდება გარშემო.

ძალიან საინტერესოდ ვითარდება საჩხერე, ბაღდათი, ვანი. მალე წყალტუბოს მოვკიდებთ  სერიოზულად ხელს, რა თქმა უნდა, იქ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

ასევე სწყინთ ბორჯომში... თელავს წყინდა, როცა სიღნაღი კეთდებოდა. ახლა თელავი და ყვარელიც კეთდება და შეიძლება დედოფლის წყაროს ეწყინოს და ა.შ.

საბოლოდ, ჩვენ ყველანი ერთად  გავაკეთებთ და ავაშენებთ ჩვენს ქვეყანას.

 ქუთაისს ბევრი კერძო ოფისიც დაჭირდება -  ჩვენ ვაშენებთ მთავრობისა და პარლამენტის შენობებს, მაგრამ ნახეთ, რამდენი კერძო კომპანია შემოვა აქ და გაშლის საქმიანობას.

გისურვებთ წარმატებებს.

დიდი მადლობა.

 

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)