Google+

სიახლეები

07.05.2007
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი ეწვია

საქართველოს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი, მეუღლესთან ერთად, ეველინ ილვესთან ერთად ეწვია. ოფიციალური დახვედრის ცერემონია საკანონმდებლო ორგანოს ეზოში გაიმართა, რის შემდეგაც ესტონეთისა და საქართველოს პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა შედგა. საუბარი საქართველოსა და ესტონეთის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა ტოომას ჰენდრიკ ილვესი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა, საპასუხოდ კი, ესტონელმა კოლეგამ მიხეილ სააკაშვილს ესტონეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდო გადასცა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები დელეგაციის გაფართოებული შემადგენლობით გაგრძელდა. ოფიციალური მოლაპარაკების დასრულებისთანავე პარლამენტის შენობაში საქართველოს პრეზიდენტმა ესტონელ კოლეგასთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც პრეზიდენტებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. პრესკონფერენციის დასრულებისთანავე ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს პირისპირ შეხვდა, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სტენოგრამის ციფრული სისტემა დაათვალიერა. მოგვიანებით, სასტუმროში „თბილისი მარიოტი" საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმის გახსნას საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტები დაესწრნენ. „ჩვენ ჩვენი ეკონომიკური რეფორმებით მივაღწიეთ იმას, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგით საქართველო რეფორმირებად ქვეყნებში 32-ე ადგილზეა. იმედი გვაქვს რომ წინ წავალთ. ხორციელდება სარკინიგზო, ნავთობისა და ბუნებრივი გაზის პროექტები. შავ ზღვას დიდი პოტენციალი აქვს. ვიმედოვნებ, რომ თქვენი ბიზნესმენები ინვესტიციას ჩადებენ თბილისსა და ბათუმში. ერთადერთი ადგილი სადაც ინვესტიციების დაცვის გარანტიას ვერ გაძლევთ, ეს ქვემო აფხაზეთია, კონფლიქტიური სიტუაციის გამო" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ტოომას ჰენდრიკ ილვესმა საკუთარი ქვეყნის ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტიციების ჩადებისკენ მოუწოდა. მან ასევე საქართველოზე დაწესებული ემბარგოს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ გამოცხადებულმა ბლოკადამ საქართველოს ხელი შეუწყო საკუთარი პროდუქციის ხარისხი გაეუმჯობესებინა იმდენად რომ, საქართველოს ნაწარმს მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ ცნობილ ბრენდებისთვის სრულფასოვანი კონკურენციის გაწევა შეუძლია.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)