Google+

სიახლეები

13.10.2010
მიხეილ სააკაშვილი ხორცის გადამამუშავებელ ახალადგახსნილ საწარმოს ესტუმრა

ნატახტარში ახალ საწარმოს „იბერმით ჯორჯიას" საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ სამუშაო დღეს ესტუმრა.  მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხორცის დამუშავების ხარისხი უნდა ამაღლდეს, რათა როგორც ქართველ ისე უცხოელ მომხმარებელს, რომელსაც ხორცი ექსპორტის სახით მიეწოდება, უმაღლესი ხარისხის ქართული ხორცის მიღების  საშუალება ჰქონდეს.

„თავი მოგვაქვს ქართული სამზარეულოთი და სამართლიანადაც - ქართული სამზარეულო უნიკალურია მსოფლიოში, მაგრამ კვების ორი მთავარი კომპონენტის დამუშავება არ ვიცით - თევზის და ხორცის. დავფიქრდეთ, თევზის რამდენი სახეობის დამზადება ვიცით ქართველებმა და აღმოჩნდება, რომ შავი ზღვისპირეთის მსშტაბითაც კი - ძალიან ცოტა. ჩვენ ვიცით მხოლოდ თევზის ზეთში შეწვა და სხვა არაფერი, ხორცის კარგად დამუშავება და მომზადება, მწვადის გარდა, რეალურად, არც ვიცით. სანამ ხორცი სახლამდე მივა, სწორედ, მისი წინასწარ დამუშავებაა მთავარი კომპონენტი. მაგალითად, თურქეთში 10 წლის წინათ საერთოდ ვერ ნახავდით კარგ საჭმელს, მაგრამ მათ ისწავლეს გაკეთება, ევროპაში ბევრ ადგილზე, სადაც ტრადიციული სამზარეულო არ იყო - ისწავლეს, ჩვენს რეგიონშიც სწავლობენ - აზერბაიჯანშიც. ამიტომ ქართველებიც მუდმივად უნდა ავითარებდნენ კულინარიასა და სამზარეულოს. ხორცის დამუშავება ამის უმთავრესი ნაწილია. მეორე, ჩვენი დაზარალებულების დასაქმების პირობაც შევასრულეთ. ჩვენი დაპირება იმის თაობაზე, რომ ოკუპანტების მიერ გამოძევებულ შრომისუნარიან და შრომისმოყვარე ადამიანებს დავასაქმებდით, სრულდება. საუკეთესო ხალხი გვყავს ლიახვის ხეობაში და საცოდაობა იქნებოდა ამ ადამიანების გაცდენა. ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა, რომ ისინი არსებობენ - მათ იციან მუშაობა, შრომისმოყვარე, მუყაითი კეთილსინდისიერი ადამიანები არიან. ამ ომმა ერთი ის გამოიწვია, რომ ოკუპანტები შორიდან აკვირდებიან - ქარხანები ერთი მეორის მიყოლებით იხსნება; ხალხს ბევრად უკეთესი სახლები აქვთ, ვიდრე მათ ოფიცრებს რუსეთის შუაგულში; ჩვენთან მაღალ ხელფასებს იღებენ და რომ ეგონათ, რომ ქვეყანა წელში გატეხეს, ეს მათთვის დიდი სიურპრიზი უნდა იყოს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ხორცის პირველადი გადამუშავების საწარმო უმაღლესი დონის ევროპული სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიითა და დანადგარებით არის აღჭურვილი. სხვადასხვა რაიონში გახსნილია მსხვილფეხა საქონლის შესყიდველი 14 პუნქტი, სადაც მეცხოველეობით დაკავებულ გლეხებს ხორცის ჩაბარება შეუძლიათ. ქარხანაში 100 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის, აგვისტოს ომში დაზარალებული 20 ადამიანი, წეროვანის კომპაქტური დასახლებიდან.  „იბერმით ჯორჯია" პირველი ქარხანაა საქართველოში, სადაც გლეხებისგან შესყიდული ხორცის დაფასოება ადგილზე ხდება.  საწარმო ქართული ინვესტიციით გაიხსნა და მასში 10 მილიონი ლარია დაბანდებული.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)