Google+

სიახლეები

05.10.2005
მიხეილ სააკაშვილმა ლატვია-საქართველოს ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაირა ვიკე-ფრეიბერგა სასტუმრო „თბილისი მარიოტში" გამართულ ლატვია-საქართველოს ბიზნეს ფორუმს დაესწრო. პრეზიდენტებმა სასტუმროს ჰოლში გამოფენილი ლატვიური და ქართული პროდუქცია დაათვალიერეს. მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა ბიზნეს ფორუმზე შეკრებილ ბიზნესმენებს მიმართა და განაცხადა:

" საქართველო უკრაინასთან ერთად უკვე ევროპული მენტალიტეტის ქვეყანად დამკვიდრდა. საქართველო ევროკავშირის და ნატოს წევრობის უეჭველი კანდიდატია.

ეს არის კარგი ფაქტორი იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკაში მოხდეს ახალი განვითარება.

საქართველოში ყაზახი ბიზნესმენების დიდი ჯგუფი იმყოფებოდა, რომლებიც ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში უზარმაზარი თანხების ჩადებას აპირებენ.

რეალურად, ქართულ ობიექტებზე არსებობს შეჯიბრი, ვინ რომელი ობიექტის განვითარებას შეეცდება. კარგი პერსპექტივებია სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ენერგო სფეროებში, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის კუთხით.

თბილისში და ბათუმში შენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტები. პირველ ეტაპზე ჩვენი ფუნქცია სახელმწიფო აპარატის კორუფციისაგან გაწმენდა იყო, მეორე ეტაპზე კი - ინფრასტრუქტურა გზები, ენერგეტიკა.

წელს პირველად საქართველოს თეორიულად არ ექნება ენერგეტიკის პრობლემა.

ჩვენ ვაშენებთ რამდენიმე ათეულ კილომეტს გზას.

მომავალ წელს საქართველოს ყველა რაიონულ ცენტრში იქნება კარგი გზა. თბილისში კი გზის პრობლემა მთლიანად იქნება მოხსნილი.

ჩვენ ვიწყებთ ახალი ავტობანის მშენებლობას და უახლოეს ორ წელიწადში თბილისი და გორი ერთმანეთს ამ ავტობანით დაუკავშირდება.

საქართველოს ფუნქცია ამაშია, განვავითაროთ ინტრასტრუქტურა, გაუხსნათ გზები და ბიზნესმენებს მივცეთ თავისუფლება. ჩვენ კი მათი უსაფრთხოება ვუზრუნველყოთ.

ჩვენ მივესალმებით თქვენს ინტერესს ქართულ ეკონომიკაში.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არცერთ თქვენგანს ქართველ პარტნიორებთან არანაირი პრობლემა არ შეექმნას.

ჩვენთვის მნიშნვნელოვანია წარმატების მაგალითების შექმნა.

თუ წელს ათი ლატვიელი ბიზნესმენი იქნება წარმატებული, ეს ნიშნავს, რომ ხვალ ორმოცდაათი იქნება, შესაბამისად ქართველ ბიზნესმენებს ყველანაირად წავახალისებთ იმისათვის, რომ ლატვიაში ეკონომიკური აქტიურობით დაკავდნენ.

გისურვებთ წარმატებულ მუშაობას.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)