Google+

სიახლეები

12.09.2005
“ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” დახმარების პროგრამის ფარგლებში საქართველომ 295,3 მილიონი აშშ დოლარი მიიღო

12 სექტემბერს აშშ-ში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა და "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" ვიცე-პრეზიდენტმა ჩარლზ სესნესმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოსთვის დახმარების სახით 295,3 მილიონი აშშ დოლარის გადაცემის შესახებ. საქართველოსა და "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას" შორის თანამრომლობა ეკონომიკის გაუმჯობესების გზით ქვეყანაში სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს რეგიონებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და კერძო სექტორის განვითრების ხელშეწყობა, რაც საქართველოს მოსახლეობის ნახევარ მილიონზე მეტს უშუალო სარგებლობას მოუტანს, ხოლო მეოთხედი დახმარებას არაპირდაპირი გზით მიიღებს. მაგალითად, გაზის უწყვეტი მიწოდებით გარემოს დაცვასთან, ადამიანის ჯანმრთელობასთან და მისი სიცოცხლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები შემცირდება.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია:

1. სამცხე-ჯავახეთის 245 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის მშენებლობა და რეაბილიტაცია;

2. ენერგოსექტორის გაუმჯობესების მიზნით ცენტრალური მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია, რაც ელექტროენერგიის გამომუშავებას, მოსახლეობისა და საწარმოებისთვის საწვავის მიწოდებას შეუწყობს ხელს;

3. წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაცია, რაც რეგიონალურ და მუნიციპალურ დონეზე სასმელი წყლის მიწოდების, სანიტარული პირობებისა და საირიგაციო სისტემის გაუმჯობესებას, ასევე რეგიონების გაზიფიკაციას გულისხმობს.

ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე ამერიკის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, - "დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მომავალი წარმატებების მიმართ ამერიკის მხურვალე მხარდაჭერის დადასტურებაა. საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყანაში კანონის უზენაესობის დამკვიდრების, აქტიური სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მასმედიის, თავისუფალი ეკონომიკისა და ყველა სახელისუფლებო დონეზე ანგარიშვალდებული, ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობის ხელშეწყობასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება".

ცერემონიაზე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა. "ჩემი აზრით, ეს პროგრამა ყველაზე ქმედითი და მიზანმიმართულია, რომელიც ბევრ დადებით შედეგს მოგვიტანს. . . მე მსურს კვლავ ხაზი გავუსვა ამ პროგრამის მნიშვნელობას, გზების რეკონსტრუქციის, ენერგოსისტემის რეაბილიტაციის, სიღარიბის დაძლევისა და რეგიონალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თვალსაზრისით, რადგან ყოველივე ეს პროგრესის მაჩვენებელია," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს არის თანამშრომლობა ორ ქვეყანასა და ორ ხალხს შორის, რომლებიც მსგავს ფასეულობებს იზიარებენ, საკუთარი შვილებისთვის ერთნაირი სურვილები, ოცნებები აქვთ და უზენაესი ფასეულობის - თავისუფლების ღრმად სწამთ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)