ჰილარი კლინტონის გამოსვლა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის გაფართოებულ სხდომაზე
სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი
ნება მიბოძეთ, გულთბილად მივესალმო პრემიერ-მინისტრს და ამ ღრმად პატივცემულ დელეგაციას, აქ ამერიკის შეერტებული შტატების და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მეორე, ყოველწლიურ გაფართოებულ სხდომაზე.
ჩემი, როგორც სახელმწიფო მდივნის ერთ-ერთი მიზანი იყო კიდევ უფრო გამეღრმავებინა ჩვენი ურთიერთობა, მეპოვა ის შესაძლებლობა, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის დიალოგის შედეგად მოდის და სცილდება სახელმწიფოების ლიდერთა, მთავრობის მეთაურთა და სამუშაო ჯგუფების ურთიერთობას. როდესაც ამ ოთახში თვალს ვავლებ ჩემს კოლეგებს მთავრობიდან, ძალიან კარგად ვიცი, რომ პრემიერ-მინისტრი და მე მოხსენებებით გამოვალთ, ხოლო მძიმე სამუშაოს შესრულება ორივე მხარის დელეგაციების წევრებს მოუწევთ.
ძალიან დიდი სიამოვნება მომანიჭა შესაძლებლობამ, ივლისში, საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს, პრემიერ-მინისტრს შევხვედროდი. პრეზიდენტ სააკაშვილს ნიუ იორკში შევხვდი, სადაც საინტერესო დისკუსია განვაგრძეთ. ადრეული საუბრები და დღევანდელი შეხვედრა ადასტურებს, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის მტკიცე მეგობრობა ჩამოყალიბდა.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მეგობრობა მყარად დგას ჩვენი საერთო ღირებულებებსა და ინტერესების საფუძველზე. ქარტიამ, რომელსაც ჩვენმა ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა 2009 წლის იანვარში, მოგვცა ჩარჩო, რათა უფრო მეტად გაგვეღრმავებინა თანამშრომლობა. დღეს, მსურს დავადასტურო ჩვენი ვალდებულება ერთობლივი მუშაობის თაობაზე, რათა წინ წავწიოთ საქართველოს უსაფრთხოება და დემოკრატია.
ამერიკის შეერთებული შტატები არ გადაუხვევს საქართველოს მხარდაჭერის გზას მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხრივ. ეს მხარდაჭერა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ძირითადი პრინციპი და მას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობისათვის.
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ერთგული რჩება მისი ნატოსკენ სწრაფვისა და ალიანსში გაწევრიანების მიმართ. ეს აისახა ალიანსის გადაწყვეტილებაში ბუქარესტისა და სტრასბურგ-კელის სამიტზე. ჩვენ მყარად ვუჭერთ მხარს საქართველოს ძალისხმევას, რომელიც უკავშირდება მის ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამას, რომელიც, თავის მხრივ, ხელს უწყობს თავდაცვის რეფორმის განვითარებას და ნატოსთან თანამშრომლობას უკვლევს გზას. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას თავდაცვის რეფორმასა და თავდაცვის საშუალებების გაუმჯობესებაში, ასევე ნატოსთან ერთობლივი მუშაობისა და ავღანეთში ISAF-ის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის საკითხებში.
ჩვენ განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის ავღანეთში ნატოს დასახმარებლად. 750 ჯარისკაცი ISAF-ის ფარგლებში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად მხარდამხარ მსახურობს ჰელმანდის პროვინციაში, მეორე 200 ჯარისკაცი კი - ფრანგულ შენაერთებთან. ისინი ეხმარებიან ავღანეთის მოსახლეობას ააშენონ უფრო დაცული, სტაბილური და აყვავებული მომავალი და იცავენ ჩვენს საერთო უსაფრთხოებას ტერორიზმის საფრთხის წინააღმდეგ. ჩვენ ღრმად შეგვძრა გასულ კვირას ოთხი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის ფაქტმა და მსხვერპლმა, რომელიც თქვენ ადრეც გაიღეთ. მსურს ღრმა მწუხარება გამოვხატო და სოლიდარობა გამოვუცხადო ქართველ ხალხს იმ საერთო მსხვერპლისა და დანაკარგის გამო.
ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, გაიყვანოს თავისი ძალები და დაიცვას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები. ჩვენი საერთო ძალისმევით, საქართველომ აირჩია კონსტრუქციული მიდგომა - ჟენევაში მოლაპარაკებების გზით უპასუხოს ამ გამოწვევებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის მიზნებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და მზად ვართ, განვახორციელოთ ის ქმედებები, რომლებიც ქვეყანას ამ მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევაში დაეხმარება.
ჩვენი ვალდებულების ნაწილია, მომავალში საქართველო დასავლური ერების ოჯახის აყვავებული და უსაფრთხო წევრი გახდეს. ჩვენ თქვენთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად. თავისუფალი არჩევნები, ჯანსაღი ინსტიტუტები და სიცოცხლის უნარიანი სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი მთავრობის ხანგრძლივი სტაბილურობისა და ლეგიტიმაციის წინაპირობა. ეს გამართლებულია, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე საქართველოსთვის.
ბოლო შვიდი წლის განმავლობაში დემოკრატიამ საქართველოში უდიდესი ნაბიჯები გადადგა. მიმდინარე წლის მაისში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები წარმოადგენდა რეალურ, საგრძნობ პროგრესს. მაგრამ კვლავ ბევრი რამ არის გასაკეთებელი ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა პოლიტიკური კონკურენცია, თანხის მოზიდვა და ანგარიშვალდებულება, მაისის არჩევნების სავარაუდო დარღვევების გამოძიების ჩათვლით.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებმა 2012 წელს და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებმა 2013 წელს უნდა აჩვენოს, რომ საქართველოს დემოკრატია არათუ აკმაყოფილებს, არამედ აჭარბებს კიდეც საერთაშორისო სტანდარტებს. ეს მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოსახლეობისათვის და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის. ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ კორუფციასთან ბრძოლაში მიაღწია, უკვე წარმოადგენს მაგალითს ბევრი სხვა ქვეყნისათვის, რომლებიც საქართველოს წარმატების გაიმეორებას ცდილობენ. ჩვენ ველით, რომ ამ მიზნების განსახორციელებლად ერთად ვიმუშავებთ და ხელს შეგიწყობთ კიდეც, რათა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციის ჯგუფებთან ერთად საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად განაგრძოთ მუშაობა.
საკონსტიტუციო რეფორმა დღეს საქართველოსთვის ყველაზე ნათელი და მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამ რეფორმას შესაძლოა დაეფუძნოს ყველა ის წარმატება, რომელსაც საქრთველომ ვარდების რევოლუციის შემდეგ მიაღწია. ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი, გაათვითცნობიერებს ამ შესაძლებლობას მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო რეფორმის პაკეტის განხილვას დაასრულებს. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, საქართველოში ხელისუფლების გადანაწილების სისტემის გაძლიერებისათვის და მზად ვართ, შეძლებისდაგვარად დაგეხმაროთ ამ პროცესში.
ნება მიბოძეთ, დღეს აქ ყოფნისათვის ერთხელ კიდევ მოვახსენო მადლობა პრემიერმინისტრს. მსურს, დავასრულო იმით, რითაც დავიწყე. ჩვენ დიდი ვალდებულება გვაქვს ამ პარტნიორობის წინაშე. ჩვენ ვზრუნავთ საქართველოს უსაფრთხოებასა და დემოკრატიაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს მათ მისწრაფებაში ააშენოს უკეთესი მომავალი და ჩვენ ვაფასებთ ამ შესაძლებლობას გავაძლიეროთ ეს ახლო ურთიერთობა სხვადასხვა დონეზე ორივე მთავრობაში, რათა ვაშენოთ ურთიერთობები ჩვენ ხალხებს შორის და არა მარტო მთავრობებს შორის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ცვლილებას, რომელიც საქართველოში ხდება. მოვუწოდებთ ჩვენს ხალხს, მათ შორის, ინვესტორებს ახლოდან შეხედონ საქართველოს; შეხედონ მათაც, ვინც თქვენს გვერდით დგას და უხარია ის, რომ საქართველოში ცვლილებები ხდება, ხოლო თქვენ მისაბაძი მოდელი ხდებით.
დიდი მადლობა.