Google+

სიახლეები

03.06.2010
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუმინეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება. ბუქარესტში იგი უკვე შეხვდა რუმინელ კოლეგას და პრემიერ-მინისტრს. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ასევე ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისა და ეკონომიკური საკითხები განიხილეს.

მიხეილ სააკაშვილი ბუქარესტში ანთიმოზ ივერელის სახელობის ტაძარში მივიდა, სადაც იგი რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა მიიღო, რომელმაც ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. უწმინდესმა დანიელმა პრეზიდენტს ანთიმოზ ივერიელის მიერ დაწერილი ლოცვები გადასცა და  ქართული ხუთჯვრიანი დროშა სიმამაცისა და მართლმადიდებლობის პატივისცემის სიმბოლოდ შეაფასა. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა უწმინდესს სამების ხატი და ოქროს თასი უსახსოვრა. პრეზიდენტმა ისტორიული ძეგლებისა და ქართული სიწმინდეების გადარჩენაზე გაამახვილა ყურადღება.

"ჩვენი სულიერი კავშირები შავ ზღვაზე გადებული ძალზე მნიშვნელოვანი ხიდია. ის, რომ მართლმადიდებელი რუმინეთი შეიძლება იყოს ევროპის კავშირის წარმატებული წევრი, იმედის მომცემია საქართველოსთვის. ჩვენ ძველი დროშაც აღვიდგინეთ, თუმცა დღესაც არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ამ დროშას პრინციპულად არ იღებენ და ძველი დროშების დაბრუნებას ცდილობენ. მთავარია, რომ  ეს დროშა ქართველმა ხალხმა მთელი გულით შეიყვარა. ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა, მათ შორის, მათ, ვინც ქრისტიანები არ არიან, ეს დროშა მიიღეს და აღიქვეს, როგორც ეროვნული სიმბოლო. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამ დროშით. მას ვერავინ ვერასდროს ვეღარ შეცვლის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა რუმინეთის პატრიარქთან საუბრისას.

თავის მხრივ, უწმინდესმა დანიელმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და რუმინეთს მხოლოდ სიყვარული გააძლიერებს. მისი თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება თანამედროვე ევროპის ნაწილი.

პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი ჟურნალისტებთანაც გააკეთა.

"ანთიმოზ ივერიელი რუმინეთის ძალიან ცნობილი და დიდი პატრიარქი ქართველი იყო. ამას გარდა, თქვენ იცით, რომ რუმეინეთის ეკლესიამ წმინდანად შერაცხა გრიგოლ ფერაძე. ასევე ბულგარეთში არის პეტრე იბერის მიერ შექმნილი მონასტერი... ყოველივე ეს არის ქართული კულტურისა და ისტორიული ძეგლები, ძალიან დიდი სიმტკიცის მარაგის ნაწილი საქართველოსთვის. საქართველოს ისტორია სწორად უნდა დავინახოთ და მომავალს გადავცეთ. ამისათვის, საჭიროა ამ ძეგლთ დაცვა. იცით, რომ თურქეთში ქართული ძეგლები, პრაქტიკულად, დანგრევის პირასაა მისული. სხვადასხვა ბიუროკრატიული მიზეზების გამო ხელშეკრულების ხელმოწერა შეფერხდა, მაგრამ ეს პროცესი უნდა დავაჩქაროთ, რადგან ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩვენი ისტორია დავკარგოთ ან გავანიავოთ. ამის თაობაზე დავალება აქვს მიღებული საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროებს და ამ მიმართულებით სერიოზულ მუშაობას ვაპირებთ", - აღნიშნა მან.    

ტაძარში მისვლამდე ქართული დელეგაცია რუმინეთის პარლამენტში მართავდა შეხვედრებს. მიხეილ სააკაშვილი რუმინეთის პარლამენტის ქვედა და ზედა პალატის თავმჯდომარეებს შეხვდა. მოლაპარაკების მაგიდასთან რუმინეთის მხარემ ნატოსა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. ზედა პალატის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო და ქართველი ხალხის ბედი მნიშვნელოვანია არა მარტო რუმინეთისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც.  

თბილისმა ბუქარესტისგან პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერაც მიიღო. გაფორმდა რამდენიმე ხელშეკრულება.  

"მიხარია რომ თქვენ ისევ აქ გვხვდებით. არასდროს დამავიწყდება რომ რუმინეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა. თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი ლიდერი, რომელიც ევროპული ორგანიზაციების სახელით, ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში. ეს ნათლად მიუთითებდა იმას, თუ ვინ იყო ჩვენი პარტნიორი და ვის სურდა ჩვენი დახმარება. რეგიონში ბევრი პრობლემაა, მაგრამ ჩვენ მათ არ გავურბივართ. საქართველოსა და რუმინეთის თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონში დიდი პერპექტივის მოტანა შეუძლია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მირჩა ჯოანასთან შეხვედრისას.

რუმინეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანა გაააქტიურებს საქართველოს მხარდაჭერას ნატოს სამიტამდე, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს მისი გაწევრიანება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში.

მიხეილ სააკაშვილი ბუქარესტიდან რუმინეთის საპორტო ქალაქში, კონსტანცაში გაემგზავრა, სადაც საქმიან წრეებთან გამართავს შეხვედრებს.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)