საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე კახეთს ეწვია
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე კახეთის მხარეს ეწვია და საგარეჯოსა და გურჯაანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მიუხედავად არსებული სირთულეებისა, კახეთში ყოველთვის კარგად ესმოდათ, თუ რა სჭირდება ქვეყანას და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ყველაფერი გავაკეთოთ სტაბილურობისა და სახელმწიფოს ნორმალური განვითარებისთვის", - მიმართა საგარეჯოს თეატრში შეკრებილ საზოგადოებას ნინო ბურჯანაძემ.
შეხვედრაზე ძირითადად სოციალური საკითხები განიხილეს. იმსჯელეს მოსახლეობის წინაშე არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე, დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სხვადასხვა სოციალურ შეღავათებზე, სიღარიბის დაძლევაზე, საპრეზიდენტო სუბსიდიის პროგრამის მიმდინარეობაზე, ვაუჩერიზაციის პროცესზე და მის ეფექტურობაზე.
ვრცლად ისაუბრეს საგარეჯოს რაიონში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რაიონის ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხზე, ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესებზე და მომავალში გადასადგმელ ნაბიჯებზე.
„ხელისუფლებამ კარგად იცის, თუ რა პრობლემების წინაშე დგახართ თქვენ და რა საკითხები გაქვთ გადასაჭრელი. ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ კიდევ უფრო ბევრია გასაკეთებელი", - განაცხადა გურჯაანში გამართულ შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძემ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს მხარეში მეღვინეობის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს, სახელმწიფოს მხრიდან გლეხების მხარდაჭერისა და მათთვის გარკვეული შეღავათების დაწესების აუცილებლობას. აღინიშნა, რომ ახალ წლამდე მოსახლეობის მიერ ჩაბარებული ყურძნის დავალიანება გასტუმრებული იქნება და ამ პროცესს პირადად პრეზიდენტის რწმუნებული გააკონტროლებს.
შეხვედრაზე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ დასაქმების პროგრამის დაწყება გურჯაანში მომავალი წლის აპრილისთვის იგეგმება.
კახეთის რეგიონის მოსახლეობასთან პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა საშობაოდ დაგეგმილ შეწყალების პროცესზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ მიზნით სპეციალური ჯგუფია შექმნილი, რომელიც აღნიშნულ საკითხზე აქტიურად მუშაობს.
საქართველოში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებისთვის. მან მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათ მიერ მიღებულ სწორ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული სახელმწიფოს შემდგომი განვითარება.
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გურჯაანში ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტსაც დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა: „კახეთში ყოველთვის იცოდნენ შრომის ფასი. აქ ყოველთვის იცოდნენ ბრძოლა საქართველოს ერთიანობისთვის. როგორც წესი, პირველ დარტყმას სწორედ კახეთი იღებდა თავის თავზე. ჩვენმა არაკეთილმოსურნეებმა ვერ გატეხეს იგი. თქვენთან ერთად, ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში და გასაკეთებელი კიდევ უფრო მეტია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ყველა ერთად, ღირსეულად გავაგრძელებთ იმ აღმშენებლობას საქართველოს ერთიანობისთვის, როგორც ეს ჩვენს ქვეყანას ეკადრება. ბედნიერ, წარმატებულ და გაბრწყინებულ საქართველოს გისაურვებთ".
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური