Google+

სიახლეები

10.05.2005
ამერიკის პირველი ლედი ლორა ბუში ამერიკულ აკადემიასა და წიგნის სახლს ეწვია

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის ლორა ბუშის პროგრამით დაგეგმილი შეხვედრები გაიმართა. თავდაპირველად, იგი საქართველოს პირველ ლედის სანდრა რულოვსს სახლში ესტუმრა, რის შემდეგაც ისინი ამერიკულ აკადემიას ეწვივნენ. ლორა ბუშმა ამერიკული აკადემიის ბიბლიოთეკა დაათვალიერა, სადაც მან მოისმინა მოსწავლეთა მოხსენებები თემებზე - "გაერთიანებულ ველთა თეორია" და "რა ქმნის ფოტოგრაფიასა და ხელოვნებას". ამერიკის პირველი ლედი მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეების მიერ რობერტ ფროსტის შემოქმედების განხილვასაც დაესწრო და მათი მომზადების დონითა და ერუდირებულობით კმაყოფილი დარჩა.

ლორა ბუშმა და სანდრა რულოვსმა აკადემიის დარბაზში შეკრებილ მოსწავლეთა შეკითხვებს უპასუხეს. საუბრის დასაწყისში ამერიკის პირველმა ლედიმ აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე ის და მისი მეუღლე რამდენიმე ქვეყანაში იმყოფებოდნენ, მაგრამ აქ მათ ყველასგან გამორჩეულად დახვდნენ. მისი თქმით, ამერიკის პრეზიდენტი აღფრთოვანებულია ქართველი ხალხით, იმ კულტურული პროგრამით, რომელიც მათ პატივსაცემად თბილისის ძველ უბანში გაიმართა.

შეხვედრაზე ქალბატონი ბუში ამერიკელი მოზარდების პრობლემებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ ასაკში არსებული სირთულეების დაძლევის საუკეთესო საშუალება წიგნის კითხვა და მუდმივი მეცადინეობაა. მან პირველი ლედის ყოველდღიურ საქმიანობასა და მოვალეობებზეც ისაუბრა. შეხვედრას საქართველოს განათლების მინისტრი კახა ლომაიაც ესწრებოდა.

ამერიკული აკადემიის შემდეგ ლორა ბუში და სანდრა რულოვსი წიგნის სახლს ეწვივნენ, სადაც ისინი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მეუღლეს ნინო ჟვანიას შეხვდნენ. მან ამერიკის პირველ ლედის სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ლორა ბუში ქართველ გამომცემლებსაც შეხვდა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)