Google+

სიახლეები

13.07.2010
საქართველოს პრეზიდენტი ფოთში რადარის დამონტაჟების პროცესს დაესწრო

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფოთს ესტუმრა. მან მშენებარე აეროპორტი დაათვალიერა, სადაც უახლესი ტექნოლოგიის სარადარო სისტემა მონტაჟდება.  ფრანგული კომპანიის მიერ წარმოებული რადარებით საქართველოს საჰაერო სივრცის სრულად გაკონტროლების შესაძლებლობა ექნება. სამოქალაქო ავიაციისთვის განკუთვნილი თანამედროვე სისტემით, ფოთის აეროპორტი ლაინერების მიღებას ნებისმიერ ამინდში შეძლებს.

მიხეილ სააკაშვილის აგვისტოს ომის პერიოდი გაიხსენა, როდესაც რუსეთმა სტრატეგიული ავიაცია გამოიყენა და რადარები აგვიფეთქა, აეროპორტების ინფრასტრუქტურა გაგვინადგურა. მისი თქმით, ისინი გვიფეთქებენ და გვინგრევენ, ჩვენ კი უკეთესებს ვდგამთ და ვაშენებთ.

"ფოთში ძალიან დიდი აეროპორტი შენდება. ამ რადარის დამონტაჟება კი ნიშნავს იმას, რომ აეროპორტის ინფრასტრუქტურა წინასწარ არის უზრუნველყოფილი. ფოთი-ბათუმი-ქუთაისის სამკუთხედის პროექტის განხორციელება მესტიისა და ანაკლიის განშტოებებით, ბევრს უტოპიად ეჩვენებოდა, მაგრამ 2012 წლის გაზაფხულზე ამას თვალნათლივ დავინახავთ.   პრაქტიკულად, ეს ბათუმის აეროპორტია, რადგან აქედან ბათუმამდე ახალი გზით ნახევარი საათის სავალია. თანაც ეს იქნება ისეთივე აეროპორტი, როგორიც თავის დროზე იყო სოხუმში - ფრენა ნებისმიერ ამინდში იქნება შესაძლებელი, ექნება ასაფრენ-დასაფრენი დიდი ზოლი. ამით მთლიანად იცვლება საქართველოს ეკონომიკური გეოგრაფია. თავის მხრივ, ეს უამრავ ახლად დასაქმებულ ადამიანს ნიშნავს. საბოლოოდ, უნდა განვახორციელოთ გეგმა, რომელიც საგანგებოდ ფოისთვისაა განკუთვნილი - ფოთი 100-პროცენტიანი დასაქმების ქალაქი გახდეს. ამ აეროპორტს დიდი პრობლემები ჰქონდა ქონების გამოსყიდვის, ასევე ადგილის დაჭაობების თვალსაზრისით. ასევე პრობლემური საკითხები გვქონდა გუნდთან დაკავშირებით. თუმცა ყველა ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია და ჩვენ აქაც ავაშენებთ და სხვა ადგილებშიც. ეს აეროპორტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გასაღები როგორც ფოთისთვის, ისე დანარჩენი საქართველოსთვის. ეს ჩვენში ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს და საქართველოს გაუხსნის გზას დანარჩენი მსოფლიოსკენ. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ეს არ არის სიმბოლური ქვის დადება. ეს არის ის, რამაც ეს აეროპორტი უნდა აცოცხლოს - მისი მთავარი ორგანო. მინდა მიულოცო საქაერონავიგაციას. გიორგი კარბელაშვილის არ უყვარს ბევრი ლაპარაკი, მაგრამ კეთებს საქმეს. მან პირველმა დადგა რადარები ომის დასრულებისთანავე. ამ საკითხთან დაკავშირებით მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საფრანგეთთან, სადაც ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგია აქვთ და ასე გაგრძელდება მომავალშიც", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)