სიახლეები
01.09.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახეთში სტუმრობას განაგრძობს
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგარეჯოს პოლიციის ახლადგარემონტებული შენობა დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ არც ევროპაში და არც ამერიკაში პოლიციას მსგავსი ხარისხის შენობა არა აქვს. მისი თქმით აქ წინასწარი დაკავების საკნებიც კი ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.
"ძალზე მნიშვნელოვანია, რომ პოლიციელები, რომლებიც ხალხის უსაფრთხოებას იცავენ, კარგ შენობებში ისხდნენ. მათ ყველა პირობა უნდა შევუქმნათ, რათა მოქალაქეებისა და ქვეყნის წინაშე საკუთარი მოვალეობა დაუბრკოლებლად და უკეთ შეასრულონ", - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.
საგარეჯოში მიხეილ სააკაშვილი საცურაო აუზსა და კორტებსაც ესტუმრა, ხოლო სოფელ კაკაბეთში აღდგენილი ძიუდოს დარბაზი მოინახულა.
დღესვე მიხეილ სააკაშვილმა სოფლის გამგეობას უსასყიდლოდ სამი ტრაქტორი გადასცა.
"იცით, რომ ჩვენ ღვინის ემბარგო გამოგვიცხადეს. თუმცა ჩვენი ამოცანაა, რომ ვენახი მაინც მოვაშენოთ და ღვინო მაინც ჩამოვასხათ - რაზეც შაჰ აბასმა ვერ აგვაღებინა ხელი, იმას ვერც ერთი თანამედროვე ადამიანი ვერ გაგვაკეთებინებს. რაც მთავარია არ უნდა გავტყდეთ და მუშაობა განვაგრძოთ", - განუცხადა მან სოფლის მოსახლეობას.
საქართველოს პრეზიდენტი სოფელ კაკაბეთის პირველ საშუალო სკოლასც ეწვია, იქ მიმდინარე რემონტის მდგომარეობით დაინტერესდა და რეგიონის ადმინისტრაციას სამუშაოს დასრულება 18 სექტემბრამდე მოსთხოვა.
"მე ჩემი სიტყვა უნდა შევასრულო! ამიტომ ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროთ, რათა 18 სექტემბერს ეს სკოლა პირადად ჩავიბარო", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური