Google+

სიახლეები

04.04.2010
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სააღდგომო ლიტანიობას დაესწრო

სააღდგომო ლიტანიობას სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. მიხეილ სააკაშვილი სამებაში შვილთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მივიდა. მანამდე პრეზიდენტი საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც პატრიარქის დაწერილი საგალობელი "ავე მარია" მოისმინა. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს უნიკალური ნაწარმოები მთელ ქვეყანაში უნდა გავრცელდეს.

"მინდა ყველას მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული - სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების და სინათლის სიბნელეზე გამარჯვების ზეიმი. ვიდრე აქ მოვიდოდი, საპატრიარქოში პატრიარქთან ერთად მოვუსმინე მის მიერ დაწერილ ახალ "ავე მარიას". აქამდე მხოლოდ კათოლიკების დაწერილი საგალობელი იყო და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაწარმოები ქართული ეკლესიის წიაღშიც შეიქმნა. ამ საგალობელმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ძალიან მომეწონა და მის უწმინდესობას შევთავაზე, რომ ეს ნაწარმოები არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ყველა დასახლებულ პუნქტში, ღია ცის ქვეშ ადგილობრივი გუნდებთან ერთად შევასრულოთ. ეს საგალობელი მთელმა საქართველომ უნდა მოისმინოს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სამების ტაძრიდან დავით გარეჯში გაემგზავრა და წირვა-ლოცვას მამათა მონასტერში დაესწრო. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიხეილ სააკაშვილმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მყოფ საეკლესიო პირებსა და მრევლს მიულოცა. სააღდგომო წირვის დასრულების შემდეგ პრეზიდენტი მორწმუნეებს გაესაუბრა და მათთან საქართველოს ისტორიულ და რელიგიურ მემკვიდრეობაზე ილაპარაკა. მიხეილ სააკაშვილს დავით გარეჯში ჩაბრძანებისთვის იქ მყოფმა მორწმუნეებმა მადლობა გადაუხადეს.

"საქართველო იმყოფება დავითისა და გოლიათის ბრძოლაში - ჩვენ დიდი ბოროტება გვებრძვის, მაგრამ საქართველო სიკეთის მხარესაა. ჩვენ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რამდენად ძლიერად არ უნდა გამოიყურებოდეს ბოროტება, მას არასდროს არ უნდა შევეგუოთ და მასთან კომპრომისზე არ უნდა წავიდეთ. ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და ამიტომ როგორც დავითმა დაამარცხა გოლიათი, ისე გაიმარჯვებს საქართველოც. თუმცა ამას დიდი გამძლეობა და დიდი მოთმინება სჭირდება. ამას გვასწავლის აღდგომის დღესასწაული, რადგან ეს დღესასწაული სწორედ სიკეთის გამარჯვებაა ბოროტებაზე. ეს რომ ასე არ იყოს, დღეს არც კაცობრიობა იარსებებდა და, მით უმეტეს, არც ჩვენი ქვეყანა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)