Google+

სიახლეები

01.04.2010
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისსა და ქობულეთში წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისს ესტუმრა, სადაც ერთ-ერთ უბანში, კერძოდ, ნიუპორტისა და გაპონოვის ქუჩების გადაკვეთაზე წყალსადენის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. პრეზიდენტმა დაწვრილებით გამოიკითხა დღეს არსებული ვითარება და სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება. პროექტი, რომელიც ქალაქის ყველა ქუჩაზე ახალი მილების დამონტაჟებას, ასევე რეზერვუარებისა და სათავე ნაგებობების აღდგენას ითვალისწინებს, სამ ეტაპიანია. პირველ ეტაპზე 30 მილიონი ლარი გამოიყო, რის შედეგადაც წყლის სისტემები ქალაქის 50 ქუჩაზე სრულად შეიცვალა. 2011 წლიდან კი, ქუთაისი წყლით 24-საათის განმავლობაში მომარაგდება. მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ქუთაისში პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ტყეშელაშვილი იმყოფებოდნენ.

"კარგია, რომ ქუთაისის გარეუბნებში გორასა და ავტოქარხნის დასახლებაში გვექნება წყლის 24-საათიანი მომარაგება, მაგრამ ამ გეგმით, იქ, სადაც ქუთაისის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ცხოვრობს, ვითარებას ვერ ვაუმჯობესებთ. არადა, ჭავჭავაძის პროსპექტზე, გამსახურდიასა და ბუხაიძის მიმდებარე ტერიტორიაზე, ანუ ქალაქის ცენტრში განლაგებულია დიდი კორპუსები და მეტი ეკონომიკური აქტივობა სწორედ ამ უბანზე მოდის. ჩვენი ძველი გათვლებით, ქუთაისს, საამისოდ, 300 მილიონი ლარი სჭირდებოდა. თუმცა იმის გათვალისწინებით, რაც უკვე გაკეთებულია, ქუთაისის წლის სისტემის სრული რეაბილიტაციისთვის 200 მილიონი ლარი დაიხარჯება", - აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა - "საკვირველია, რომ კომუნისტებმა, რომლებიც ქუთაისს ნახევარ მილიონიან ინდუსტრიულ ქალაქად აშენებდნენ, არც წყალი გაითვალისწინეს და არც კანალიზაცია".

ამასთან დაკავშირებით, ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ ქუთაისის 24-საათიანი მომარაგების პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და კონკრეტული სამუშაოები 2011 წლის დამდეგიდან დაიწყება, როგორც კი აზიის განვითარების ბანკიდან მხოლოდ წყლის სისტემებისთვის 500 მილიონი დოლარი გამოიყოფა. მისი თქმით, წყლით მომარაგება ერთ-ერთი მძიმე ინფრასტრუქტურული მემკვიდრეობა იყო, რომელიც მთავრობას ერგო წილად.

"ქუთაისის სრული ინდუსტრიალიზაცია მხოლოდ წყლის სისტემის სრული რეაბილიტაციისა და ახალი სისტემების დანერგვის პირობებშია შესაძლებელი. სერიოზული ინვესტორები მიდიან მხოლოდ იქ, სადაც კომფორტია. ეს, უპირველესად, ჩვენი ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან მათი კომფორტის გარდა, წყლის სისტემების რეაბილიტაციას მათთვის სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. მათ დასაქმებას სწორედ ინვესტიციები უზრუნველყოფს. ინვესტორებსაც სჭირდებათ წყალი, როგორც ინდუსტრიული მიზნებისთვის, ისე პირადი გამოყენებისთვის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისიდან ქობულეთში გაემგზავრა და წყლის სისტემის სარეაბილიტაციო პროცესს გაეცნო. მიხეილ სააკაშვილმა საკანალიზაციო კოლექტორის მშენებლობის სამუშაოები აღმაშენებლის ქუჩაზე დაათვალიერა. ქუთაისის მსგავსად, მილების მონტაჟი ქობულეთშიც მიმდინარეობს. ქობულეთში წყლის სათავე ნაგებობა და სოფელ კვირიკეში ახალი 6 ათას 500 კუბური მეტრის ტევადობის რეზერვუარი მაისში ამოქმედდება. ამას გარდა, ქობულეთში ნაპირსამაგრი სამუშაოებიც დაიწყო.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)