საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელვაჩაურში ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პრეზენტაციას დაესწრო
კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიამ" ხელვაჩაურში ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური დაესწრნენ.
" საქართველო უკეთესად უძლებს მსოფლიო კრიზისს, ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყნები, მაგრამ ჩვენ ასევე ბევრი სიძნელისა და სირთულის გადალახვა გვიწვეს. ამ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობასთან ერთად იმერეთს, აჭარას, რაჭას, გურიას, სამეგრელოს პრაქტიკულად ელექტროენერგიის პრობლემა ეხსნება. ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანება. კოლექტიური მრიცხველები არაცივილიზებულია, ეს არის წარსულის გადმონაშთი. ჩვენ გჭირდება, ყველა ოჯახში იყოს კმაყოფილება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
დღესვე აჭარაში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა ობამასა და მედვედევის სეხვედრასტან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ სამხედრო აგრესიის საფრთხე აღარ არსებობს. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ობამასა და მედვედევის შეხვედრაზე საქართველოს საკითხი ძალიან მნიშვნელოვან დონეზე იყო დაყენებული.
საქართველოს პრეზიდნეტის განცხადებით, სამხედრო ხომალდის შემოსვლა ბათუმში ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან მეგობრობის დადასტურებაა, მოლაპარაკებები იწყება საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმაზეც.
ამერიკის სამხედრო საზღვაო ფლოტის ხომალდის საქართველოს საზღვაო აკვატორიაში შემოსვლა არის ამერიკის ახალი ადმინისტრაციის რეალური და სტაბილური მხარდაჭერის გამოხატულება - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
"მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ გუშინ ობამა-მედვედევის შეხვედრაზე, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ვერ მოხდა შეთანხმება, დაფიქსირდა აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა საქართველოს ოკუპაციის საკითხი პრიორიტეტების სიაში ძალიან მაღლა დგას. მე ამას ავღნიშნავ კმაყოფილებით იმის გამო, რომ რუსეთში ვიღაცას ჰქონდა რაღაც ილუზიები, რომ მოხდებოდა საქართველოს გაყიდვა ავღანეთის და ირანთან პოზიციების სანაცვლოდ. მსგავსი არაფერი არ მოხდა.
მე მაქვს ინფორმაცია ვაშინგტონიდან, რომ ამ შეხვედრაზე საქართველოს საკითხი ძალიან მნიშვნელოვან დონეზე იყო დაყენებული. ჩვენ გვაქვს ამ ადმინისტრაციის მყარი მხარდაჭერა. ორი დღის წინ, საქართველოში იმყოფებოდა ამერიკელი გენერალი. ჩვენ გადავდივართ სტრატეგიის ახალ გეგმაზე, რაც პრატქიკულად ასევე გულისხმობს ახალი დონის ქართული არმიის შექმნას.
ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, საქართველოს სჭირდება ძლიერი მოკავშირეები, საქართველოს სჭირდება შემდგომი განვითარება და საქართველოს სჭირდება მეგობრებთან ხელის ჩაკიდება იმისათვის,
რომ პრობლემები გამოირიცხოს. ამ სიტუაციაში, განსაკუთრებით გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, პრაქტიკულად გამოვრიცხავ რაიმე სახის რუსულ სამხედრო ავანტიურებს საქართველოს მისამართით.
და მეორე, რა თქმა უნდა, საქართველო არ იქნება ბედნიერი მანამ, სანამ არ მოხდება საქართველოს დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიიდან არ გავა ბოლო დამპყრობელი ჯარისკაცი." -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტი ქობულეთში ჩავიდა. მიხეილ სააკაშვილმა მაღალმთიან სოფელ ხუცუბანში შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, სადაც 22 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.
"მალე გაიხსნება წვენების ქარხანა, ფოთში ვაკეთებთ დიდ სასაწყობე მეურნეობას, თქვენ ახალი გზით შეძლებთ პროდუქციის გატანას, რაც უფრო იაფი დაგიჯდებათ. მოხარული ვარ, რომ თქვენი ოჯახის წევრების ნაწილი მაინც დასაქმებულია. ჩემთვის ამდენი უმუშევარი ადამიანი ნამდვილი ტრაგედიაა" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამ