Google+

სიახლეები

07.05.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრაღაში ევროკავშირის სამიტს დაესწრო

დღეს პრაღაში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი დასრულდა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა. სამიტზე ხელი მოეწერა ევროკავშირის ახალ ინიციატივას - აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას და მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც საქართველოს სტატუსი განისაზღვრა, როგორც ევროპული ქვეყანა. მიხეილ სააკაშვილმა ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. ჩეხეთისა და ევროკომისიის პრეზიდენტების გარდა, იგი ბიზნესწრეების წარმომადგენლებსაც შეხვდა. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟოზე მანუელ ბაროზომ განაცხადა, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობა" საუკეთესო იარაღია ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებთან დაახლოებისთვის.

"ეს პროგრამა დაეხმარება 6 ქვეყანას იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც საჭირო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად არის აუცილებელი", - განაცხადა ბაროზომ.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ეს ინიციატივა არის ევროპის პასუხი აგვისტოს აგრესიაზე.

საქართველო ევროკავშირის ყოვლისმომცველი ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ევროკავშირის სახელმწიფოებთან სავიზო რეჟიმის გამარტივება, თავისუფალი ვაჭრობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება. ქართული მხარის მოთხოვნით, დეკლარაციაში კონფლიქტების დარეგულირების საკითხი შეიტანეს.

"დღეს საქართველოსთვის მართლაც ისტორიული დღეა, რადგან, რეალურად, ინიციატივა - "აღმოსავლეთის პარტნიორობა" არის ევროპის პასუხი აგვისტოს აგრესიაზე. ევროკავშირის სამიტზე დღეს პირველად საქართველოს რეგიონალური წარმომადგენლობა მაგიდასთან თანასწორად დასვეს ევროკავშირის ლიდერების პირისპირ. ჩვენ ვხვდებით ევროკავშირის სივრცის ინსტიტუციონალური ნაწილი. ეს ნიშნავს იმას, რომ უახლოეს პერიოდში ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შანსი გვეძლევა. ე.ი. საშუალება მოგვეცემა ევროპაში 2-3 ჯერ მეტად გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია, ვიდრე დღეს გაგვაქვს. ეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა. ამასთან, იმ ფულის გარდა, რომელსაც ვიღებთ, საქართველოს დასახმარებლად დამატებით კიდევ ასობით მილიონი წამოვა. იმედია, წელსვე გამარტივდება სავიზო რეჟიმი და ევროპაში შესვლა ბევრად უფრო მარტივად შეგვეძლება. ქართველებს ბარიერი აღარ ექნებათ ევროკავშირში შესასვლელად და ევროპაში სამოგზაუროდ საელჩოების გრძელ რიგებში დგომა და მუდმივი დამცირება აღარ მოუწევთ. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვნი წინგადადგმული ნაბიჯი.

"იმ პირობებში, როდესაც საქართველოში უნდა იყოს სტაბილურობა და გაგრძელდეს განვითარება, ჩვენ ვხდებით ახალი სივრცის ნაწილი. ჩვენ დსთ-დან გამოვედით და ახლა შევდივართ იქ, სადაც ბევრად დიდი ბაზარი, მეტი კეთილდღეობა და პერსპექტივებია. ეს არის ევროპის საერთო სივრცე. პირადად მე მიმაჩნია, რომ იმ უბედურების მიუხედავად, რომელიც თავს გადაგვხდა - ჩვენი ტერიტორიების ნაწილი დღესაც ოკუპირებულია - ამ ეტაპზე ეს არის ევროპის ძალზე ღირსეული პასუხი, შესაძლოა ცოტა დაგვიანებულიც", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)