სიახლეები
20.12.2007
ნინო ბურჯანაძე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა
„მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ აქტიური მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენი სახელმწიფოები და პირადად თქვენ, საქართველოში დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობის ხელშესაწყობად იჩენთ", - განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
მისი თქმით, საერთაშორისო დამკვირვებელთა მხრიდან 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესის მონიტორინგი არჩევნების გამჭვირვალედ და ობიექტურად ჩატარების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია.
ნინო ბურჯანაძემ სტუმრებს ინფორმაცა მიაწოდა საქართველოს ხელისუფლებისა და პირადად მისი საქმიანობის შესახებ, რომელსაც წინასაარჩევნო პროცესის სტაბილურ გარემოში წარმართვისა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მიზნით ახორციელებს. ისაუბრა აღნიშნული მიმართულებით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში ცხელი ხაზის ფუნქციონირებისა და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ სატელეფონო საუბრებზე, რომელსაც არჩევნების პროცესში მრავალრიცხოვან დამკვირვებელთა ჩართვის მიზნით მეგობარი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან და სხვა უმაღლეს პირებთან მართავს.
„მზად ვართ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ ნებისმიერი სახის დარღვევის პრევენციის მიზნით", - განაცხადა შეხვედრაზე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური