Google+

სიახლეები

01.10.2010
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ერთობლივი პრესკონფერენცია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილს სააკაშვლი

ნატო-ს გენერალური მდივნის ჩამოსვლა დაემთხვა ძალზე სამწუხარო ფაქტს.

გუშინ ღამით, ავღანეთიდან ძალიან სამწუხარო ინფორმაცია მოვიდა პოლკოვნიკ რამაზ გოგიაშვილის, სერჟანტ დათო ცეცხლაძის კაპრალ გიორგი კოლხიტაშვილის, კაპრალ ნუგზარ კალანდაძის დაღუპვის შესახებ.

ჯარისკაცობა ძალიან საპატიო,  მაგრამ, ამავდროულად, ძალზე სახიფათო პროფესიაა.

ეს არის პროფესია, რომელიც, ზოგ შემთხვევაში, დიდ თავდადებასა და თავგანწირვას მოითხოვს.

ქართველი მეომრები, ტრადიციულად, ომობდნენ ძალიან ბევრ ქვეყანაში, მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში.

ჩვენი მხედართმთავრები მეთაურობდნენ, ძველი სპარსეთის, ძველი ოსმალეთის, ეგვიპტის,  რუსეთის არმიებს.

ჩვენი ოფიცრების ძეგლი პოლონეთში, ვარშავის ცენტრში დგას. ისინი მარშალ პილსუტსკის ძალების ბირთვს წარმოადგენდნენ. გასული საუკუნის 20-იანი წლების დამდეგს მათ გადაარჩინეს პოლონეთი და შემდეგ, ბევრი მათგანი ვარშავის აჯანყების დროს დაიღუპა.

საქართველოს დიდი ისტორია აქვს შეიარაღებული ძალების, დიდი ისტორია აქვს ბრძოლის, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველოს დროშის ქვეშ საკუთარი ქვეყნისთვის ბრძოლის გამოცდილება იშვიათად ჰქონია.

დღეს ჩვენი ოფიცრები, ჯარისკაცები, იბრძვიან და თავს სწირავენ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ხუთჯვრიანი დროში ქვეშ.

როდესაც ჯარისკაცებს ავღანეთში ვგზავნიდი, მათ ვესაუბრე. რა თქმა უნდა, ისინი რისკის სრული გაცნობიერებით მიდიოდნენ. მათ თავი ამაყად და ღირსეულად ეჭირათ, რადგან ხუთჯვრიანი დროში ქვეშ მოუწევდათ ბრძოლა, პირველ ყოვლისა, საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად.

დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესები წყდება საქართველოში ოკუპაციის ხაზებზე, საქართველოს ოკუპაციისა და სხვა ადგილებში, სადაც ისინი განლაგებული არიან, მაგრამ  საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს საერთაშორისო ბრძოლა და დიდ საერთაშორისო ბრძოლას საქართველოც აწარმოებს.  

დიდი შეცდომა იქნებოდა საქართველოს ინტერესები საქართველოს საზღვრებით შემოგვეფარგლა, მაშინ, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ წარმოებს ასევე გლობალური პოლიტიკური ბრძოლა.

ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ინტერესები და გვყავს მოკავშირეები და მეგობრები.

ის, რომ ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა ამ დარბაზის თავზე ფრიალებს, ის, რომ საქართველო აგრძელებს წარმატებულ განვითარებას, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, მისი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციის მიუხედავად, ჩვენი საერთაშორისო კავშირების, ჩვენი მეგობრების, ჩვენი ერთად ყოფნის დიდი დამსახურებაა.

აქედან გამომდინარე, უნდა გვესმოდეს, ავღანეთში ჩვენი ბიჭების თავგანწირვა, ასევე იმ გლობალური საერთაშორისო ინტერესებისთვის თავგანწირვაა, რომელიც აქვს ჩვენს პატარა ქვეყანას, რადგან, კიდევ ვიმეორებ, ჩვენს წინააღმდეგ წარმოებს საერთაშორისო ბრძოლა. ჩვენი მოკავშირეები, ჩვენი მეგობრები არის ის ხალხი, რომელიც ყველაფერს აკეთებს საქართველოს გადასარჩენად, გასავითარებლად და გასაძლიერებლად.

კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ვამაყობ, რომ ასეთი თავდადებული ხალხი ჰყავს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს -  ყოველთვის ჰყავდა, ჰყავს და ყოველთვის ეყოლება.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დღეს თქვენ აქ იმყოფებით.

ჩვენ გვახსოვს თქვენი მამაცი განცხადებები 2008 წლის სექტემბერში, როდესაც აქ  ჩემი ქვეყნისათვის ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ჩამობრძანდით.

ამავდროულად, ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ უზარმაზარ სამუშაოს, რომელსაც თქვენ ატარებთ ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე.

ვფიქრობ, ნატო-ში თქვენ ძალიან რთულ დროს მოღვაწეობთ. სწორედ ამ პერიოდშია უდიდესი გამოწვევები, უდიდესი რეფორმები და, ასევე, საინტერესო დროა ტრანსფორმაციისათვის.

ამავე დროს, თქვენ კარგად იცით ის გზები, რომლითაც არა მარტო ნატო-ს მეკავშირეები და წევრები არიან ჩართული, არამედ პარტნიორებიც. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ამ ორგანიზაციას აქვს მომავალი.

ვფიქრობ, ჩვენ ვართ ISAF-ის თავდადებული წევრები.

დიდ მადლობას მოგახსენებთ, ნატოს სამიტზე პორტუგალიაში მოპატიჯებისათვის, ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალები - International Security Assistance Force) სამიტზე მოპატიჟებისათვის.

თქვენ უნდა გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის და გვერში დგომის იმედი. ჩვენც გვაქვს თქვენი პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი, იმის იმედი, რომ ემხრობით ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს დამოუკიდებლობას და ჩვენი ქვეყნის მომავალ განვითარებას.

კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით თქვენი გაბედული სამუშაოსათვის, თქვენი უდიდესი მხარდაჭერისთვის და აქ ყოფნისათვის იმ მართლაც მტკივნეულ მომენტში.

დიდი მადლობა.

 

ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგჰ რასმუსენი

დიდ მადლობას გიხდით, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი კეთილი სიტყვებისათვის და ასეთი თბილი მიღებისათვის.

ჩემთვის, დღეს მართლაც ძალიან დიდი სიამოვნება საქართველოში დაბრუნება.

განუზომლად შევწუხდი, როდესაც ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ ავღანეთში შეტყობინება მივიღე.

ნება მიბოძეთ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და ახლობლებს.

ამ მამაცმა ჯარისკაცებმა ყველაზე მაღალი საფასური გადაიხადეს თავისუფლებისათვის ბრძოლაში და ტერორიზმის წინააღმდეგ - თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ მათით!

ეს თავგანწირვა ფუჭი არ იქნება, რადგან ჩვენ სულ უფრო და უფრო წინ მივდივართ ავღანეთში და გარწმუნებთ, რომ მანამდე ვიქნებით იქ, სანამ ჩვენს სამუშაოს არ დავასრულებთ, რადგან ავღანეთს აღარასდროს არ უნდა ემუქრებოდეს ის, რომ იყოს უსაფრთხო სამოთხე ტერორისტებისათვის.

რა თქმა უნდა, ჩვენ გადავცემთ ჩვენს მოვალეობებს თავად ავღანელებს მაშინ, როდესაც მათ შეეძლებათ ამ ვალდებულების საკუთარ თავზე აღება. ამისათვის კი, გვესაჭიროება მუდმივი ძალისხმევა ISAF-ისგან, პარტნიორებისა და ნატო-ს მეკავშირეებისაგან.

თქვენი ჯარისკაცები დიდ ძალისხმევას იჩენენ ჰელმანის პროვინციაში და, ასევე, ქაბულში.

ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს მიერ გაღებულ ძალიან მნიშვნელოვან წვლილს ავღანეთის ოპერაციაში.

ეს უდიდესი მტკიცებულებაა, თქვენი თავდადებისა ჩვენი ალიანსის მიმართ და ამისთვის დიდ მადლობას გიხდით.

მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ნატო-ც ასევე მყარად დგას საქართველოს მიმართ ნაკისრ ვალდებულებებში.

ჩვენი პოზიცია იგივე რჩება - გადაწყვეტილება, რომელიც ბუქარესტში 2008 წელს მივიღეთ, ძალაში რჩება. მაშინ ნატო-მ გადაწყვიტა, რომ საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი იმ პირობით, რომ საქართველოც შეასრულებს თავის ვალდებულებებს და დააკმაყოფილებს ყველა აუცილებელ სტანდარტს. ნატო დაგეხმარებათ თქვენ, რომ მოხდეს საზოგადოების რეფორმირება.

საქართველოს კომისია და მე, ძალიან მოხარული ვართ, რომ მომეცა საშუალება ნატოს და საქართველოს პარტნიორობისათვის ნატო-ს მეკავშირე ოფისი გამეხსნა დღეს აქ, თბილისში.

ჩვენ ძალიან მყარად ვდგავართ ჩვენს პოზიციაზე, პატივი ვცეთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას - არ აღიარების პოლიტიკას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში და ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს მათ მიერ 2008 წელს აღებული 6 პუნქტიანი შეთანხმების ვალდებულებები შეასრულოს.

ამასთან, ჩემი ნათელი განზრახვაა გავაუმჯობესო ურთიერთობა ნატოსა და რუსეთს შორის, რაც იმედი მაქვს ჭეშმარიტ პარტნიორობამდე მიგვიყვანს.

ვფიქრობ, ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი, რაც საქართველოს ინტერესებსაც შეესაბამება.

მიმაჩნია, რომ რუსეთთან პრაქტიკული თანამშრომლობა იმ სფეროებში უნდა განვავითაროთ, რომლებშიც შეგვიძლია თანამშრომლობა - ესაა უსაფრთხოების ინტერესები, კონტრ-ტერორიზმი, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა, პირატების წინააღმდეგ ბრძოლა და აქვე აღვნიშნავ, სარაკეტო თავდაცვის სფერო.  

ვიმედოვნებ, რომ რუსეთის მომავალი ნატო-სა და ევროკავშირთან პოზიტიურ თანამშრომლობას ემყარება.

მინდა დავინახო ნამდვილი ევრო-ატლანტიკური არქიტექტურის განვითარება, სადაც საქართველოც და რუსეთის მშვიდობასა და ჰარმონიაში იცხოვრებენ ერთმანეთთან.

დიდი მადლობა.

 

ჟურნალისტი: გიორგი გაბუნია, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2

ბატონო გენერალურო მდივანო, თქვენ სულ ახლახან აღნიშნეთ, რომ რუსეთთან ურთიერთობა არის ნატოს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი. არსებობდა ნატო-რუსეთის საბჭო, რომელიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ მუშაობდა, მაგრამ ამავე დროს, რუსეთი აგრძელებდა საქართველოს ტერიტორიების დაპყრობას და არ ასრულებს საერაშორისო ვალდებულებებს, რუსეთის ძალები კვლავ იმყოფება საქართველოში, ეს ფაქტია. ასევე, რუსეთი ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს მიიჩნევს. ამ ყველაფრის და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსეთს დაპყრობილი აქვს საქართველოს ნაწილი, როგორ ხედავთ საქართველო-რუსეთის და ასევე ნატო-რუსეთის მომავალ ურთიერთობ?

ანდერს ფოგჰ რასმუსენი:  უპირველეს ყოვლისა, ნება მომეცით ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ეფუძნება იმ ფუნდამენტურ პრინციპს, რომ თითოეულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება გააკეთოს საკუთარი არჩევანი თუ ვისი ალიანსის წევრობა სურს მას. ეს არის ძირითადი პრინციპი. თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება გადაწყვიტოს საკუთარი უსაფრთხოების პოლიტიკა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვეძახით ღია კარის პოლიტიკას. მე არ მიმაჩნია, რომ ეს მთავარი პრინციპი ეწინააღმდეგება რუსეთთან პოზიტიური ურთიერთობების და პარტნიორობის განვითარებას. ფაქტი ისაა, რომ ჩვენი ღია კარის პოლიტიკამ დიდი წვლილი შეიტანა მშვიდობის და სტაბილურობის დამყარებაში რუსეთის დასავლეთ საზღვართან. ჩვენი ღია კარის პოლიტიკის შექმნილია ეკონომიკური განვითარების სტრუქტურაც აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. საბოლოოდ, ყოველივე ეს რუსეთსაც წაადგება. ასე რომ, ჩვენი საერთო კეთილდღეობისათვის,  ღია კარის პოლიტიკაზე გახსნილი გონებით უნდა ვილაპარაკოთ. ჩვენ ძალიან მკაცრად ვიცავთ ჩვენს პრინციპს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი ალიანსი. მე ვთქვი, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობასთან მიმართებაში საქართველოს ინტერეებს შეესაბამება იყოს ნაკლები დაძაბულობა, გაუმჯობესებული უსაფრთხოების გარემოს მონახვა. თუკი ჩვენ წარმატებას მივაღწევთ ნამდვილ პარტნიორულ ურთიერთობაში, ეს გააუმჯობესებს საქართველოს უსაფრთხოების სიტუაციასაც.

ჟურნალისტი: ტელე-კომპანია იმედი, ეკა სოსელია

ბატონო გენერალურო მდივანო, თქვენ უკვე ნახეთ საქართველო 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ და თქვენ გამოხატეთ ღია მხარდაჭერა საქართველოს მთლიანობისათვის და სუვერენიტეტისათვის. თქვენ როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა გააკეთეთ არაერთი ამ ტიპის განცხადება. თქვენ ამბობთ რომ საქართველოს საკითხი კვლავ საკამათო რჩება ნატოსა და რუსეთის ურთიერთობებში, მე მაქვს ასეთი შეკითხვა: რა შეუძლია ალიანსს იმისათვის, რომ რუსეთმა შეასრულოს თავისი ვალდებულება და დაიწყოს საქართველოს დეოკუპაცია? დიდი მადლობა.

ანდერს ფოგჰ რასმუსენი:  მე შემიძლია დავადასტურო, რომ რუსეთთან დიალოგის დროს წამოვწიეთ ჩვენი გულისტკენა საქართველოსთან მიმართებით. მე ვფიქრობ, სწორი მიდგომაა დიალოგის გაძლიერება. სულ ახლახან, ნატომ გააკეთა შეთავაზება კონვენციური იარაღის კონტროლის თაობაზე ევროპაში, ეგრეთწოდებული CFE შეთანხმების ფარგლებში. ჩვენ ნათლად გამოვხატეთ საკუთრი პოზიცია, რომ კონვენციური იარაღის კონტროლი უნდა ეფუძნებოდეს სულ მცირე სამ ფუნდამენტურ პრინციპს: პირველი - ორმხრივი გამჭვირვალობა, მეორე - ორმხრივი თავდაჭერილობა და მესამე მასპინძელი ქვეყნის ნება. ძალების ბაზირება, უნდა ეფუძნებოდეს მასპინძელი ქვეყნის ნებას. მე ვიმედოვნებ, რომ ამ სქემით იგივე შეიძლება ითქვას აფხაზეთზე, ოსეთზე და დნესტრისპირეთზე. დაბოლოს, ვფიქრობ, რომ ასეთი საშინელი კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის სწორი გზა, მხოლოდ დიალოგია.   

ჟურნალისტი, როიტერის ახალი ამბების სააგენტო - კავკასიის ბიურო.

ბატონო გენერალურო მდივანო, თქვენ ახლა ბრძანეთ, რომ საქართველოს ჯარისკაცებმა უდიდესი საფასური გადაიხადეს და რომ მათი თავგანწირვა ფუჭად არ ჩაივლის. ეს თავგანწირვა საქართველოს საზოგადოებისათვის საფასურია ალიანსის წევრობაზე. მიგაჩნიათ, რომ 2008 წლის შემდეგ შეიცვალა იმ ქვეყნების დამოკიდებულება, რომლებიც საშინლად ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს გაწევრიენებას ნატოში? ასევე ვფიქრობ, რომ თქვენ არ გვეტყვით იმ ვადების შესახებ არაფერს, თუ როდის შეიძლება საქართველო ნატო- წევრი გახდეს, მაგრამ ასე მგონია თქვენ უფრო კონკრეტულად იტყვით ამის შესახებ მომავალ სამიტზე პორტუგალიაში. დიდი მადლობა

და კიდევ ერთი შეკითხვა ბატონ პრეზიდენტს, ნატოში გაწევრიანება კვლავ ნომერ პირველი პრიორიტეტია საქართველოსათვის?

ანდერს ფოგჰ რასმუსენი:  უპირველეს ყოვლისა, მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ ავღანეთში ვართ, უწინარესად, საკუთარი უსაფრთხოებისათვის, იმისათვის, რომ დავიცვათ ავღანეთი, რათა ის კვლავ არ გახდეს ტერორისტებისათვის უსაფრთხო სამოთხე. ასე რომ, ჩვენდა სამწუხაროდ ჩვენს ჯარისკაცებს უმაღლესი საფასურის გადახდა უწევთ ჩვენი უსაფრთხოებისათვის, მშვიდობისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მე ასე ვხედავ. ახლა თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილი - მე ველი ლისაბონის სამიტს, რომ კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი პოზიცია, რომელიც ჩვენ 2008 წელს გამოვხატეთ ბუქარესტში - საქართველო გახდება ნატოს წევრი, როდესაც საქართველო დააკმაყოფილებს აუცილებელ კრიტერიუმს. ამასობაში, ვინარჩუნებთ პოზიტიურ პარტნიორობას ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში.

მიხეილ სააკაშვილი:  უპირველესად, ეს არის სახელმწიფო პრიორიტეტი და საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი. აგრესიისა და ოკუპაციის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის ის, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას მის მისწრაფებაზე გახდეს ნატო-ს წევრი. მაგრამ როგორც ეს აღიქმება, საქართველო უნდა გახდეს დამოუკიდებელი და თვით-ეფექტური ქვეყანა. ეს არ ეხება მხოლოდ ნატო-ს, ეს ხდება იმის გამო რომ საქართველოს სურს თავისუფლება, ერთიანობა და დამოუკიდებლობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფერს არასდროს დავთმობთ. ყოველივე ეს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია - არ არსებობს განცალკევებით ნატო-საქართველო. საქართველო დამოუკიდებელია ბევრი ისტორიული ვითარების გამო. ისე, როგორც ამას ჩვენი დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეები ამტკიცებდნენ, ხელოვნური განცალკევება არ არსებობს. ამ საკითხებთან დაკავშირებით  კომპრომისები არ არსებობს. შეიძლება ბევრი სხვა კომპრომისი, ჩვენ ნამდვილად მოქნილი ვართ და კდევ ბევრი სხვა საკითხია. ჩვენ ვართ მოქნილნი და გახნილნი რუსეთისადმი და ჩვენ ნამდვილად ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ყველა ჩვენს მეზობელთან, გამონაკლისის გარეშე. თუმცა, არსებობს ერთი რამ, რაზეც საქართველო კომპრომისს არ დაუშვებს. ეს არის მშვიდობის უსაფრთხოება. ახლა ნატო ჩვენს გვერდით დგას მშვიდობის იდეის დასაცავად. ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ერისგან და მთლიანად მთელი პოლიტიკური სპექტრისგან.

პირველი არხი ნინო გომართელი: რას ფიქრობთ ბერლუსკონის განცხადებასთან დაკავშირებით იმის თაობაზე, რომ მან გადაარჩინა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩამოხრჩობას?  თქვენი პოზიცია...

მიხეილ სააკაშვილი: მინდა გითხრათ, რომ ეს პირველად არ მესმის სილვიო ბერლუსკონისგან. სილვიო ბერლუსკონი გუშინ გამოდიოდა პარლამენტში და მოჰყავდა იმ სერიოზული დამსახურების არგუმენტები, რომელიც მას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იტალიისა და კაცობრიობის წინაშე აქვს. როგორც, მივხვდი, ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად, თბილისის ყველაზე მაღალ ხეზე ჩემი ჩამოხრჩობის თავიდან აცილება მოიყვანა. უპირველესად, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ მადლობელი ვართ ევროკავშირის, მადლობელი ვართ იმისთვის, რომ ევროკავშირმა სცადა შუამავლობა ომის დროს, როგორ გამოუვიდა ეს სხვა საკითხია - ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შესრულებული არ არის და როგორც გავიგე, რუსეთი მას საერთოდ აღარ ცნობს. ის, რომ ევროპელი  დიპლომატები აქ იყვენენ და აქტიურად მონაწილეობდნენ, ძალიან კარგია. ჩვენ ამას ყველანაირად მივესალმებით ახლაც და მომავალშიც. უნდა აღვნიშნო 2008 წელს დანიისა და მთელი რიგი სხვა ქვეყნების სერიოზული განცხადებები, მაგრამ, ყველას მინდა შევახსენო, რომ როდესაც კონდოლიზა რაისმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰკითხა თუ რა იყო მათი სტრატეგიული მიზნები საქართველოზე, პასუხი იყო ძალიან მოკლე (ეს მოხდა ომის დაწყებიდან რამდენიმე საათში): საქართველოს სრული განადგურება (full unnihilation of  Georgia - ამერიკელების გადმოცემით; ალბათ, რუსებმა ადეკვატური ტერმინი გამოიყენეს). ლაპარაკი იყო არა იმაზე, რომ პრეზიდენტი, ამ შემთხვევაში, მე, სხეულის ერთი ნაწილით ჩამოკიდებინათ ყველაზე მაღალ ხეზე, არამედ საქართველოს განადგურებაზე! ლაპარაკი იყო იმაზე, რომ თბილისის აეროპორტი არ დაიმომბებოდა თუკი საქართველოს მთავრობა დატოვებდა ქვეყანას, თუკი ხელისუფლებას მათ გადააბარებდა,  პრაქტიკულად, ისე, როგორც 1921წელს მოექცა ქვეყნის მაშინდელი მთავრობა საქართველოში შემოსულ აგრესორს. ამიტომ მთავარი, რაც 2008 წელს მოხდა იყო ის, რომ ქართველი ხალხი დაადგა ერთად, ჩაკიდა ერთმანეთს ხელი, ჩვენმა ჯარმა რამდენიმე დღის განმავლობაში გაწია გმირული წინააღმდეგობა და დაანახა, რომ უფრო მეტად შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა. ყოველივე ამაში, მსოფლიო თანამეგობრობამ მიიღო მონაწილეობა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ჰუმანიტარული სამხედრო ოპერაცია, ამერიკის მე-6 ფლოტი დაიძრა საქართველოსკენ და ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, პენტაგონის ხელმძღვანელთან და სახელმწიფო მდივანთან ერთად, ძალიან კონკრეტული მინიშნებები გააკეთა სამხედრო ჰუმანიტარული ოპერაციის, მათ შორის, სამხედრო ასპექტებზე. თუკი საერთაშორისო  თანამეგობრობაზე ვლაპარაკობთ, მესმის, რომ ჩემს მეგობარ, ბატონ სილვიო ბერლუსკონის ასევე მჭიდრო მეგობრობა აკავშირებს ვლადიმერ პუტინთან და ძალიან ახლობლური ურთიერთობა აქვს. თუ ეს ფაქტი მან [ჩვენს] სასარგებლოდ გამოიყენა, ამას მხოლოდ მივესალმები. ვფიქრობ, საქართველოს გადარჩენაში მთავარი როლი შეასრულა ქართველმა ხალხმა, რა თქმა უნდა ჩვენი მეგობრების დახმარებით - ისევე, როგორც დღეს (ვუბრუნდები ავღანეთის ოპერაციას) ჩვენი თავდაცვის ხაზი არ გადის მხოლოდ საქართველოს შიგნით, იმის მიუხედავად, რომ ოკუპაციის ხაზი ჩვენი ქვეყნის შიგნითაა. საქართველოს თავდაცვის ხაზი გადის საქართველოს შიგნითაც და საქართველოს გარეთაც, იმის გათვალისწინებით თუ რას აკეთებენ ჩვენი ჯარისკაცების ავღანეთში. ამას ვამბობ მათ გასაგონად, ვისაც ამის ახსნა სჭირდება, მიუხედავად გუშინდელი მძიმე მსხვერპლისა.            

ჟურნალისტი:  რა რეაქცია გქონდათ ავღანეთიდან პაკისტანში მიმავალ მანქანების ესკორტზე თავდასხმაზე, რომელიც ამ დილით განხორციელდა? 27 მანქანას იქ შესვლა აეკრძალა. რამდენად ინტენსიურს ხდის ეს ფაქტი ნატო-სთვის ავანეთში სხვა ალტერნატიული მარშრუტები მოიძოთ? მსურს მოვისმინო თქვენი კომენტარი.

ანდერს ფოგჰ რასმუსენი:  მე არ ვფლობ დეტალურ ინფორმაციას ამ ფაქტთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილი:  ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი რამ ალტერნატიული მარშრუტის შესახებ. საქართველო ნამდვილად იყენებდა ალტერნატიულ მარშრუტს გარკვეულ პროდუქტებზე და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან კარგი ლოჯისტიკა გვაქვს, რადგან თუკი თქვენ გადახედავთ მთელ რიგ ტვირთს, რომელიც საქართველოს გავლით გადის, ცენტრალური აზიიდან ჩრდილოეთ ჩინეთში და ასევე ავღანეთში - ეს ძალიან უსაფრთხო გზაა. ვგულისხმობ პოლიტიკურ უსაფრთხოებას. გარანტიას ვიძლევი, რომ არ არსებობს ტვირთის დაბლოკვის შანსი. ეს არის ჩემი საბოლოო დანაპირები თქვენს მიმართ, ბატონო გენერალურო მდივანო. მაგრამ კიდევ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი და შესათვაზებელი ჩვენი მხრიდან, თქვენთვის.

დიდი მადლობა. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)