Google+

სიახლეები

13.11.2010
საქართველოს პრეზიდენტმა ინვესტორებს ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში სასტუმროების მშენებლობის დაწყება მიულოცა

მოგესალმებით ყველას.

დღეს მზიანი და ლამაზი დღეა, რადგან ჩვენი გეგმების განხორციელებას ვიწყებთ.  ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაზეც ამ რამდენიმე კვირის წინათ შევთანხმდით.

მომავალ კვირებში 20 ახალი სასტუმროს მშენებლობა იწყება.  ქობულეთში დღეს უკვე დაწყებულია 12 ახალი სასტუმროს მშენებლობა.

ჩვენ შევასრულეთ ნაკისრი ვალდებულება - საქართველოს პარლამენტი იღებს დადგენილებას და კანონს იმის შესახებ, რომ აქ მშენებარე სასტუმროები გათავისუფლდება მთელი რიგი გადასახადებისგან.

მიწა საკუთრებაში გადმოგეცით უფასოდ და წინ გაძლევთ პლაჟის მონაკვეთს, რათა ყველა სასტუმრო გავიდეს პლაჟზე.

 ჩვენ აქ მოგვყავს წყალი, ბუნებრივი გაზი და სხვა კომუნიკაციები, რომლებიც საჭიროა სასტუმროების ფუნქციონირებისთვის.

ასევე ვასრულებთ იმ ვალდებულებასაც, რომლის მიხედვით, აქაურობა ბათუმის ცენტრს დაუკავშირდება. 10 დღეში აქედან რამდენიმე ასეულ მეტრში ამ გზის მშენებლობაც დაიწყება. ე.ი. აქედან ბათუმის ცენტრამდე ჩასასვლელად, მაქსიმუმ, 15-20 წუთი იქნება საჭირო.  

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ეს ადგილი, რეალურად, ბათუმის ნაწილი ხდება.

თქვენ იცით, რომ აქვე აღმოსავლეთ ევროპის მსშტაბით, ყველაზე დიდი გასართობი პარკი „ციცინათელა" გვაქვს. ასევე არის, ერთდროულად, დახურული და ღია საკონცერტო დარბაზი ათი ათას კაცზე, რომელიც კულტურის უდიდესი და მნიშვნელოვანი ცენტრი გახდება. ამას გარდა, აქვეა ქობულეთის უნიკალური ფიჭვნარი თავისი მიკროკლიმატით, ასევე უნიკალური პლაჟითა და ძალზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ტურისტული პოტენციალით.

მარტო ამ 20 სასტუმროს მშენებლობაზე ათასი ადამიანი საქმდება. როდესაც ეს სასტუმროები დასრულებულ სახეს მიიღებს (მიუხედავად იმისა, რომ მომავალ წელს ძირითადი ნაწილი ამუშავდება, სრულად მაინც 2012 წლის სეზონისთვის დაიწყებს  ფუნქციონირებას), დაახლოებით, სამი ათასი ადამიანი დასაქმდება, ე.ი. ხალხი, ვინც გარშემო ცხოვრობს.  

ადრე ეს იყო ქობულეთის ყველაზე განუვითარებელი ნაწილი, ყველაზე ნაკლებად ტურისტული, თუმცა, ბუნებრივი პირობების თვალსაზრისით, შესაძლოა, ყველაზე უფრო საინტერესო.      

აი ეს არის სახელმწიფოსა და ინვესტორის ერთობლივი მუშაობა.

ყველა ურწმუნო თომას, რომელიც ამბობს, რომ  ქართველები გარბიან ქვეყნიდან და არ ახორციელებენ ინვესტიციებს, მსურს ვუთხრა: აქ თითქმის ყველა კომპანია ქართულია. თუმცა, რა თქმა უნდა, მივესალმებით უცხოურ კომპანიებსაც, რადგან უცხოელების ინვესტიციაც ზუსტად ასევე ასაქმებს ხალხს და თანაც, თავადვე იზიდავენ ტურისტებს, რაც ასევე უზრუნველყოფს დამატებით სამუშაო ადგილებს და ემსახურება ხალხის კეთილდღეობას.

ამჟამად, თითქმის ყველა კომპანია არის ქართული და მათ შორის არიან ის ქართველები, რომლებიც უცხოეთიდან ბრუნდებიან და უცხოეთში ნაშოვნ ფულს საქართველოს კეთილდღეობისთვის, მისი ეკონომიკის აღორძინებისა და ქვეყნის გაძლიერებისთვის იყენებენ.

მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ და მოგცეთ სიტყვა, რომ ყველა პირობა და ვალდებულება შესრულებული იქნება - გზა მომავალი წლის ზაფხულში იქნება მწყობრში, ყველა კომუნიკაციას აქამდე უახლოეს კვირებსა და თვეებში მოვიყვანთ. რაც შეეხება  გადასახადებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, ქართული სახელმწიფო თითოეულ მათგანს შეასრულებს, რადგან ეს იქნება კონსტიტუციის ნორმა.

ახალი კანონის თანახმად, გადასახადების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის საშუალებით. ჩვენს მიერ ნაკისრი თხუთმეტწლიანი ვალდებულება კონსტიტუციურად არის  დაკანონებული და ვერც ერთი შემდგომი მთავრობა მას ვერ შეცვლის, რადგან ამას დასჭირდება ძალიან მაღალი ქვორუმი და ვალდებულება.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული იმ ადამიანებისთვის, ვინც გეგმავს მიიღოს მოგება და მიაღწიოს წარმატებას.

პროექტები თქვენ უკვე გადმოგეცათ. ეს არის ძალიან ლამაზი პროექტები, რომელთა მიხედვით, ჩვენი შავი ზღვისპირეთის ულამაზესი ახალი, პატარა უბანი და რაიონი შენდება.

მოკლედ, მსურს მოგილოცოთ დღევანდელი დღე თქვენ და ქობულეთელებს. ამ დღეს ვულოცავთ საკუთარ თავს.

რასაც ვამბობთ, კეთდება და თითოეული დაპირება სრულდება.

მე სიტყვა მოგეცით, ყველაფერი დანარჩენი ჩვენ ერთად ჩავიფიქრეთ, ერთად დავგეგმეთ და ერთად ვაკეთებთ. ასევე უნდა გავაგრძელოთ მომავალშიც.

დიდი მადლობა.

გისურვებთ წარმატებებს.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)