Google+

სიახლეები

03.08.2010
საქართველოს პრეზიდენტმა ანაკლიისა და მესტიის საკურორტო ზონებს ესტუმრა

ანაკლიის ხუთსართულიანი სასტუმროს მშენებარე კომპლექსის პირველი დამთვალიერებელი, დღეს, საქართველოს პრეზიდენტი იყო. მიხეილ სააკაშვილი ანაკლიის სანაპიროზე პატარა ნიკოლოზთან ერთად იმყოფებოდა.

პრეზიდენტმა ზამთრისა და ზაფხულის კურორტების ერთდროულად სარგებლობის დემონსტრირება თავად მოახდინა. ანაკლიიდან 25 წუთში იგი მესტიის სამთო-სათხილამურო ტრასაზე იყო, სადაც ბავშვებს შორის ტურნირი გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა სათხილამურო ტრასები დაათვალიერა და საკუთარი ძალებიც მოსინჯა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, იანვრიდან ევროპის მასშტაბით დაიწყება იმის რეკლამირება, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ერთდროულად პლაჟზე გარუჯვა და თხილამურებით სრიალი შეიძლება.

”ნახევარი საათის წინ ზღვაში ვბანაობდით, სადაც წყლის ტემპერატურა 30 გრადუსი იყო, ახლა კი თოვლში ვსრიალებთ.  წელს აქ პირველი საბაგირო კეთდება. ავსტრიელებმა და კანადელებმა დაადგინეს, რომ იქ, სადაც საბაგიროს ვაკეთებთ, ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი ტრასაა. ეს იმას ნიშნავს, რომ წელს ოლიმპიური ტრასა გვექნება თავის საბაგირო გზით”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ანაკლიის, როგორც შავი ზღვისპირეთის ერთ-ერთ საუკეთესო საკურორტო ზონის თაობაზე ისაუბრა და ყურადღება ტურისტულ ინფრასტრუქტურის განვითარებააზე გაამახვილა. მისი თქმით, ტურისტული სეზონი იქ წელსვე მთელი დატვირთვით ამოქმედდება.

”არ მოველოდი, რომ ანაკლიაში ასეთი კარგი ზღვა და პლაჟი იქნებოდა. ამ კურორტის განვითარება ჩემი იდეა იყო და თავიდანვე მქონდა იმის იმედი, რომ ძალიან კარგი გამოვიდოდა. მართლაც სასწაულია - იქ მდებარე სასტუმრო, პლაჟი, მისასვლელი გზა, იქვე მდებარე კოლხეთის დაბლობი და ბუნებრივი პარკი, ხოლო შემდეგ ლუგელას ხეობით, 2 საათის სავალზე მესტიის სამთო კურორტი... მესტიაში წელს ისეთი კურორტი კეთდება, როგორიც აქამდე საქართველოში არსად არ ყოფილა. მართალია, სხვა ტრასები კარგი გვაქვს, მაგრამ ამ მასშტაბის და მსგავსი სილამაზის, მზიანი დღეების რაოდენობისა და თოვლის ხარისხის თვალსაზრისით - არ გვქონია. მომავალ წელს იანვრიდან მთელ ევროპასა და მსოფლიოში ვიწყებთ იმის რეკლამირებას, რომ საქართველო არის ერთადერთი ადგილი მთელ ევროპაში, სადაც შეგიძლია იცურაო ტროპიკულ პლაჟზე, საათნახევარში, ორ საათში კი, ისრიალო თხილამურებით”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტი ანაკლია-მესტიის გზის მონაკვეთის მშენებლობითაც დაინტერესდა და ადგილობრივებისგან ინფორმაციაც მიიღო.

”ეს ადგილი 10-12 გუდაურს უდრის. აქ შეიძლება გაკეთდეს 40-50 საბაგირო გზა. რამდენიმე ათეული წელია მესმის, როგორ ვუხსნით ევროპელებს იმას, რომ საქართველო არის კავკასიური შვეიცარია. იმით, რასაც აქ ვაკეთებთ, საქმით მტკიცდება, რომ  ეს მართლაც ასეა. 6 თვის წინათ, როდესაც ანაკლიის განვითარებაზე ვლაპარაკობდი, ბევრი დამცინოდა, მაგრამ აბა ახლა ნახეთ, როგორი სასტუმროები აშენდა და როგორი ინფრასტრუქტურა იქმნება. ზამთრისა და ზაფხულის კურორტთა მსგავსი კომბინაცია მსოფლიოში არსად არ იქნება. ძალიან ბევრ ადგილზე ვარ ნამყოფი და ეს ნამდვილად არ არის გაზვიადებული ნათქვამი. ამიტომ, ჩვენ კი არ უნდა ვიყოთ ევროპული შვეიცარია, შვეიცარია გახდეს ევროპული საქართველო. ჩვენ საჩანჩალო, შესახვეწი და  შესადარებელი არაფერი არ გვაქვს, თავად შეგვედაროს ყველა. თუმცა, საამისოდ, ძალიან ბევრი შრომაა საჭირო. თბილისელმა ინვესტორებმაც და ბიზნესმენებმაც უნდა ისწავლონ რუსთაველის გამზირის იქით გახედვა. ვინც ახლა აქ ერთ დოლარს ჩადებს, ზუსტად ხუთ წელიწადში ასმაგს მოიგებს. აქ ინვესტიციების ჩადებას წარმოუდგენლად დიდი პერსპექტივა აქვს. დაიმახსოვრეთ, 5-6 წელიწადში ამ ადგილას 500-700 ათასი, შეიძლება მილიონი ტურისტიც გვყავდეს. დაგვჭირდება ბევრი სასტუმრო, ბევრი რესტორანი, გასართობი დაწესებულება და საწარმო. ასევე გვჭირდება მაღალი ტექნოლოგიები, ეს კი, შემოსავლის ზრდასთან და გამდიდრებასთან ერთად მოვა. მტერმა ამ ადგილს კლანჭი ვერ ჩაასო და სწორედ ამ ადგილის განვითარებაა იმის საწინდარი, რომ დანარჩენსაც დავიბრუნებთ. ღმერთი სწყალობს საქართველოს!” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.   




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)