Google+

სიახლეები

07.04.2005
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს პროკურატურისა და სასამართლოს გადასაწყვეტი საკითხია. მისი თქმით, დროა ყველა შეეგუოს იმ აზრს, რომ ქვეყანაში არავინ არის ხელშეუხებელი და კანონის წინაშე ყველა თანაბარია.

"სისხლის სამართლის საქმეებში ჩარევა ჩემს ფუნქციებში არ შედის... მე ისეთი სისტემის შექმნა მსურს, სადაც კანონი ყველას მიმართ თანაბრად და სამართლიანად იქნება გამოყენებული", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა სოჭში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და დე-ფაქტო რესპუბლიკების პრეზიდენტების შეხვედრაზეც ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ იგი სოჭში ჩასვლას არ გეგმავდა და მსგავსი შეხვედრისთვის მხარეები უკეთესად უნდა მოემზადონ. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, იგი სერგეი ბაღაფშსა და ედუარდ კოკოითს შეხვედრას თბილისში სთავაზობს. "ჩვენი რესურსებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მზად ვართ გახსნილად ვისაუბროთ... ჩვენ მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა გვსურს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი ქვეყანაში მიმდინარე გზების მშენებლობის პროცესზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს სამუშაობები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ჩამოსვლას არ უკავშირდება. პრეზიდენტის თქმით, ინფრასტრუქტურის საბოლოოდ გაუმჯობესება უახლოეს მომავალში არ მოხერხდება, მაგრამ მისი აზრით, გზების რეკონსტრუქცია და ფასადების მოწესრიგება საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე შესაძლებელი იქნება. "ყველამ უნდა იცოდეს, რომ მე დაპირებებს ვასრულებ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)