Google+

სიახლეები

14.11.2007
საქართველოს პრეზიდენტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო კანცელარიაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს დავით ჩანტლაძეს შეხვდა და ზამთარში მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის თაობაზე ესაუბრა. როგორც დავით ჩანტლაძემ აღნიშნა, მოსახლეობის 60 პროცენტი უკვე უზრუნველყოფილია შეშით, თუმცა კვლავ მიმდინარეობს ტყიდან შეშის გამოტანა. მისი თქმით, არის ხელისშემშლელი პირობებიც, რაც ტყეში ცუდ გზასა და ტექნიკის ნაკლებობაში მდგომარეობს. არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტისაგან დავალებები მიიღო. მიხეილ სააკაშვილის თქმით, უახლოეს კვირეებში სოფლებში დარიგდება რამოდენიმე ასეული ტრაქტორი, ხოლო წლის განმავლობაში ეს რიცხვი 3 ათას აღემატება. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს არის დიდი ხნის გეგმა, რომელიც ახლა განხორციელდება. „იმ პირობებში, როცა საქართველოში ჯერ-ჯერობით გაზი ბევრგან მიყვანილი არ გვაქვს, ჩვენს მოქალაქეებზე შეშის გამოტანაზე ხელოვნური შეზღუდვების დაწესება არაჰუმანური და ლოგიკას მოკლებულია. უნდა დარიგდეს საპრეზიდენტო ვაუჩერი, რომელიც ითვალისწინებს 5 კუბამეტრ შეშას, ყველა ოჯახზე. ეს შეეხება რამოდენიმე ასეულ ათას ოჯახს, ვინ ცხოვრობს სოფლად. ეს არის საკმარისი იმისათვის, რომ მოსახლეობამ ზამთარი გადაიტანოს. ჩვენი ლოზუნგის და ჩემი გადაწყვეტილების თანახმად, ზამთარში არავის არ უნდა შიოდეს და არავის არ უნდა ციოდეს. დაუყონებლივ უნდა დაიწყოს ვაუჩერების დარიგება. ვინც უკვე გადაიხადა მოსაკრებელი, ის ამ ვაუჩერს გამოიყენებს მომავალ წელს. ჩვენ ხალხს ხელს ვუწყობთ ჩვენი ტყეების ეკონომიურ ათვისებაში. რასაკვირველია ყველაფერს უნდა ჰყავდეს მფლობელი, მოიჯარე და პატრონი, როცა ეს საჭიროა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხს პრობლემა შევუქმნათ. ბუნებრივი რესურსები, რაც ჩვენ გვაქვს ეკუთვნის ხალხს და ხალხმა ამით სათანადოდ უნდა ისარგებლოს" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)