სიახლეები
01.07.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შავი ზღვის უნივერსიტეტის ახალი კომპლექსის მშენებლობა გახსნა
შავი ზღვის უნივერსიტეტის შენობის საძირკველი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს სიმბოლურად ჩაასხა. მიხეილ სააკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ სტუდენტური ქალაქი საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდება.
"საქართველო, უწინარეს ყოვლისა უნდა იყოს განათლებულობის, მოდერნიზაციის, თანამედროვეობისა და მომავალზე ორიენტირებული საზოგადოების სიმბოლო. მომავალზე ორიენტაცია კი, მხოლოდ განათლების მეშვეობით არის შესაძლებელი. ჩვენ გვინდა მსოფლიოში გამორჩეული, სამაგალითო და საუკეთესო შენობა აშენდეს არა ლონდონში, არა ნიუ იორკში, არა რომელიმე სხვა ქვეყანაში, არამედ - აქ, საქართველოში. სწორედ დღეს ვიწყებთ ასეთი განსაკუთრებული უნივერსიტეტის განსაკუთრებული შენობის აშენებას. ამ უნივერსიტეტს სამმაგი დანიშნულება აქვს. პირველი ეს არის საგანმანათლებლო კერა; მეორე - ინვესტიცია ქართულ ეკონომიკაში, რადგან ამ კომპლექსის ასაშენებლად და შემდეგ მისი ფუნქციონირებისთვის რამდენიმე ათეული მილიონი იდება, რაც უზრუნველყოფს ხალხის დასაქმებას; მესამე უპირატესობა არის ის, რომ ეს უნივერსიტეტი რეალურად თბილისის და საქართველოს სავიზიტო ბარათია. იმ ხალხის გასაგონად მინდა ვთქვა, ვინც ქილიკობს და ამბობს, რომ უცხოეთში ყველაფერი უკეთესია და ჩვენ ვერასდროს ვერ შევძლებთ იგივეს გაკეთებას. ქალბატონებო და ბატონებო, სკეპტიკოსებო, უიმედობა და უპესპექტივობა განვლილი პერიოდია. საუკეთესოსთვის ამიერიდან თბილისში ჩამოდით. საქართველო საუკეთესო სტანდარტებს ქმნის განათლების, მშენებლობის, ინფრასტრუქტურასა და სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით. მინდა დღეს გავხსნათ ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა ევროპაში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური