Google+

სიახლეები

09.08.2008
საქართველოს პრეზიდენტის 9 აგვისტოს ბრძანებულება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობისა და სრული მობილიზაციის გამოცხადების შესახებ

ბოლო დღეების განმავლობაში ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე არსებული ვითარება უაღრესად გამწვავდა. ადგილი აქვს სეპარატისტების მხრიდან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მასობრივ დარღვევას, მშვიდობიან მოსახლეობაზე შეიარაღებული თავდასხმისა და ძალადობის ფაქტებს. ამ ქმედებების შედეგად არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და მშვიდობისმყოფელებში. ათეულობით ადამიანი დაჭრილია. განადგურებულია მშვიდობიანი მოსახლეობის საკუთრება.

მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა _ ცალმხრივად შეეწყვიტა ცეცხლი და შეთავაზებული წინადადებისა _ გამართულიყო სამშვიდობო მოლაპარაკებები, სეპარატისტების მიერ 7-8 აგვისტოს განხორციელდა მასირებული შეტევა მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით. საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოყენებულ იქნა აუცილებელი და ადეკვატური ზომები შეიარაღებული თავდასხმის აღსაკვეთად.

სეპარატისტების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ქმედებები აქტიურად იქნა მხარდაჭერილი რუსეთის ფედერაციის მიერ. კერძოდ, 8 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან როკის გვირაბის გავლით საქართველოში შემოვიდა ასეულობით სამხედრო პირი და სამხედრო ტექნიკა.

8 აგვისტოს, დღის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციის სამხედრო საფრენმა აპარატებმა არაერთგზის დაარღვიეს საქართელოს საჰაერო სივრცე და განახორციელეს ქარელის, გორის და მათი მიმდებარე სოფლების, ასევე ცხინვალის რეგიონის სოფლების, ვაზიანის სამხედრო ბაზისა და მარნეულის სამხედრო აეროდრომის დაბომბვა, რასაც მოჰყვა მსხვერპლი მშვიდობიანი მოსახლეობაში და დაზიანდა შენობა-ნაგებობები. მოგვიანებით ასევე დაიბომბა სენაკის აეროპორტი, სამხედრო ბაზა და რკინიგზის სადგური, ასევე ფოთის პორტი, გემსაშენი ქარხანა და სარკინიგზო კვანძი. 9 აგვისტოს დაიბომბა კოპიტნარის აეროპორტი, ქ. გორის რკინიგზის სადგური და საცხოვრებელი სახლები, რასაც მოყვა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. უკანასკნელ საათებში რუსეთმა აგრესიული ქმედებების განხორციელება დაიწყო აფხაზეთის მიმართულებითაც. აღნიშნული ტერიტორიების უმრავლესობა განლაგებულია ცხინვალის რეგიონიდან 200-300 კილომეტრის დაშორებით. შესაბამისად რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესიული ქმედებები მნიშვნელოვნად გასცდა კონფლიქტის ტერიტორიას და მოიცვა პრაქტიკულად მთელი საქართველო.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სახეზეა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ფაქტი, რომელიც ატარებს როგორც ირიბ, ასევე პირდაპირ ხასიათს.

ირიბი თავდასხმა გამოიხატა სეპარატისტული ძალების სრულ მხარდაჭერაში, მათი სამხედრო აღჭურვილობითა და ტყვია-წამლით მომარაგებაში, რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პირების მიერ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მაღალი თანამდებობების დაკავებაში (თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, უშიშროების საბჭოს მდივანი, პრემიერ-მინისტრი). პირდაპირი სამხედრო თავდასხმა რუსეთის ფედერაციის მხრიდან გამოიხატა აქტიური, ინტენსიური და განგრძობადი საბრძოლო მოქმედებების წარმოებით, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიის საჰაერო სივრცის არაერთგზის დარღვევით და მასირებული დაბომბვით. ასევე გამოყენებულ იქნა შავი ზღვის საზღვაო სამხედრო ძალები და სამხედრო სახმელეთო შენაერთები. ეს ქმედებები, თავისი ხასიათითა და მასშტაბით, სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართლით აღიარებული "შეიარაღებული თავდასხმის" დეფინიციას და სწორედ ამგვარად უნდა იქნეს კვალიფიცირებული.

აღნიშნულ ვითარებაში, არსებული საფრთხის საპასუხოდ, ერთადერთ ადეკვატურ და, შესაბამისად, აუცილებელ ზომას წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლით, გაეროს წესდების 51-ე მუხლით და საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლით განმტკიცებული თავდაცვის უფლების გამოყენება.

ამდენად, არსებობს ძალის გამოყენების აუცილებლობა, რომელიც იქნება საქართველოს მიმართ განხორციელებული თავდასხმის პროპორციული და მიმართული იქნება შეიარაღებული თავდასხმის შეჩერებისაკენ და სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილებისაკენ.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რეგიონში დესტაბილიზაციის, მშვიდობიან მოსახლეობაზე შეიარაღებული თავდასხმისა და ძალადობის ფაქტების აღკვეთის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, 98-ე მუხლის და მე-100 მუხლის პირველი პუნქტის, "საომარი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონისა და "მობილიზაციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. გამოცხადდეს საომარი მდგომარეობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

2. საომარი მდგომარეობის მოქმედების ვადა განისაზღვროს 15 დღით.

3. საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოცხადდეს სრული მობილიზაცია და შეიარაღებული თავდასხმის აღსაკვეთად გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამხედრო ძალები.

4. ბრძანებულება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ხოლო შემდგომ (ერთი დღის განმავლობაში) ყოველ 2 საათში ერთხელ გადაიცეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით.

5. ბრძანებულება 48 საათში წარედგინოს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.

6. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ეკა ტყეშელაშვილი) საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს.

7. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.

მიხეილ სააკაშვილი


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)