სიახლეები
07.08.2010
საქართველოს პრეზიდენტი აგვისტოს ომის ორი წლისთავს კოლუმბიიდან გამოეხმაურა
აგვისტოს ომის ორი წლისთავს საქართველოს პრეზიდენტი კოლუმბიიდან გამოეხმაურა.
მიხეილ სააკშვილის განცხადებით, ომი 7აგვისტოზე ბევრად ადრე დაიწყო, აგრესია დღესაც გრძელდება, ამიტომ ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ უკანასკნელი ოკუპანტი არ დატოვებს საქართველოს.
"არ ღირს ცალკე რომელიმე თარიღის განხილვა. აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაიწყო ბევრად უფრო ადრე და ის ამ დრომდე არ არის შენელებული.
ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ უკანასკნელი აგრესორი არ დატოვებს საქართველოს მიწას, სანამ არ აღდგება სამართლიანობა ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც იძულებულები იყვნენ დაეტოვებინათ საკუთარი სახლები. მაგრამ 2008 წელს ჩვენი ქვეყნის შვილებს უკვე მერამდენედ მოუხდათ საკუთარი სიცოცხლის ფასად საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვა. ამ ბიჭების ხსოვნის წინაშე თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, ყოველდღიურად აწარმოოს ეს ბრძოლა, აწარმოოს ბრძოლა ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გაძლიერების კუთხით და მათ შორის - მთელ მსოფლიოში, ყველგან უნდა დავიცვათ ჩვენი პოზიციები. არც ერთი დღე არ გვაქვს დასაკარგი, სანამ საქართველოში დგას მტერი, სანამ საქართველოს მიწა ოკუპირებულია და საქართველო არ არის თავისუფალი. ამ ბიჭების სახელის უკვდავსაყოფად ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა.ჩვენი ქვეყნის და ჩვენი თაობის ისტორიული ამოცანაა ამ ბრძოლის ბოლომდე მიყვანა. ჩვენ ამას გავაკეთებთ."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.