სიახლეები
14.05.2005
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა გელა ჩარკვიანმა საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ბაზების გაყვანის თაობაზე ბრიფინგი გამართა
დღეს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა გელა ჩარკვიანმა ბრიფინგი გამართა, რომელიც რუსეთის დუმის გუშინდელ მიმართვას შეეხებოდა. კერძოდ, გელა ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ მიმართვა, რომელიც საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ბაზების გაყვანის საკითხს უკავშირდება და დუმამ ის პრეზიდენტ პუტინსა და რუსეთის მთავრობას გაუგზავნა, არ შეუწყობს ხელს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესებას. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკების პროცესი კვლავ მიმდინარეობს და იმის მიუხედავად, რომ აზრები საბოლოოდ შეჯერებული არ არის, პროგრესი აშკარად შეინიშნება. "სწორი იქნება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა ყოველგვარი აჟიოტაჟისა და ემოციების გარეშე, მშვიდ ვითარებაში გაგრძელდეს", - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის დადგენილება ძალაში რჩება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა ორი ქვეყნის საგარეო უწყებამ შეთანხმებას მიაღწიოს, ის მთელი სიმკაცრით ჯერ-ჯერობით არ ამოქმედდება. "უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ გარკვეული ძალები შესაძლოა პროვოკაციებზე წავიდნენ და მოლაპარაკების პროცესი ჩაშალონ. ჩვენ ამის საშუალება არავის არ უნდა მივცეთ", - აღნიშნა გელა ჩარკვიანმა და რუსეთის მთავრობას მოუწოდა, დოკუმენტზე მუშაობისას არ აყვნენ პროვოკაციას, რათა დოკუმენტის თითოეულ პუნქტზე სასურველ შეთანხმებას მივაღწიოთ.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური