საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შესახებ კომენტარი გააკეთა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ბათუმში გამგზავრებამდე საგანაგებო მგომარეობის მოხსნის შესახებ კომენტარი გააკეთა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ რვა დღის წინ, დედაქალაქში მასობრივი არეულობების, ძალადობრივი ქმედებების რეალობისა და მათი გაზრდის საფრთხის გამო, საგანგებო ვითარების შემოღების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.
"ამ დღეების განმავლობაში და დღეს საქართველოში არის აბსოლუტური სიმშვიდე, სრული წესრიგი, ცხოვრება ნორმალურად მიმდინარეობს. მინდა, განსაკუთრებულად მადლობა ვუთხრა ყველა მოქალაქეს, მთლიანად ქართველ ხალხს, რომელმაც გამოიჩინა საოცარი სიბრძნე, საოცარი გონივრულობა, თავშეკავებულობა და მთელს მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ ჩვენ ვართ ორგანიზებული, დემოკრატიული, მშვიდობიანი ხალხი, ერი და სახელმწიფო", - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ, მოიხსნება ყველანაირი შეზღუდვა პოლიტიკურ საქმიანობაზე, რომელიც ისედაც მინიმალური იყო. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ხელისფლებამ ევროკავშირს წინადადებით მიმართა, საქართველოში არჩევნების დღეს მოავლინოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი დამკვირვებლებიც, რომლებიც შეისწავლიან მედიის თავისუფლების საკითხის და მონიტორინგს განახორციელებენ.
"დამკვირვებლები დაგვეხმარებიან და ჩვენთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას ყველა სამართლებრივი დავის, ყველა სამართლებრივი საკითხის გადაწყვეტაში, რომლებიც საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის დემოკრატიულ წარმართვას უკავშირდება", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველო რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩვენების და საპარლემონტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პლებისციტის ჩასატარებლად ემზადება.
"მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული კანონები, რომლებიც გარანტირებულად აძლევს ოპოზიციას ტელეთერისა და მასმედიის გამოყენების საშუალებას. ჩვენ ვემზადებით რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისათვის. ქვეყნაში ყველა პოლიტიკურ ძალას, ყველა მოქალაქეს თავისი საქმიანობის ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე წარმართვის საშუალება ექნება. ყველამ კარგად დაინახა, რომ ჩვენ არ ვართ მშიშარა მთავრობა და საქართველოში წესრიგის დასამყარებალდ და კანონის უზენაესობის დასაცავად საქართველოს დღევანდელი მთავრობა უკან არაფერზე არ დაიხევს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური