სიახლეები
04.08.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ალექსანდრე სოლჟენიცინის გარდაცვალების გამო, მის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა როგორც საკუთარი, ისე მთელი ქართველი ერის სახელით ღრმა მწუხარება გამოთქვა დიდი რუსი მწერლის ალექსანდრე სოლჟენიცინის გარდაცვალების გამო.
სამძიმრის წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მწერლის მეუღლეს, ნატალია სოლჟენიცინას გაუგზავნა, ნათქვამია:
"ქართველი ერისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გითანაგრძნობთ თქვენი მეუღლის, უდიდესი რუსი მწერლის ალექსანდრე სოლჟენიცინის გარდაცვალების გამო.
ამ ქვეყნიდან წავიდა გამოჩენილი ადამიანი და მოაზროვნე, რომლის სახელი ყოველთვის ემახსოვრება მათ, ვისაც რუსული ლიტერატურის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია და მათ, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლებისა და ადამიანური ცხოვრების ფასეულობები.
ალექსანდრე სოლჟენიცინი მარტოდმარტო დაუპირისპირდა ტოტალიტარიზმსა და კომუნისტურ მონობას და მორალური გამარჯვება მოიპოვა ამ, თითქოსდა, უიმედო ბრძოლაში საბჭოთა კავშირის ბელადებთან.
ის, რომ ქართველი ხალხი დღეს თავისუფალია, ამ დიდი ადამიანის დამსახურებაცაა.
მისი სიტყვები "ცხოვრება სიცრუის გარეშე" ყოველი პატიოსანი ადამიანის დევიზი გახდა.
ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი ღრმა მწუხარება.
მთელი საქართველო გლოვობს თქვენთან ერთად."
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური