Google+

სიახლეები

06.04.2009
საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში ადგილობრივ ბიზნესმენებს შეხვდა

დღის ბოლოს, საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში ადგილობრივ ბიზნესმენებს შეხვდა.

"ჩვენ ძალიან რთულ ვითარებაში კონკრეტული შედეგები მივიღეთ რამდენიმეწლიანი რეფორმების, რამდენიმეწლიანი თავდაუხრელი მუშაობის წყალობით. მსოფლიოში კრიზისი მძვინვარებს - ინვესტორები, როგორც კლასი, ფაქტობრივად, გადაშენდა და ძალიან ცოტა დარჩა. არის საშინელი შეჯიბრი, ვინ მოიზიდავს ფულს. როდესაც ჩვენს ეგვიპტელ პარტნიორებს ველაპარაკებოდით, ვეუბნეოდით, რომ დაგვიწერეთ რეალისტური ციფრები და არა ყალბი დაპირებები. ყველაზე კონსერვატიული ციფრი, რაც მათ დადეს, მილიარდ 200 მილიონი დოლარია, 2 წლის განმავლობაში. მილიარდ 200 მილიონდოლარიანი ინვესტიცია ქუთაისში არ განხორციელებულა ალბათ არასდროს... სულ უფრო მეტი ინვესტიცია შემოდის ინდოეთიდან. ინდოელებმა შეიძნეს 2 ლოტი. კრიზისის მიუხედავად ინდოეთის ეკონომიკა წელს 5-6 პროცენტით მაინც იზრდება, რაც მათ საინვესტიციო რესურსს აძლევს, დღეს ქუთაისში იქმნება ინდუსტრიული ზონა, რომელიც უახლოეს თვეებში და 1 წლის განმავლობაში 5000 ქუთაისელს დაასაქმებს. მშენებლობაზე, რომელსაც ახლა განვაახლებთ, ვამატებთ 2-3 ათას სამუშაო ადგილს. მეტალურგიაში გაჩნდება 1000 სამუშაო ადგილი. ჩემი გათვლებით, ამ ინდუსტრიული ზონის ფარგლებში, ქუთაისში შევქმნით 20-25 ათას, მუდმივ ანაზღაურებად სამუშაო ადგილს. ეს არის ჩვენი შანსი, რომ საქართველო გამოძვრეს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან არა დასუსტებული, არა დამშეული, არა უკანდაბრუნებული, არამედ გაძლიერებული და ფეხზე დამდგარი.

"საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, რაც ყველაზე დიდი ტრაგედიაა ჩემთვის, თუმცა საქართველოს წინ ბევრი გამოწვევა აქვს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ გამართულ ნატო-ს სამიტზე გაამახვილა ყურადღება.

"ამერიკის წინა ადმინისტრაციას არასდროს არ გაუკეთებია ამის ნახევარი განცხადებებიც, რაც ახლა გააკეთა პრეზიდენტმა ობამამ. წინა ადმინისტრაცია ამბობდა ასე - "ძალის გადამეტება". ძალის გადამეტება კი არ თქვა ობამამ - "შეჭრა, აგრესია და ოკუპაცია" - ყველაფერს თავის სახელი დაარქვა. ეს არის მხარდაჭერა", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მხარდაჭერაა ისიც, რომ ნატო-მ პირდაპირ თქვა - საქართველო შევა ნატო-ში ე.წ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან ერთად.

მისი თქმით, როდესაც ქვეყანა წარმატებულია, მასთან მეგობრობა ყველას სურს, ამიტომ ყველა დაგეგმილი პროექტი უნდა განხორციელდეს - აშენდეს გზები, რკინიგზა, ცათამჯენები...


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)