Google+

სიახლეები

06.11.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარი გორის რაიონიდან გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის რაიონის სოფელ ხურვალეთს ესტუმრა და ხვნა-თესვის სამუშაოებს დაესწრო. USAID-ის მხარდაჭერით კონფლიქტის ზონაში მყოფ 10 ათაზე მეტ გლეხს ვაუჩერები დაურიგეს, რომელთა მეშვეობით მათ სასოფლო-სამეურნეო დახმარება და პროდუქცია უფასოდ მიიღეს.

"ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ ასე გვჭირდება ჩვენი ჯიშების გაუმჯობესებაა. პრობლემაა ის, რომ ჩვენ მოძველებული ჯიშები გვაქვს. მომავალ წელს საქართველოში ტრაქტორების რაოდენობას, პრაქტიკულად, გავაორმაგებთ. ყველა მეურნეობაში, დიდი იქნება ის თუ პატარა, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ტრაქტორის იაფი მომსახურება. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი, რომლის გადადგმას ჩვენს სოფელს დავპირდით და მსოფლიო კრიზისის და საბიუჯეტო სიძნელეების მიუხედავად, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ეს მნიშვნელოვანია სოფლისთვის, ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქალაქში სოფლის მეურნეობის პროდუქცია შეძლებისდაგვარად გაიაფდეს, ხელმისაწვდომი გახდეს და მსოფლიო ბაზრებზე გავიდეს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტ მედვედევის განცხადებასთან დაკავშირებით, გააკეთა კომენტარი. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეს რუსეთის მხრიდან ღია აგრესიისა და იმის დადასტურება, რომ რუსეთი კონფრონტაციას მთელ მსოფლიოს უცხადებს.

"რუსეთის ახალი დოქტრინა ნიშნავს დემოკრატიულ სამყაროსთან ახალი, უზარმაზარი კონფრონტაციის დაკანონებას. რუსეთის აგრესიის თავიდან ასაცილებლად ჩვენ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით; მაგრამ თუკი რაიმე კითხვა შეიძლებოდა გამჩენოდა პირადად მე იმასთან დაკავშირებით, შეიძლებოდა თუ არა ამ მიმართულებით კიდევ რაიმეს გაკეთება, გუშინდელმა დღემ და გუშინდელმა განცხადებებმა ყველა კითხვა და ეჭვი საბოლოოდ გააქრო. ეს ხალხი თავიდანვე გამალებულ კონფრონტაციაზე, საომარ რიტორიკასა და მოქმედებებზე წავიდა თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყნებთან. ეს გეგმა მათ თავიდანვე ჰქონდათ შემუშავებული. სამწუხაროდ, როგორც ეს ისტორიულად ხშირად ხდებოდა, საქართველო ამ ბრძოლის პირველ ხაზზე აღმოჩნდა - სამწუხაროდ, ასეთია ჩვენი გეოგრაფია და ასეთია ჩვენი ისტორია. ჩვენ გავუძელით შემოტევების უმეტეს ნაწილს და მათ ვერ შეძლეს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს განადგურება. თუმცა ისინი კვლავაც განაგრძობენ მთელი მსოფლიოს დაშანტაჟებას და მთელ მსოფლიოსთან სამხედრო თამაშებს. ხდება სწორედ ის, რასაც ვვარაუდობდი - ის, რაც საქართველოში ღიად დაიწყო, ყველგან - ჩვენი მეგობრებისა და მეკავშირეების მიმართულებით გრძელდება. ასე რომ, ეს მარტო ჩვენი ბრძოლა არ არის, ეს ბრძოლა ჩვენი მხოლოდ ნაწილობრივაა. თუმცა ჩვენთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან აგრესია სწორედ ჩვენ წინააღმდეგ ხორციელდება. უკვე მიმდინარეობს ავტორიტარული, თავზეხელაღებული ძალების ბრძოლა, დემოკრატიისა და პროგრესის წინააღმდეგ. არ შეიძლება, რომ ისინი საბოლოოდ არ დამარცხდნენ და რაც უფრო გათავხედდებიან, რაც უფრო მეტად აიღებენ თავზე ხელს, რაც უფრო მეტს ქვეყანას დაემუქრებიან და მეტ რაკეტას დააყენებენ, მით უარესი მათთვის! თანაც, ეს არის ისკანდერის ტიპის რაკეტები, რომლებიც ათეულობით გაისროლეს საქართველოში. საბჭოთა კავშირი მხოლოდ იმუქრებოდა - აყენებდა რაკეტებს და შემდეგ უკან გაჰქონდა, ესენი აყენებენ და ისვრიან კიდეც - საქართველოში ამის მაგალითები მრავლად ვნახეთ. თუკი ევროპას ამასთან დაკავშირებით რაიმე ილუზია ჰქონდა, ჯობს გამოფხიზლდეს და ნათლად დაინახოს თუ რა ძალასთან აქვს საქმე. საქართველო ნამდვილად არ იყო გამონაკლისი და ცალკეული იზოლირებული შემთხვევა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)