სიახლეები
07.09.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მედეა ჩახავას ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა
"ვწუხვარ შესანიშნავი მსახიობისა და უმშვენიერესი ქალბატონის - მედეა ჩახავას გარდაცვალების გამო.
მან მთელი ეპოქა შექმნა ქართულ თეატრში და ქართული ნიჭი, კდემამოსილება, ტრადიციები ჩვენამდე სცენური უბრალოებით, გამორჩეული ზომიერებითა და ეშხით მოიტანა. ბევრი რამ, რაც მან სცენისთვის შექმნა - იყო ნამდვილი ხელოვნება. იგი ბოლომდე საოცრად მომხიბვლელი, ამაღლებული და ნატიფი დარჩა თითოეული ჩვენგანისათვის.
დარწმუნებული ვარ, მის მიერ განსახიერებული ყველა როლი სამუდამოდ დაიმკვიდრებს ადგილს ქართული თეატრისა და კინოს ისტორიის საგანძურში.
თანაგრძნობას ვუცხადებ მის დიდ ოჯახს, ახლობლებს, ვუერთდები ქართული თეატრის გულშემატკივართ, სრულიად საქართველოს და თქვენთან ერთად ვიზიარებ მისი გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილსა და მწუხარებას".
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი